საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2021 წლის ყინვებით აგრარული სექტორის დაზარალების შემდეგ, ქვეყნის ღვინის წარმოების აღდგენას პროგნოზირებს. თუმცა, ქვეყანაში გვალვის გამო წარმოების მოცულობის შემცირების საფრთხე კვლავ არსებობს.
მიმდინარე წელს, საფრანგეთის უმეტეს რეგიონში, შარშანდელთან შედარებით ვაზის ყვავილობისთვის ბევრად ხელსაყრელი ამინდები დაფიქსირდა. გამონაკლისია სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, რომელიც ყინვით და სეტყვით დაზარალდა. სამინისტროს პროგნოზით, 2022 წელს ღვინის წარმოება 13-21%-ით, საშუალოდ 42.6 მილიონი ჰექტოლიტრიდან 45.6 მილიონ ჰექტოლიტრამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ჰექტოლიტრი 100 ლიტრის, შესაბამისად 133 სტანდარტული ღვინის ბოთლის ეკვივალენტურია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, არსებული მონაცემებით, ღვინის წარმოება თითქმის ყველა რეგიონში იზრდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გვალვები ტერიტორიაზე მოსავლის აღებამდე შენარჩუნდება, წარმოების შემცირების საფრთხე მაინც გაიზრდება. საგულისხმოა, რომ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორი ევროკავშირში უმსხვილესია.
ზემოთ ხსენებული ანგარიშის თანახმად, მშრალმა და თბილმა ამინდმა, მიმდინარე წელს, ვაზზე დაავადების გავლენა შეამცირა, რამაც რთველის ჩვეულებრივზე ადრე დაწყებაც უნდა განაპირობოს.