„ჰამასმა“ ყველა მძევალი გაათავისუფლა | ტრამპი ისრაელს ესტუმრა

„ჰამასმა“ ყველა მძევალი გაათავისუფლა | ტრამპი ისრაელს ესტუმრა

დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა დაიწყო. გასულ კვირას გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, დღეს „ჰამასმა“ ყველა მძევალი გაათავისუფლა. კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციას ოცი მძევალი გადასცეს. დარჩენილი 26 ცხედრის გადაცემა ასევე დღის ბოლომდეა დაგეგმილი. სანაცვლოდ ისრაელის ხელისუფლებამ 2,000-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

გათავისუფლებულ მძევლებს თელ-ავივის ქუჩებში ათიათასობით მოქალაქე ელოდება. ღაზის სექტორში კი „ჰამასის“ წევრები ნასერის საავადმყოფოსთან სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გათავისუფლებულ პატიმრებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, გასული კვირების განმავლობაში „ჰამასსა“ და ისრაელის ხელისუფლებას შორის ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რასაც მედიაციას აშშ, ეგვიპტე და კატარი უწევდა. მძევლების გათავისუფლება აღნიშნული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მთავარი ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ტრამპი შეთანხმების პირველი ფაზის მიმდინარეობას ადგილიდან დააკვირდება. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ისრაელში გაემგზავრა. „ომი დასრულდა“ – ასე გამოეხმაურა ტრამპი მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმებას.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელის 1,200-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის ხელისუფლების საპასუხო სამხედრო ოპერაციის შედეგად კი ღაზის სექტორში 67,000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.