„ჰარი პოტერის“ გამომცემელი Bloomsbury წიგნების გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს აფიქსირებს

„ჰარი პოტერის“ გამომცემელი Bloomsbury წიგნების გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს აფიქსირებს

„ჰარი პოტერის“ გამომცემლის, Bloomsbury-ის განცხადებით, წიგნების გაყიდვის მხრივ რეკორდული წელი დაფიქსირდა. გამომცემლის ინფორმაციით, გაყიდვები განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კი შედარებით „მუდმივი“ სახე მიიღო.

კომპანიის ხელმძღვანელის, ნაიჯელ ნიუტონის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სახლში გამოკეტილმა ადამიანებმა ახალი ჩვევები და ჰობი აითვისეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კი წიგნის კითხვა აღმოჩნდა. შედეგად, წლიური გაყიდვები, თებერვლის ჩათვლით, 24%-ით, რეკორდულ თანხამდე, £230 მილიონამდე ($278 მილიონი) გაიზარდა. ნიუტონმა წიგნების კითხვა ხელახალ შეძენილ ჩვევად დაასახელა, რომელიც პანდემიის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება.

Bloomsbury-ის მონაცემებით, მკითხველებს შორის განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ამერიკელი ავტორის სარა ჯეი მაასის წიგნები: „Crescent City“, „Throne of Glass“, და „A Court of Thorns and Roses“ სარგებლობს. ავტორის წიგნების გაყიდვები წელიწადში 86%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ჯოან როულინგის „ჰარი პოტერს“, 1997 წლის 26 ივნისს გამოსული სერიის პირველი წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ 25 წლის იუბილემდე, წიგნების გაყიდვები 5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomsbury-ის აკადემიური ტიპის წიგნების გაყიდვებზე დადებითი გავლენა ონლაინსწავლების პერიოდმაც იქონია. Bloomsbury-ის მონაცემებით, წლიური გაყიდვები 28%-ით, 22.2 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. პანდემიის შემდგომ მგზავრობის აღდგენის შედეგად კი წიგნების გაყიდვები გაიზარდა აეროპორტებისა და მატარებლის სადგურების მაღაზიებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *