ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში

Health2

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 1993-1999 წლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 1999-2001 წლებში.

თენგიზ ვერულავა – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

 

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველომ განიცადა სამამულო და სამოქალაქო ომების, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისების რთული პერიოდი. ექსპერტთა გათვლებით, 1990-1994 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) დაახლოებით $8,000-დან $2,200-მდე, ანუ 70%-ით შემცირდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ევრაზიის ქვეყნებს შორის. 1994 წელს ინფლაციის წლიურმა დონემ 7840%-ს გადააჭარბა, ხოლო სამრეწველო წარმოება ნახევარზე მეტით შემცირდა.

მწვავე ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოიშალა ჯანდაცვის სისტემა. მკვეთრად შემცირდა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამედიცინო მომსახურების მინიმალურად აუცილებელ საჭიროებას. 1990-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვის წილი 13.2%-დან (1991) 0.54%-მდე (1994) შემცირდა. ჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილი 1995 წელს 4.9%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე1985 წელს 95,5 აშშ დოლარს შეადგენდა, 1990 წელს – 13 დოლარს, ხოლო 1994 წლისათვის 0,90 დოლარამდე დაეცა.

არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება იმდენად სიმბოლური გახდა, რომ წლიური შემოსავალი თვიურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს შეადგენდა. დაბალი ანაზღაურების გამო, მკვეთრად შემცირდა ექთნების რაოდენობა. დაბალი ხელფასებისა და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრმა ცნობილმა სპეციალისტმა დატოვა პროფესია და ქვეყანაც.

ჯანდაცვაზე მწირი სახელმწიფო დანახარჯების შედეგად ადამიანებს საკუთარი ჯიბიდან უწევდა სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უსახსრობის გამო ვერ იღებდა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას. გაუარესდა მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები: გაიზარდა ავადობა, შემცირდა შობადობა, მოიმატა სოციალურად საშიში დაავადებების რიცხვმა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3 წლით შემცირდა და 1995 წელს 70.3 წელი შეადგინა. გაუარესდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა. 1990 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში დედათა სიკვდილიანობა 20.5-დან 55.1-მდე (100000 ცოცხალშობილზე), ხოლო ბავშვთა მოკვდაობა – 20.7-დან 28.6-მდე გაიზარდა. ექსპერტთა შეფასებით, შეიძლებოდა ბავშვთა სიკვდილიანობის 57%-ის თავიდან აცილება სამედიცინო მომსახურების უკეთ მართვის პირობებში. მკვდრადშობადობის შემთხვევებიდან 74.2% დაიღუპა მშობიარობის დაწყებამდე, მაშინ როდესაც 1 წლამდე ასაკის პაციენტთა 72%-ის ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოში 36-48 საათის დაგვიანებით მოხდა.

დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აშშ საქართველოს პირველი დონორი ქვეყანა იყო როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების კუთხით. აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა. ეს თარიღი უდევს საფუძვლად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაწყებას.

ამ ურთულეს პერიოდში საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ამერიკული დახმარება, რომელიც შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

  1. ჰუმანიტარული დახმარება (მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა);
  2. ტექნიკური დახმარება (ქვეყანაში მედიცინის ახალი მიმართულებების შემოტანა, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების განათლების ამაღლება;
  3. ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა (აშშ-ის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების, პროგრამებისა და კვლევების გაკეთება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის მომარაგებაში. სათანადო მასალების უქონლობის გამო, ფაქტობრივად ფერხდებოდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ჩატარება. პრობლემები შეიქმნა მწვავე და ქრონიკული ავადმყოფების მკურნალობაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიულ მკურნალობას ექვემდებარებოდნენ და მედიკამენტებს მუდმივად სახელმწიფოსგან იღებდნენ. უკიდურესად მძიმე ვითარება შეიქმნა როგორ ბავშვთათვის, ასევე მოზრდილებისთვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ინსულინით მომარაგებაში.

მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების გარეშე დარჩენილი დაჭრილების დიდი რაოდენობა. ქვეყანა სასწრაფოდ საჭიროებდა სამედიცინო ჰუმანიტარულ დახმარებას.

ამ ურთულეს პერიოდში აშშ-ის დახმარება შეიძლება განვიხილოთ როგორც ქართველი ხალხის გადარჩენისათვის შემოთავაზებული ღონისძიებების კომპლექსი.

აღსანიშნავია, რომ აშშ საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდეც უგზავნიდა. აღიარებიდან ერთი თვის შემდეგ, 1992 წლის 22 იანვარს, ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისადმი მიძღვნილ ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათ შორის საქართველოს, ვაშინგტონი 600 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა.

„ჩვენი მისიაა, ერთად ვუპასუხოთ დრამატულ რევოლუციას, რომელმაც გაანადგურა საბჭოთა კომუნიზმი და მის ადგილას დატოვა 12 ახალი ერი, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ მსოფლიოში და იბრძვიან, რათა გაუმკლავდნენ თავიანთი ხალხის გამოკვების კრიტიკულ ამოცანას ამ ზამთარს, გაზაფხულს და არამარტო. საბოლოო წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია ამ ახალი ერების ძალისხმევასა და სიბრძნესთან. მაგრამ ისინი მარტო ვერ შეძლებენ გამარჯვებას. ამ 12 ახალ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება და კეთილი ნება ყველა კონტინენტიდან. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დააყოვნოს მაშინ, როდესაც ეს ახალი სახელმწიფოები იბრძვიან იმ იდეალებისათვის, რისთვისაც დაარსდა ამერიკა“.

ამ განცხადებიდან ორ თვეში, 1992 წლის 23 მარტს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარება გამოყო.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ დონეზე ავიდა საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ. 1992 წლის 23 აპრილს საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ხოლო იმავე წლის 25 მაისს საქართველოს ოფიციალური სამთავრობო ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ესტუმრა. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმიდან გათავისუფლებული ქვეყნისთვის, რომელიც მწვავე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში იყო ჩაფლული, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ვიზიტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იზოლაციის გარღვევაში. ის ხაზს უსვამდა ვაშინგტონის ინტერესს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო მისი გეოპოლიტიკური ინტერესების არეალში შედიოდა. ჯეიმს ბეიკერმა, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, შექმნა საქართველოს მეგობართა ორგანიზაცია, რამაც დიდი როლი ითამაშა ქვეყნისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში. ბეიკერმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე პირველი და სასწრაფო დახმარება გაუწია საქართველოს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ასი ათასი ტონა ხორბალი გამოგზავნა. ქვეყნისთვის, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და მოსახლეობის დიდ ნაწილს პურის რიგში დგომა საათობით უწევდა, ბუნებრივია, ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დახმარება იყო.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შემდეგ გაიზარდა ამერიკული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მისიები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.

1992 წლიდან საქართველოში დაიწყო მუშაობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიამ (იუსაიდი – USAID), რომელიც უმთავრესად არასამხედრო საერთაშორისო დახმარების კოორდინატორი იყო. იგი აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, აღადგინონ უბედური შემთხვევებით მიყენებული ზარალი და ააშენონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

ამ დღიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. წარმატებული პარტნიორობის პირობებში აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფდა 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.

1992 წლის 4 მაისს საქართველოში სამედიცინო დახმარების ორი და საკვებით დახმარების სამი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ხოლო 28 მაისს თეთრი სახლის პრესმდივანმა, მარლინ ფიზუოთერმა გააკეთა განცხადება კავკასიაში დევნილების ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები 4 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფდა „კავკასიის რეგიონში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთათვის“. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში გაიზარდა ეთნიკური დაპირისპირება, რამაც გამოიწვია შეიარაღებული კონფლიქტები აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში და საქართველოს სამხრეთ ოსეთში“. ჰუმანიტარული დახმარების მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული პირების უზრუნველყოფა როგორც სამედიცინო, ისე სხვა სახის სოციალური პროგრამებით.

როგორც აღვნიშნეთ, მძიმე მდგომარეობა შეიქმნა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ინსულინით მომარაგებაში. საქართველოში ინსულინდამოკიდებულ დიაბეტიანთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებდა. არსებულ სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებდა დიაბეტიანი ბავშვების მდგომარეობა (14 წლამდე ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი). ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ვერ ახერხებდა ინსულინის შესყიდვას, რაც ათიათასობით დიაბეტიანის დაღუპვას ნიშნავდა.

უმწვავესი პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობის მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ პირადად მიმართა თხოვნით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერს. დახმარებამაც არ დააყოვნა. 1992 წლის 21 ივნისს საქართველოში ნიუ-ჯერსის შტატიდან თვითმფრინავი C141 დაეშვა. სამედიცინო და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ინსულინის 194 000 ფლაკონი და 500 000 ცალი ნემსი გადაეცა. ამ მხრივ, აღსანიშნავია უდიდესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „ელი ლილი და კომპანიის“ (Eli Lilly and Company) განსაკუთრებული წვლილი. ამ პროგრამით 1992-94 წწ საქართველომ აშშ-დან მიიღო ჰუმანიტარული წესით გამოგზავნილი 15 მილიონამდე დოლარის ღირებულების ინსულინი „ჰუმულინი”, რითაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნებულ იქნა.

აქვე, აღსანიშნავია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დახმარების კოორდინატორის, უილიამ ტეილორის განსაკუთრებული წვლილი, რომლის ხელშეწყობით ამერიკიდან მედიკამენტების დიდი პარტია და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა და განაწილდა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში.

ხაზგასასმელია გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარული კომიტეტის (UMCOR) წვლილი, რომელიც ახორციელებდა ბავშვთა სამედიცინო დახმარების, სპეციფიკურ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის, უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამების მხარდაჭერას შემდეგი პროექტების მეშვეობით:

  • ჯანდაცვის თვითანაზღაურებადი პროგრამა – შემოტანილი მედიკამენტების მონეტიზაციის შედეგად ამონაგები თანხით ხდებოდა ანტიეპილეფსიური პრეპარატების შეძენა და უფასოდ გადაცემა ნევროლოგიის ინსტიტუტში აღრიცხვაზე მყოფ 3 წლამდე ასაკის ყველა და 15 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის;
  • ჰუმანიტარული მედიკამენტების დისტრიბუცია – ესენციალური მედიკამენტებისა და სამედიცინო მოხმარების საგნების დისტრიბუცია თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ექიმთა პროფესიული და საზოგადოების ცოდნის გაუმჯობესება;

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა ბილ ქლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში (1993 – 2001). ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომლებიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებასა და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ემსახურებოდა. საქართველომ 1994 წლიდან თამამი რეფორმების გატარება დაიწყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართულ მხარეს შესთავაზა გეგმა, რომელიც ქვეყანას არსებული კრიზისის დაძლევასა და საფინანსო თუ ეკონომიკური სახის რეფორმების გატარებაში დაეხმარებოდა. გეგმა მოიცავდა მთავრობის ხარჯების შემცირებას, დაბალეფექტიანი სახელმწიფო ორგანიზაციების გაუქმებას, სახელმწიფო მოსამსახურეთა შტატისა და ბიუჯეტის შემცირებას, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვას და განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება უკვე დიდი ხანი იყო, რაც ტექნიკურ დახმარებაში გადაიზარდა.

ბრძოლა ინფექციურ დაავადებებთან

1990-იან წლებში ჯანდაცვის სისტემის მოშლამ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ და პროფილაქტიკური ღონისძიებების უკმარისობამ ხელი შეუწყო ინფექციური დაავადებების მნიშვნელოვნად ზრდას. ბავშვთა და მოზარდთა გეგმური ვაქცინაციის ჩავარდნამ კიდევ უფრო გაართულა შექმნილი მდგომარეობა ასაცრელი მასალის უქონლობის გამო, რამაც განაპირობა დიფთერიისა და სხვა საშიშ ინფექციათა აფეთქება.

ამ ურთულეს პერიოდში აშშ-ის, იაპონიის და სხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობებისა და, განსაკუთრებით, გაეროს ბავშვთა ფონდის უდიდესი დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯერ გეგმური აცრების დაწყება, ხოლო შემდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ამ ორგანიზაციების დახმარებით 1995-1996 წლებში ქვეყანაში ჩატარდა 3-60 წლის მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის კამპანია ტდ-ვაქცინით, მოცვა – 83%. მათი მხარდაჭერით 1995 წელს კახეთში ჩატარდა სხვადასხვა ასაკის მოსახლეობის სეროლოგიური კვლევა ბუსტერული დოზის შემდგომ დიფთერიის საწინააღმდეგო იმუნიტეტის არსებობაზე. აღმოჩნდა, რომ 30-49 წლის ასაკის მოსახლეობას დამცველობითი იმუნიტეტი მაინც არ ჰქონდა. კვლევის საფუძველზე, 1997 წელს ჩატარდა ამ ასაკობრივი კონტინგენტის ტდ-ვაქცინის მე-2 ბუსტერული დოზით ვაქცინაცია. მოცვა – 86%. შედეგად 1998 წლიდან დიფთერიის ეპიდემია კონტროლირებადი გახდა.

ეფექტიანი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იქნა გატარებული წყლისმიერი ნაწლავური ინფექციების, ჰეპატიტების, მუცლის ტიფის სხვადასხვა ეპიდაფეთქების დროს (ახალციხე, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, ხონი, რუსთავი…)

შიდსის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორს ენტონი ფაუჩის.

აცრებით მოცვის მაღალი დონის მიღწევის გამო 2002 წლის ივნისში ჯანმო-ს ევროპის რეგიონის სასერტიფიკაციო კომისიამ საქართველოს მიანიჭა პოლიომიელიტისგან თავისუფალი ზონის სტატუსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ინარჩუნებს.

აღსანიშნავია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულ ცენტრთან დაწყებული თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებდა ეპიდემიოლოგიური კვლევების დაწყებას კოსმოსიდან, ტელემედიცინისთვის კომუნიკაციური სისტემების შექმნას. ცენტრის დახმარებით გაჩნდა შესაძლებლობა, კოსმოსური სკანირების საშუალებით მიგვეღო ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მიკრობული ფლორის გავრცელების შესახებ, რაც გვაძლევდა დაავადებათა გარკვეული ჯგუფის პროგნოზირების საშუალებას. პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქსა და ახალციხეში (შავი ჭირის ბუნებრივი კერა) და ლაგოდეხში (მალარიის ბუნებრივი კერა) განხორციელდა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს დირექტორის დანიელ გოლდინის და ამავე სააგენტოს წამყვანი სპეციალისტის მედიცინის საკითხებში არნაულ ნიკოგოსიანის წვლილი.

ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაცია

ჯანმრთელობის დაცვის დარგში შექმნილი მწვავე კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან, დღის წესრიგში დადგა მისი ძირეული რეორგანიზაციის, პრინციპულად ახალი მოდელის ამოქმედების საკითხი.

ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო დონის საერთაშორისო კონსულტანტებმა და ექსპერტებმა. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა, იყო ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, ჯორჯია) ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროფესორი რიჩარდ სოლტმანი. რიჩარდ სოლტმანის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ბრიუსელში ჯანმრთელობის სისტემებისა და პოლიტიკის ევროპული ობსერვატორია დააარსა. შეხვედრაზე განისაზღვრა და შეთანხმდა რეორიენტაციის პრიორიტეტები, ღონისძიებები და ინდიკატორები, სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური ორმხრივი და ტექნიკური სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება. რიჩარდ სოლტმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროექტს და პირადად ჯანდაცვის მინისტრის მზაობას, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველმა განახორციელოს დარგის ურთულესი რეფორმირება. მისი თქმით, „ექსპერტთა ინტელექტუალური მხარდაჭერის გარეშე რეფორმის განხორციელება შეუძლებელია, რადგან არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირობებში საქართველოს არ შეეძლო ამ ტიპის რეორიენტაციის შესაბამისი სამუშაოების დაწყება“. დარგის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროექტის შემუშავების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი მხარდაჭერის მოზიდვის შესაძლებლობას იძლეოდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის კავშირთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობამ მოამზადა ნიადაგი მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პროექტზე მუშაობისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის ალიანსის (American International Health Alliance – AIHA) აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს სმიტის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომლის მეშვეობით განხორციელდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი შეხვედრა მსოფლიო ბანკთან. ამ შეხვედრამ დიდად განსაზღვრა საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში ძირეული რეფორმების დაწყება და მისი წარმატებით განხორციელება. საქართველოს მიმართ გაწეული დამსახურებისათვის ამერიკის საერთაშორისო ჯანდაცვის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს სმიტი ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

შეხვედრისას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეორიენტაციის პროექტის ძირითადი მიმართულებები მათ ხედვას ემთხვევა და თანხმობა განაცხადეს ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროექტში მონაწილეობაზე. მსოფლიო ბანკმა გამოყო რეორიენტაციის პროექტზე მომუშავე სპეციალური მისია. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის წამყვან სპეციალისტებთან და მოწვეულ საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექსპერტებთან ერთწლიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროექტი. ამ მხრივ, ხაზგასასმელია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, ჯეიმს უოლფენსონის, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელის ჯუდი ოკონორის, მსოფლიო ბანკის საქართველოს ჯანდაცვის პროექტის მისიის წევრების ანტონიო კამპოსის, ლორა როუზის და ახტი კალიკორმის წვლილი.

მსოფლიო ბანკთან ურთიერთობამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაინტერესებასა და მისგან რეფორმის პროცესის ცალსახად მხარდაჭერას.

