IKEA რუსეთში საწარმოების გაყიდვასა და თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს

IKEA რუსეთში საწარმოების გაყიდვასა და თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს

ავეჯის შვედურმა კომპანია IKEA-მ რუსეთში საკუთარი ბიზნესის შემცირების გეგმა წარადგინა. როგორც ირკვევა, კომპანია ქვეყანაში არსებულ საწარმოებს გაყიდის და დაქირავებული თანამშრომლების ნაწილს სამსახურიდან დაითხოვს. შეგახსენებთ, ამჟამად რუსეთში IKEA-ს გაყიდვები შეჩერებულია. თუმცა კომპანია საწყობებში დარჩენილი პროდუქციის გაყიდვების განახლებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

შვედურ კომპანიას რუსეთში 4 საწარმო აქვს. IKEA-ს განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოოა და კომპანია მომავალში რუსულ ბაზარზე ოპერაციების გაგრძელებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. რაც შეეხება საწყობებში დარჩენილ პროდუქციას, მისი გაყიდვის პირობებს IKEA საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ პროდუქციას ონლაინმაღაზიის პლატფორმაზე განათავსებს.

კომპანიის განცხადებით, შეჩერებულია IKEA-ს პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი რუსეთსა და ბელარუსში. გარკვეული პერიოდის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ IKEA-მ თანამშრომლებს ხელშეკრულების შეწყვეტა შეთანხმების საფუძველზე შესთავაზა. შეთავაზების მიხედვით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელფასი ზაფხულის ბოლომდე, დაზღვევა კი წლის ბოლომდე შეუნარჩუნდებოდათ. საკითხთან დაახლოებული პირების ცნობით, კომპანიაში დასაქმებულებთან ონლაინშეხვედრას 20,000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისათვის, IKEA-მ რუსეთში საკუთარი მაღაზიების დახურვისა და ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მიიღო. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებითა და სანქციების გამო გართულებული სავაჭრო მდგომარეობით ახსნა. თავდაპირველად, IKEA-ს განცხადებით, თანამშრომლებს ხელფასები მაისის ბოლომდე შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, აღნიშნულმა ვადამ აგვისტოს ბოლომდე გადაიწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *