ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეგვიპტელი ოფიციალური პირის განცხადების თანახმად, “ჰამასი” ისრაელთან 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ეთანხმება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ციხეებიდან გამოშვებას ითვალისწინებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მზაობას ადასტურებს „ჰამასის“ მაღალი რანგის ოფიციალური პირი ბასიმ ნაიმიც. მისი განმარტებით, “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მზაობა სხვა პალესტინურ ფრაქციებთანაც შეათანხმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების მცდელობას მედიაციას აშშ-ის მხარდაჭერით ეგვიპტე და კატარი უწევენ. “ჰამასს” 50 ისრაელელი კვლავ მძევლად ჰყავს აყვანილი, ისრაელი კი მათ დაბრუნებას ითხოვს. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 20-მდე მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია, შესაბამისად, მათი ოჯახებში დაბრუნება ისრაელის მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზის ოკუპაციის განკარგულება გასცა, რის შემდეგაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქზე მასობრივი შეტევა დაიწყეს. აღნიშნულმა ქმედებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც საზღვარგარეთ, ისე ისრაელშიც. გუშინწინ ისრაელის ქალაქებში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას შეთანხმების მიღწევისა და მძევლების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდნენ. 2023 წლის 7 ოქტომბერს, “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, ეს ისრაელში გამართული ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები გახლდათ.
ანონიმური ეგვიპტელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ის პოტენციური შეთანხმება, რომლის გაფორმებაზეც “ჰამასი” მზაობას აცხადებს, 60 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების სრულად შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნული 60 დღე კი მხარეებმა ყოვლისმომცველი შეთანხმების გასაფორმებლად უნდა გამოიყენონ.