1994 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრული რეორგანიზაციის კონცეფცია. კონცეფცია მოიცავდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის ყველა ასპექტს და განსაზღვრავდა მომდევნო წლებში განსახორციელებელი ცვლილებების სამართლებრივი ბაზას, სფეროს ორგანიზაციული მოწყობისა თუ დაფინანსების პრინციპებს.

რეორგანიზაციის კონცეფციამ თეორიული აპრობაცია გაიარა 1994-1995 წლებში ბორჯომში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებზე. კონფერენცია ღია დიალოგის ფორმატში ჩატარდა, სადაც პანელში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების ექსპერტები, მათ შორის მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის განყოფილების წამყვანი ექსპერტები, აშშ-ის ელჩები საქართველოში კენტ ბრაუნი და უილიამ ქორთნი. კონფერენციებზე ოფიციალურად მოხდა ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიციირება. ჯანდაცვის სექტორში სტრუქტურული და ხარისხობრივი რეფორმის პროცესს მხარი დაუჭირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, მსოფლიო ბანკმა, აშშ-ის, იაპონიის, გერმანიის, შვედეთის, ბრიტანეთის მთავრობებმა.

ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს დახმარებას სამედიცინო სფეროში, რომელიც ორი მიმართულებით განხორციელდა:

  1. გადაუდებელი დახმარება, ჰუმანიტარული მედიკამენტები, ბავშვთა კვება და სხვა, რაც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მოხმარებული მედიკამენტების 70-75%-ს შეადგენს.
  2. სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ სპეციალისტების მომზადების პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას. მაგალითად, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლდათ ატლანტა-თბილისის პარტნიორული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი ტიპის სამედიცინო დაწესებულებების შექმნას, ინფორმაციულ უზრუნველყოფას, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების რეფორმებში მონაწილეობას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება

საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ბანკის, ჯანმოს, და ისრაელის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნის ქალბატონი დონა ედნა შალეილას წვლილი. ქალბატონი დონა ედნა შალეილას დახმარებით განხორციელდა ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (Centers for Disease Control and Prevention – CDC). ცენტრმა დახმარება აღუთქვა საქართველოს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე სისტემის მშენებლობაში, რისთვისაც გამოყვეს სპეციალური წარმომადგენელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, დოქტორი სტენლი მიუზიკი. საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების პირველი მისია 1994-1996 წლებში განხორციელდა და მას ხელმძღვანელობდა სტენლი მიუზიკი.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაწყებული რეორიენტაციის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ მიდგომას, რომელიც მოიცავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში განისაზღვრა სამი ქვედანაყოფი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრი, სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი. დეცენტრალიზაციის მიზნით ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორდონიანი სამსახურების სისტემა ცენტრალურ დონეზე და ადგილობრივ/მუნიციპალურ დონეზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება გადანაწილებული იყო ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, ხოლო მენეჯმენტი და ადმინისტრირება – ცენტრალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე. ამოქმედდა ჯანმრთელობის ხელშეწყობის, მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებათა მართვის სისტემა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ეპიდზედამხედველობის მოწესრიგებისა და დაავადებათა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მხრივ, ასევე ეპიდსიტუაციის პროგნოზირებისა და ადეკვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ შემდგომ წლებში ბევრ სხვა ქვეყანასა და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ჩამოყალიბდა მსგავსი ფუნქციებისა და სახელის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა (გარდა ბალტიის ქვეყნებისა), რომელმაც უარი თქვა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის საბჭოურ სისტემაზე, მოახდინა მისი სრული რეორგანიზაცია და ჩამოაყალიბა ევროპულ პრინციპებზე აგებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ფუნქციონირება დაიწყო თბილისი-მინეაპოლისი (მინესოტა) პარტნიორულმა პროგრამამ, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საავადმყოფოთა ეპიდემიოლოგების და გამოცდილი მედდების გადამზადების პროგრამების შექმნა საავადმყოფოებში ინფექციური კონტროლის გასაუმჯობესებლად. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველი ეპიდემიოლოგების პირველი კოჰორტის მომზადება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისი-სან-ფრანცისკოს (კალიფორნია) პარტნიორული პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც შეძლებს საკუთარი რესურსებით არსებობას და უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობას უსაფრთხო სისხლითა და სისხლის კომპონენტებით (სისხლის ბანკი).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუგარის ცენტრის შექმნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1997 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ბიოუსაფრთხოების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების დადების შემდეგ. იგი ეხებოდა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობას მსოფლიოში და წარმოადგენდა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. შეთანხმებამ საფუძველი დაუდო ამ ტიპის პროგრამების განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოში ცენტრის შექმნას განსაკუთრებით ლობირებდა ცნობილი რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი. 1998 წელს განხორციელდა ლუგარის პირველი ვიზიტი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და გადაწყდა ლუგარის ლაბორატორიის დაარსება. იმის გათვალისწინებით, რომ ლუგარის ცენტრი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, 2002 წელს რიჩარდ ლუგარის და სახელმწიფო მინისტრის შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ ლუგარის ცენტრი ყოფილიყო ჯანდაცვის სექტორის დაქვემდებარების ქვეშ და შესულიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში.

დღეისათვის ლუგარის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა კავკასიის რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიას კორონავირუსის დიაგნოსტირებაც შეუძლია, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე პანდემიების ხანაში.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება

1995 წლიდან განხორციელდა მთელი რიგი საპილოტე პროექტები, რომლებიც მიმართული იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებისაკენ. შემუშავებულ იქნა პროგრამები, რომელთა მთავარ მიზანს შეადგენდა ექიმების გადამზადება ოჯახის ექიმებად.

სოფლის პირველადი ჯანდაცვის განვითარება დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და განხორციელდა ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის ალიანსის (American International Health Alliance – AIHA და საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (International Medical Corps – IMC) პროგრამით.

