უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი რეფორმები გაატარა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტის შექმნის კუთხით. ეს რეალობაა. თუმცა რეალობაა ისიც, რომ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც, რომლებიც ობიექტურად უნდა შევაფასოთ და შესაბამისი მიმართულებით ვიმუშაოთ.
პრობლემები, რომლებიც აფერხებს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ, მდგრად და რაც მთავარია ინკლუზიურ განვითარებას, უფრო ღრმა, გლობალური, ფუნდამენტალური და ინსტიტუციონალური ხასიათისაა, ვიდრე ყოველდღიური, ამწუთიერი პრობლემები. მე რამდენიმეს გამოვყოფ. ესენია:
1) ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა: დღეს საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა დაბალკონკურენტულია და ვერ პასუხობს სახელმწიფოს და საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი თითქმის 3/4-ით დამოკიდებულია იმპორტზე, საზღვარგარეთულ საქონელზე, შესაბამისად, ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგი არის ვაჭრობა (მშპ-ის დაახლოებით 16%), არასაკმარისადაა წარმოდგენილი მრეწველობა (მშპ-ის დაახლოებით 17%) და მომსახურების სექტორი. ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, უფრო მეტიც, ასე საქართველოს ეკონომიკა ვერასოდეს დაძლევს იმ ჩამორჩენას, რომელიც დღეს გვაქვს ევროპის ქვეყნებთან. დღეს ხელისუფლება ცდილობს წაახალისოს ექსპორტი, გვაქვს ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამები, იგეგმება რიგი ღონისძიებები, მაგრამ უფრო მარტივი და ამავდროულად უფრო იაფი იქნებოდა იმპორტის ჩანაცვლების მხარდაჭერა, მაკროეკონომიკური ეფექტი კი იგივე გვექნებოდა და თანაც, ჩემი აზრით, უფრო სწრაფად.
2) სოფლის მეურნეობა და მიწის რეფორმა: უმნიშვნელოვანესი საკითხია. სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 45%, იქმნება მშპ-ის მხოლოდ დაახლოებით 9% და მიუხედავად უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერისა, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში მცირდება. თავისთავად ხვედრითი წილის შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს: გერმანიაში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში დახლოებით 0.8%-ია, აშშ-ში – 1.2%, საფრანგეთში – 1.8%, თურქეთში – 28%, ბულგარეთში – 30%. მთავარია გამოშვება, ანუ სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქციის მოცულობა. ჩვენ თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები პრაქტიკულად არ გვაქვს ამ სექტორში, შრომის ნაყოფიერება ძალიან დაბალია. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ დღეისათვის ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების საშუალო ფართობია 1.2 ჰექტარი, ხოლო სავარგულების უდიდესი ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს ხელშია და ამოვარდნილია კვლავწარმოების პროცესიდან. ასეთ ვითარებაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. მიწა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს კერძო მესაკუთრის ხელში (ცალკეული გამონაკლისების გარდა), ფერმერული მეურნეობები კი უნდა გამსხვილდეს. სხვანაირად სოფლის მეურნეობა საქართველოში ვერასოდეს გახდება სიცოცხლისუნარიანი, მზარდი და წარმატებული.
3) რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა: რა მდგომარეობაა ამ კუთხით? ჩვენ გვაქვს ერთი თავკომბალა თბილისი, სადაც კონცენტრირებულია მოსახლეობის დაახლოებით 35% და ბიზნესსექტორის დაახლოებით 75% (შედარებისთვის ვიტყვი: ნიუ-იორკის წილი აშშ-ის ეკონომიკაში 9%-ია, ლონდონის წილი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში – 22%, ტოკიოს წილი იაპონიის ეკონომიკაში – 32%, ერევანზე სომხეთის ეკონომიკის 41% მოდის). კიდევ ერთი პარადოქსი: თბილისში უმუშევრობის დონე ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად დაახლოებით 21%-ია, სოფლად კი – 5% (!), თუმცა რეალურად ხომ ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრებისა და შემოსავლების დონე მკვეთრად დაბალია და სწორედ ამიტომ თითქმის ყველა ცდილობს, თბილისში ჩამოვიდეს და რამენაირად აქ დასაქმდეს.
4) ურბანიზაცია: ისევ თავკომბალა თბილისი. არის ასევე ბათუმი, სადაც მოსახლეობისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა იკვეთება. აქტივობის მცირედი ზრდა შეიმჩნევა ქუთაისშიც. ასეთი მდგომარეობა ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ამავდროულად ეს კომპლექსური და გრძელვადიანი საკითხია. მოგვწონს თუ არა ჩვენ, პერსპექტივაში საქართველო ვერ გაექცევა სოფლის მოსახლეობის შემცირებისა და ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტენდენციას. სხვანაირად ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება არათუ გლობალურ, არამედ რეგიონალურ დონეზეც კი. ასეა მთელ მსოფლიოში (მაგ. აშშ-ში სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 18%, ევროკავშირის ფარგლებში – 25%, შვეიცარიაში – 26%, თურქეთში – 26%, ჩვენს მეზობელ სომხეთში – 37%, საქართველოში კი დაახლოებით 45%). ამ კუთხით სახელმწიფომ გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და ტაქტიკა ჩამოაყალიბოს. აუცილებელია მდგომარეობისა და პერსპექტივის შესწავლა ეკონომიკური, სოციალური, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით და ა.შ., რათა მოხდეს იდენტიფიკაცია იმ ქალაქების (მაგალითად: ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, თელავი, გურჯაანი, გორი, ახალქალაქი), სადაც სათანადო პირობების შექმნა და ბიზნესისა და სამუშაო ძალის გადანაწილებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით კარგი იქნებოდა, მაგალითად, მუნიციპალური სახლების/ბინების მშენებლობა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემა, გარკვეული შეღავათებისა და სტიმულირების ფორმების შემოღება (მაგალითად, მხოლოდ ამ ქალაქებში განხორციელებულ ბიზნესპროექტებისთვის მიწის 1 ლარად გადაცემა) და სხვ.
5) ტექნოლოგიები: თანამედროვე ტენდენციებიდან და რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე აქტიურად უნდა ვიფიქროთ (და არა მხოლოდ ვიფიქროთ), რომ საქართველო ახალი ტექნოლოგიების, ციფრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ფინანსური ტექნოლოგიების, გნებავთ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების კლასტერად ვაქციოთ. ამ დარგის ცალკეულ მიმართულებებს ჰყავს როგორც მეხოტბეები, ასევე მოწინააღმდეგეები, საქართველოს კი აქვს როგორც გარკვეული უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც. თუმცა მთლიანობაში, ვფიქრობ, ეს მომავალია, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებია, ჯერ კიდევ „ყამირია“ და აქ საქართველომ საკუთარი ნიში, ადგილი დროულად უნდა დაიმკვიდროს.
6) ტრანსპორტი: საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა საქართველო სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბდეს. გარკვეული შედეგები უკვე გამოკვეთილია. მომავალში, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის, ანაკლიის პორტის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების პერსპექტივის გათვალისწინებით შესაძლებლობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. თუმცა არის ერთი მიმართულება, რომელიც, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ყურადღების მიღმაა. ეს არის საბორნე-სატვირთო კავშირი შავი ზღვის გავლით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან (რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა). საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირები და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როგორც სატრანსპორტო ჰაბის როლს და ადგილს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონალური მასშტაბით. აი, ასეთი მიმართულებები ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას.
7) ბაზრის მოცულობა: კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში (პოლიტიკური სტაბილურობა, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესის დაწყების სიმარტივე, დაბალი გადასახადები და სხვ.), ის მაინც შეზღუდულია იმით, რომ ცალკე აღებული არის ძალიან პატარა ბაზარი როგორც მოსახლეობის (დაახლოებით 3.7 მლნ), ასევე შრომითი ძალის (დაახლოებით 1.2 მლნ), ეკონომიკის მოცულობის, ერთობლივი მოთხოვნის და ა.შ. თვალსაზრისით. ბოლო წლებია, საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმა ე.წ. „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები“ ევროკავშირთან და ჩინეთთან, მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან. ეს გაცილებით მეტ პერსპექტივას ქმნის ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ იგი ეხება საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ ექსპორტს და იმპორტს და არა სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას. მიმაჩნია, რომ დასაწყებია მუშაობა ჩვენდამი კეთილგანწყობილ, მეგობარ და მეზობელ ქვეყნებთან ერთიანი ბაზრის შექმნის პერსპექტივებთან, შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ეს ჩემი მოსაზრებებია. მე როგორც პროფესიონალს, მწამს, რომ ჩვენ გვჭირდება გლობალური ხედვა, რადიკალური, ფუნდამენტალური, ძირეული ცვლილებები, სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიტრიალებთ წრეზე და მუდმივად ვისაუბრებთ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 180 ლარი პენსია თუ 220 ლარი პენსია, ლარის კურსი 2.6 თუ 2.4 და ა.შ. ეს დეტალებია, ჩვენ თვისებრივად ახალ დონეზე გასვლა გვჭირდება.