2002 წლიდან მსოფლიო ბანკის მიერ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომი რეფორმირების მხარდაჭერა. დაიგეგმა საოჯახო მედიცინის პერსონალის სწავლება. პირველადი ჯანდაცვის განმტკიცების პოლიტიკის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა მედიკამენტების რაციონალური და ხარჯეფექტიანი გამოწერის პროექტი.

ამავე პერიოდში ამოქმედდა მსოფლიო ბანკის მეორე პროექტი, რომელიც მიმართული იყო პირველადი ჯანდაცვის ქსელის შემდგომ განვითარებაზე. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შიდა ქართლის, გურიისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის პროექტების ამოქმედება. ევროკავშირის, ბრიტანეთის, შვედეთისა და იაპონიის მთავრობების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ასეული ექიმისა და ექთნის გადამზადება საოჯახო მედიცინის სპეციალობით.

ფუნქციონირება დაიწყო მცხეთა-მთიანეთი-მილუოკი (ვისკონსინი) პარტნიორულმა პროგრამამ, რომლის მიზანს წარმოადგენდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის ალიანსის (American International Health Alliance – AIHA) პარტნიორი ორგანიზაციის – დენიელ მიჰენის საოჯახო ფონდიდან გამოყოფილი რესურსებით მცხეთაში აშენდა პირველი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტდა მილუოკის (Milwaukee, Wisconsin) საოჯახო მედიცინის ცენტრში გადამზადებული ექიმებითა და ექთნებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოცამდე ექიმი და ექთანი გადამზადდა აშშ-ში. ამერიკელების დახმარებით შექმნილი საოჯახო მედიცინის ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი სერიოზული ინვესტიცია ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

გაერთიანებული მეთოდური ეკლესიის ჰუმანიტარული კომიტეტის (UMCOR) ხელშეწყობით განხორციელდა ჯანდაცვის პირველადი რგოლების განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა იმერეთის რაიონების (წყალტუბო, თერჯოლა) ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგებს.

სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მატერიალური ბაზის გასაახლებლად. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და იაპონიის მთავრობების მიერ დაიგეგმა და დაიწყო პირველადი ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვილობის მოწოდება. აღნიშნულმა პროექტებმა შესაძლებელი გახადა 200-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ჰოსპიტალური სექტორის რეფორმირება

რეორიენტაციის ერთ-ერთ მთავარ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ჰოსპიტალური სექტორის რეფორმირება. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას უწევდნენ. ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაცია რეალურად 1999 წლიდან დაიწყო. მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა საქართველოსთვის „ჰოსპიტალების რესტრუქტურიზაციის პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა, თუ რომელ საავადმყოფოებს უნდა გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და რომლებს უნდა შეეწყვიტათ ან შესულიყვნენ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

მსოფლიო ბანკის გეგმაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტის თანახმად უნდა შექმნილიყო სპეციალური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების დარეგულირებას და „ჰოსპიტალური სექტორის რესტრუქტურიზაციის ფონდის” ადმინისტრირებას. ფონდში ჩაირიცხებოდა B ჯგუფის საავადმყოფოების პრივატიზაციიდან მიღებული თანხები, რაც შემდგომში ჯანდაცვის სფეროს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის განახლებისთვის იქნებოდა გამოყენებული. ასევე, უზრუნველყოფდა გათავისუფლებული მედპერსონალისთვის ერთჯერადი კომპენსაციების გადახდას. 2000 წელს იქმნება საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი, სადაც გროვდება აქტივების გაყიდვითა და იჯარიდან შემოსული თანხები, რომლებიც შემდგომ პრიორიტეტული დაწესებულების რეაბილიტაციას ხმარდება. მოგვიანებით სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად ფონდი შეერწყა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს (2006 წელს). ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ძირითადად ჩართული იყო საავადმყოფოების აკრედიტაციის სისტემის შემუშავების პროცესებში.

ჰოსპიტალური რეფორმა ითვალისწინებდა სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მოგებიანი და არამოგებიანი სამედიცინო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას. ამით გაიზრდებოდა სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის ფორმებს შორის კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობდა პაციენტის მიერ მისთვის სასურველი, ფინანსურად ხელმისაწვდომი სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და ჯანდაცვის ხარჯების შეკავებას.

საქართველოში სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის მრავალი ფორმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 1996 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენდა ჯო ენის სამედიცინო ცენტრის საქართველოში პირველ „ააიპ“ იურიდიული სტატუსის მქონე, არაკომერციულ, არამოგებიან სამედიცინო ორგანიზაციას.

კარდიოქირურგიის დარგის განვითარება

აშშ-ის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მაგალითია დებორას გულის და ფილტვის ცენტრის (Deborah Heart and Lung Center) მიერ საქართველოსადმი გაღებული წვლილი. დებორას ცენტრი არის საავადმყოფო, რომელიც სპეციალიზებულია თანდაყოლილი და შეძენილი გულის, ფილტვის და სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. საქართველოში იმ პერიოდში შეუძლებელი იყო გულის მანკით დაავადებული ბავშვების მკურნალობა. წლის განმავლობაში გულის მანკით დაავადებული ათი ბავშვი მიჰყავდათ აშშ-ში სამკურნალოდ, თუმცა მსგავსი სახის მკურნალობა უფრო მეტი რაოდენობის ბავშვს სჭირდებოდა.

საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის დარგის განვითარების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციის GLOBAL HEALING-ის პრეზიდენტი ქალბატონი ჯო ენ მაკგოვენი. 1994 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და ჯო ენ მაკგოვენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხარემ საკუთარ თავზე აიღო კლინიკისთვის ფართის გამოყოფა და გარემონტება, ხოლო ამერიკის მხარემ – მისი აღჭურვა და პერსონალის მომზადება. საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრის შექმნის იდეას თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს დარგის წამყვანმა ამერიკელმა სპეციალისტებმა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდის დანერგვის პროცესში. კლინიკა გაიხსნა 1996 წლის 16 სექტემბერს თბილისის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს ბაზაზე, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. კლინიკა გაშლილი იყო 1300 კვადრატული მეტრის ფართზე. მას ჰქონდა ოც საწოლზე გაშლილი კარდიქირურგიული განყოფილება, რვასაწოლიანი კარდიორეანიმაცია, ორი საოპერაციო, ერთი ექსპრეს-ლაბორატორია და საოფისე ერთეული. კორპორაცია Global Healing-მა კლინიკა მოამარაგა ყველა საჭირო აღჭურვილობით, სამედიცინო მოხმარების საგნებითა და სახარჯი მასალით, უზრუნველყო კლინიკური პერსონალის გადამზადება, რისმა საერთო ღირებულებამ ხუთ მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. კლინიკის სიმძლავრე წელიწადში ორასი ახალშობილის მკურნალობაზე იყო გათვლილი.

ჯო ენ მაკგოვენი 1996 წლის 23 სექტემბერს, საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში გულის ინსულტით გარდაიცვალა. ჯო ენ მაკგოვენის ანდერძის თანახმად, მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს, ხოლო ფერფლი სამ ნაწილად გაიყო და კალიფორნიაში, სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კლინიკის ეზოში) დაიკრძალა. ჯო ენის ცენტრის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელი. ცენტრი დღეისათვის წარმოადგენს ბავშვთა გულის დაავადებებისა და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მეთვალყურეობის თანამედროვე კლინიკას.

დედათა და ბავშვთა გადარჩენის პროგრამების განხორციელება

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მწვავე დემოგრაფიულმა კრიზისმა იჩინა თავი. შობადობა დრამატულად დაეცა, დაბადებულთა შორის მკვეთრად გაიზარდა პირველი ბავშვის ხვედრითი წილი, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა. ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა საზოგადოების ყველაზე სათუთი და ფაქიზი ფენა: ქალები და ბავშვები. ასეთ ვითარებაში დედათა და ბავშვთა გადარჩენის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში ამერიკის საერთაშორისო ჯანმრთელობის ალიანსის (American International Health Alliance – AIHA) მიერ შეტანილი წვლილი. ამერიკელი პარტნიორების დახმარებით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში დაიწყო ახალშობილთა რეანიმაციის პროექტის განხორციელება, რომლის მიზანი იყო ნეონატოლოგებისა და მეან-გინეკოლოგებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ახალშობილთა გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებში.

ახალშობილთა რეანიმაციის საკითხების სწავლების პროცესში მონაწილეობის მისაღებად AIHA-ს ბევრმა პარტნიორმა ინსტიტუტმა გამოგზავნა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ქართველ ექიმთა დასახმარებლად ჩამოვიდნენ და ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობდნენ პროფესიონალები ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლიდან და ატლანტის ბავშვთა ჯანდაცვის სკოლიდან. AIHA-ს დახმარებით პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით თბილისში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოყალიბდა ბავშვთა გადაუდებელი დახმარების ცენტრი, პირველი თანამედროვე პედიატრიული Emergency სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილების ფორმირებაში მონაწილეობდა პროფესორი სტივენ ლანსკი, რომელიც ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში მოღვაწეობდა ეგლსტონში და აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესში.

ატლანტა-თბილისის სამედიცინო პარტნიორული პროგრამის ფარგლებში 1997 წელს ბავშვთა N3 საავადმყოფოსა და N5 სამშობიარო სახლის ბაზაზე ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრენინგის კურსები ახალშობილთა რეანიმაციასა და ფეტალურ მონიტორინგში ინსტრუქტორების მომზადების მიზნით, რომელთაც შემდგომი კვალიფიკაცია აშშ-ში გაიარეს.

ამერიკელების დახმარებით ჩატარებული ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად ამაღლდა მშობიარობამდელი, მშობიარობის პერიოდისა და მშობიარობის შემდგომი მომსახურების დონე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები.

სამედიცინო განათლების განვითარება

სამედიცინო განათლების სრულყოფა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის კონცეფციის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენდა და ითვალისწინებდა სამედიცინო განათლების სფეროში არსებული ქაოსური პროცესების მოწესრიგებას, სამედიცინო კადრების სწავლებასა და პროფესიული მომზადების დონის ამაღლებას.

სამედიცინო განათლების რეფორმის კონცეფცია შემუშავებულ იქნა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მსოფლიოში არსებული თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით. სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხრიდან წამოყენებულ იქნა სპეციალური პირობები, რომელთა ქართული მხარის მიერ დაკმაყოფილება აუცილებელი იყო კრედიტის გამოსაყოფად. ამ პირობებს მიეკუთვნებოდა: მედიცინის გარკვეულ სპეციალობებში რეზიდენტურების პროგრამების, ანუ პოსტდიპლომური მზადების სარეგულაციო ნორმატივების მიღება, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და ლიცენზირებისათვის ნორმატიული აქტების მიღება და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებისათვის ყოველწლიურად მისაღები კონტინგენტის ლიმიტის დაწესება. მსოფლიო ბანკის ეგიდით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალისტებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ერთობლივად მომზადდა რეზიდენტურის პროგრამები.

სამედიცინო განათლების სისტემის რეორიენტაცია ეფუძნებოდა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულ, ერთი მხრივ, უმკაცრეს რეგულაციებს და, მეორე მხრივ, „მოთხოვნა-მიწოდების“ საბაზრო პრინციპს, ანუ კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის მუშაკების შენარჩუნებას და მომზადებას, რისი მიღწევა უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფით და ცოდნის ხარისხის მაკონტროლებელი და მარეგულირებელი მექანიზმებით არის შესაძლებელი. ასეთი მექანიზმები იყო სერტიფიცირების, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის პროცედურები.

გრძელვადიანი ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ატლანტის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომელთა ხელშეწყობით შეიქმნა ატლანტა-თბილისის პარტნიორული პროგრამა, რომლის კოორდინატორი იყო ქართველი ხალხის უდიდესი მეგობარი ჰენრი კენეტ უოლკერი, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორი, როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის გლობალური ჯანმრთელობის პროფესორი.

პროფესორი კენ უოლკერი USAID-ის „Georgia to Georgia”-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პირველად 1992 წელს ეწვია. ამერიკული კორპორაციის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ – PfiD) აღმასრულებელმა დირექტორმა უოლკერმა უხელმძღვანელა ატლანტა-თბილისის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებათა პარტნიორობას. კენეტ უოლკერის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე დასავლური სტილის სამედიცინო განათლების მოდელს. პროგრამის მეშვეობით დღესაც წარმატებით ხორციელდება სტუდენტების, კლინიკური რეზიდენტების, ახალგაზრდა სპეციალისტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებზე (USMLE). საქართველოსა და ატლანტის პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც შეუწყობს ხელს ქართველ ახალგაზრდა ექიმთა თაობების აღზრდას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.

კენეტ უოლკერის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ექთანთა გადამზადების სკოლა, საქართველოში ხელი შეეწყო რეაბილიტაციის დარგის, შიდსისა და ტუბერკულოზის კვლევის განვითარებას… საქართველოს მიმართ გაწეული დამსახურებისათვის ჰენრი კენეტ უოლკერს თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (National Institutes of Health – NIH), რომელიც წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოს, როგორც ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ნაწილი და პასუხისმგებელია ბიოსამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევებზე. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დახმარებით, სამედიცინო მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სრულყოფის მიზნით, შემოღებულ იქნა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გრანტული წესით დაფინანსების მეთოდი. ინსტიტუტის მიერ ჩატარდა სპეციალური ვორკშოპები ქართველი მეცნიერებისათვის, სადაც განხილულ იქნა კვლევითი გრანტების მოპოვების მექანიზმები.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინსტიტუტის ხელშეწყობა ჩვენი მეცნიერული კვლევების საერთაშორისო სამედიცინო-ბიოლოგიურ თემატიკებში უფრო მეტად ინტეგრირების კუთხით. სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობას ითვალისწინებდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000 წლის მეცნიერებისა და განათლების განვითარების პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი მეცნიერებისთვის უცხოელი პარტნიორების მოძიებისა და კვლევათა ინტეგრირების პროცესის ინტენსიური ხელშეწყობა. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მოპოვებული გრანტების რაოდენობა, რაც ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო აღიარების დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენმა მეცნიერებმა დაიწყეს უცხოელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობა.

აშშ-ის გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტის მხარდაჭერით ასთმის გლობალური ინიციატივის ფარგლებში ქართულ ენაზე გამოიცა სახელმძღვანელოები ექიმებისთვის, ექთნებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის მუშაკთათვის და ოჯახებისათვის.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საშუალო რანგის მენეჯერთა და ადმინისტრატორთა რგოლს. ამ თვალსაზრისით, ფუნქციონირება დაიწყო თბილისი-სკრენტონის (პენსილვანია) პარტნიორულმა პროგრამამ, რომლის მიზანია ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის უწყვეტი განათლების ცენტრში ჯანდაცვის მენეჯერთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება და დანერგვა.

ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში გამოიკვეთა საშუალო სამედიცინო პერსონალის ადგილისა და როლის ახლებური განსაზღვრის აუცილებლობა. საქართველოში საექთნო საქმიანობის გაძლიერებას ხელი შეუწყო ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო ალიანსმა, რომელმაც ორგანიზაცია გაუკეთა ექთნების სწავლებას საზღვარგარეთის საექთნო სკოლებში (მაგ., აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ატლანტის საექთნო სკოლაში).

1998 წლის 15 მარტს ამერიკელი პარტნიორების მსოფლიო ბანკთან წარმართული მუშაობის შედეგად თბილისში ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში გაიხსნა უწყვეტი საექთნო განათლების კომპონენტი.

1998 წლის 16-19 მარტს გრეიდის ჰოსპიტლის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა კურსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: გულ-ფილტვის რეანიმაცია, ინტრავენური თერაპია, საექთნო შეფასება. კურსს ესწრებოდა 47 ექთანი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლინიკებიდან.

1998 წლის მაისში სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი საექთნო სკოლის მუშაობის გასაცნობად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საექთნო ფაკულტეტისთვის სასწავლო პროგრამების შესამუშავებლად.

1998 წლის ივნისში განხორციელდა ამერიკელ სპეციალისტთა ვიზიტი საქართველოში უმაღლესი საექთნო სკოლის შექმნასთან დაკავშირებით. „ატლანტა – თბილისის სამედიცინო პარტნიორობის“ ფარგლებში შემუშავდა საექთნო სკოლის სასწავლო გეგმა. შედგენილ იქნა კურიკულუმები ბებიაქალებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მოსამზადებელი კურსებისათვის.

„ატლანტა-თბილისის სამედიცინო პარტნიორული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა „ლიდერი ექთნის“ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ჩატარდა სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) პედაგოგების დახმარებით.

კურსის ჩამოყალიბების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ძირითადი ბირთვის მომზადება, რომელზე დაყრდნობით ადგილებზე მოკლე დროში უნდა დანერგილიყო ექთნების ცოდნის ამაღლების ახალი ფორმები და მეთოდები.

ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის შექმნა

ჯეიმს სმიტის და კენეტ უოლკერის დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ამერიკის ჯანმრთელობის საერთაშორისო ალიანსის „თბილისი-ატლანტის პარტნიორული პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოში დაარსდა ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველოს ბიოსამედიცინო დარგების მუშაკთათვის მსოფლიოს თანამედროვე ინფორმაციული რესურსებისკენ გაჭრილი ფანჯარა გახდა.

ეროვნულ საინფორმაციო სასწავლო ცენტრში 1998 წლის დასაწყისში დამონტაჟდა რადიომოდემი, რომელმაც უზრუნველყო ინტერნეტის მიწოდების გაზრდა სამედიცინო მომხმარებლებისათვის. ინტერნეტისა და მედლაინის რესურსებით სარგებლობდა 239 მომხმარებელი; 38 კურსზე სწავლება გაიარა 162 მსმენელმა; ბეჭდვითი რესურსებით ისარგებლა 217 მომხმარებელმა; განხორციელდა 172 ძიება; ემორის უნივერსიტეტიდან შეკვეთით მიღებულ იქნა 165 სამეცნიერო სტატია.

მომზადდა და ინტერნეტში განთავსდა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული გვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე. გვერდი მოიცავდა სამინისტროს სტრუქტურას, მის დეპარტამენტებს და მათ ფუნქციებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ საქვეუწყებო ინსტიტუტებს და ცენტრებს, სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიისა და ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის გვერდებს, აგრეთვე ქალაქ თბილისში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების სრულყოფილ ნუსხას. დაიწყო ცალკეული სამედიცინო პროექტების და მათი დამფინანსებელი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების გვერდების, ასევე საქართველოს (ისტორია, კულტურა, ბუნება, კურორტები) და მისი ბუნებრივი და ჯანმრთელობის რესურსების შესახებ საინტერესო ინფორმაციის განთავსება.

„დისტანციური სამედიცინო განათლების/ტელემედიცინის პროექტის მომზადებისა და პირველი ეტაპის განხორციელების“ ფარგლებში: მოხდა ინტერნეტიდან პროგრამა Microsoft NetMeeting 2.1-ის ჩამოტვირთვა, ციფრული ვიდეოკამერების შეძენა (სოროსის გრანტით). ჩატარდა 27 ტელესეანსი მერილენდის უნივერსიტეტთან და 4 – ცინცინატის უნივერსიტეტთან.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის ინფორმაციის მართვის სისტემის“ და ემორის უნივერსიტეტთან ერთად მომზადდა „სამი ჯორჯიის ტელემედიცინის“ პროექტი საქართველოს მთიან რაიონებში (აჭარა, სვანეთი, ხევსურეთი, სამაჩაბლო) ტელემედიცინის მობილური პუნქტების მოსაწყობად.

ამოქმედდა პროექტი „ტელეკონსულტაციები ინვაზიურ კარდიოლოგიაში“, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჩატარებული ანგიოგრაფიული გამოკვლევების შედეგების (კორონაროგრამების) ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის მეშვეობით მიწოდებას გერმანიის, აშშ-ის და თურქეთის სხვადასხვა კარდიოლოგიური კლინიკისათვის, რათა იქიდან მიღებულ იქნას სათანადო კონსულტაციები როგორც ავადმყოფის დიაგნოზის დაზუსტების, ასევე მისი მომავალი კარდიოქირურგიული მკურნალობის საუკეთესო ალტერნატივების შესახებ.

ფარმაცევტული სექტორის რეფორმირება

მსოფლიო ბანკმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აქტიური დახმარება გაუწია ქვეყანას ფარმაცევტული პოლიტიკის შექმნაში, ამ მხრივ ამერიკელ სპეციალისტებსა და კონსულტანტებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. მათი ხელშეწყობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ფარმაცევტული კანონმდებლობა, სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც მოიცავენ სამკურნალწამლო ნივთიერებათა პროდუქციის, იმპორტისა და ექსპორტის, რეგისტრაციის, სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ ხარისხის კონტროლის, ფასწარმოებისა და ფასების გადახდის საკითხებს, და, რაც მთავარია, სამკურნალწამლო ნივთიერებათა გამოყენების სტრატეგიისა და ტაქტიკის ასპექტებს.

გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარული კომიტეტის (UMCOR) მიერ განხორციელდა თბილისის ფარმაცევტული ქარხნის რეაბილიტაცია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული წამლის ხარისხის უზრუნველყოფისათვის გადადგმული ნაბიჯები. მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროექტის დახმარებით 1998 წლის მეორე ნახევარში შეძენილ იქნა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და სპეციალისტებს გაეწიათ საკონსულტაციო დახმარება. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების ბრუნვაში.

***

ფასდაუდებელია ამერიკელი ხალხისა და მთავრობის წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში, მის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ასევე უმნიშვნელოვანესია აშშ-ის დამსახურება დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კრიზისიდან გამოყვანაში, მის შემდგომ რეფორმირებასა და განვითარებაში. ამ უაღრესად რთულ პერიოდში აშშ-ის დახმარებით უამრავი ადამიანი გადაურჩა შიმშილს, ავადმყოფობას, სიკვდილს და გაიუმჯობესა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აშშ-ის „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში, 1992-დან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის $4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამას ორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) მიიღო. CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა. ეს ფაქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას, დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის თანადგომა.

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია, ვაშენებთ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ხიდებს, რომლებიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია ერთმანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, სანდო პარტნიორობა და მოკავშირეობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობის მყარი გამოცდილება და კიდევ ბევრი გვაქვს ერთად სამუშაო წლობით ჩამოყალიბებული საიმედო მეგობრობის გასამტკიცებლად.

 

PS

საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველოს მოსახლეობა და მთავრობები ერთიანი არიან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამერიკულ და ევროპულ სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობისას ყოველთვის ვგრძნობდით თანასწორობის, თანაბარპარტნიორულ დამოკიდებულებას. ისინი ითვალისწინებდნენ ქართულ ტრადიციებს, ღირებულებებს, ფასეულობებს და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას არასდროს მოუხვევიათ თავს თავიანთი ხედვები.

დისკუსია და დისკუსია, კონსენსუსი და კომპრომისი ყოველთვის იყო მთავარი ჩვენს ურთიერთობებში. კარგი იქნება, თუ თანამედროვე პოლიტიკოსები, და არამარტო საქართველოში, მომავალშიც შეძლებენ ამ პრინციპებით მუშაობას.

გააზიარე

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *