COVID-19-ის პანდემია: რა აჩვენა, რა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვემზადოთ შემდგომი ჯანმრთელობის კრიზისებისა და პანდემიებისაგან დასაცავად

Forbes-WEB-gamkrelidze

COVID-პანდემიამ მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნებისა და ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა კუთხით, როგორც დიდი და რადიკალური, ასევე მცირე მასშტაბის ცვლილებებით. სამი წელი გავიდა COVID-პანდემიის დაწყებიდან და მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა და მონდომებისა, ის კიდევ არ დასრულებულა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იანვრის განხილვის შედგომ კვლავ გადადო პანდემიის დასრულების გამოცხადება, არსებული მოვლენების სკრუპულოზური შეფასების შედეგად. COVID-პანდემიამ აჩვენა, რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ბოლო ასწლეულის მანძილზე, ყველაზე ფართომასშტაბიანი პანდემიაა ე.წ. „ისპანკას“ შემდეგ, რომელმაც კაცობრიობას ბევრი გაკვეთილი ჩაუტარა და ბევრი საკითხი სხვა კუთხიდან დაანახა. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი შემდგომი შესაძლო პანდემიებისა და საერთოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული საფრთხეებისადმი მზაობის გასაუმჯობესებლად.

პირველი, რაც მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, რომ მსგავსი სირთულის გამოწვევასთან ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებს ბოლო 100 წელი შეხება არ ჰქონია. მართალია, წინა პანდემიასთან შედარებით უშუალოდ სისტემის განვითარებასა და ქვეყნების მზაობას დიდი პროგრესი ჰქონდა, მაგრამ თავისთავად პანდემია ომის ანალოგია, მიმდინარეობს ბრძოლა უხილავ მტერთან ვირუსის სახით. პანდემიის მასშტაბის გასააზრებლად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნოს, რომ დაინფიცირებული ოფიციალურად აღრიცხული 675 მლნ ადამიანის უკან სავარაუდოდ შვიდ-რვაჯერ უფრო დიდი ციფრია, ხოლო ყველაზე მძიმეა, რომ გარდაცვლილი 6.9 მლნ ოფიციალურად აღრიცხული ციფრია და შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით სამჯერ მეტი რაოდენობაა, რაზეც მუდმივად  მიუთითებს სამი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი და გამომცემლობა „ეკონომისტი“. არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ ომები, პანდემიები, ბუნებრივი კატაკლიზმები და კატასტროფები, გარკვეული კანონზომიერებით ან რაღაც სხვა კავშირით არიან ურთიერთშეჭიდული. გარკვეულად ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოებულმა ომმა, ასევე თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ.

არ დარჩენილა სფერო, რომელზეც პანდემიას სხვადასხვა სიძლიერის ნეგატიური გავლენა არ მოეხდინოს: რეცესიაში გადაიყვანა მრავალი ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნების უმრავლესობაში კვლავ ფიქსირდება ინფლაციის მაღალი ნიშნული, დააზარალა ტურიზმის სფერო, გავლენა მოახდინა განათლებაზე, კულტურაზე, ყველა სახელოვნებო მიმართულების ჩათვლით, სპორტზე და სხვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ცუდში გარკვეული პოზიტივის მარცვალიც არის. ეს პანდემია ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მედიცინის მეცნიერებისთვის დამახასიათებლად უჩვეულო მოკლე დროში შეიქმნა ეფექტიანი პრევენციული იარაღი ვაქცინების სახით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მესენჯერ-ვაქცინების, ე.წ. mRNA-ის შემუშავების პროცესმა განავითარა და წინ წასწია ასევე სიმსივნეების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ტარგეტული, ე.წ. დამიზნებითი თერაპია, რაც ანალოგიურ ტექნოლოგიას ეფუძნება და მედიცინისთვის ახალი განვითარების სტადიის საფეხურია. ასევე შეიქმნა სამკურნალო პრეპარატებიც, რაც საშუალებას აძლევს მაღალი რისკის მქონეებს, უფრო დაცულნი იყვნენ დაინფიცირების შემთხვევაში შედარებით მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური გამოსავლისგან. სერიოზული სტიმული მიეცა ლაბორატორიული მოლეკულური დიაგნოსტიკის, გენეტიკური სეკვენირების და სხვადასხვა პრინციპზე დამყარებულ ახალ მიდგომებს. ეს კი დამატებით გლობალური თანამშრომლობისა და უპრეცედენტო კოლაბორაციის შედეგია. განვითარდა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებმაც საშუალება მისცა მსოფლიოს, დისტანციური ურთიერთობების რეჟიმზე სწრაფად გადასულიყო.

რა გვასწავლა დამატებით პანდემიამ – დღევანდელ დღეს ჯანმრთელობა უმეტესი მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრისას განხილვის საკითხია. ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის შეხვედრის ფარგლებში მინიმუმ ერთი თემა აუცილებლად ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ეხება. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების, როგორიცაა დიდი 7-ნი (G7), დიდი 20-ნი (G20), გაერო, უსაფრთხოების შეხვედრები – დღის წესრიგში მუდმივად რთავენ შემდგომი პანდემიის საწინააღმდეგო მზადებასა და მის ხელშეწყობას. ფაქტობრივად, ეს სულ ცოტა მეორე, თუ უმთავრესი პრიორიტეტი არ არის ჯანმრთელობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასა და პლანეტარულ ჯანმრთელობასთან ერთად. აღნიშნული საკითხები აქტიურად იქნება განხილული იაპონიის მეთაურობით დიდი შვიდიანის მიმდინარე წლის 19-21 მაისის შეკრებაზე, რომელიც სიმბოლურად ჰიროსიმაში ტარდება, ქალაქში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიდი ტრაგედია გამოიარა ატომური ბომბის აფეთქების დამაზიანებელი შედეგების მიზეზით. ასევე სიმბოლურია, რომ დიდი შვიდიანის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები ხვდებიან ნაგასაკიში, მეორე იაპონურ ქალაქში, რომელიც ასევე დაზიანდა ატომური თავდასხმის შედეგად. იაპონიაში ამ შეხვედრის ჩატარება სიმბოლურია იმ მხრივაც, რომ დანარჩენი მონაწილეების ფონზე მან ყველაზე უკეთ მართა პანდემია როგორც არაფარმაცევტული და პრევენციული ღონისძიებების შემოტანა-აღსრულების, ასევე ვაქცინაციის მოცვის მხრივ. შესაბამისად, ყველაზე ნაკლები დაზიანებით განვლო ეს პანდემიური სამი წელი.

ასევე, რაც ნათლად დაგვანახა პანდემიამ, ის გახლავთ, რომ ქვეყნების მზაობის გაუმჯობესება არ არის სტატიკური პროცესი, ის დინამიკურია, მუდმივია და მზადების ერთი ციკლის დასრულების შემდეგ ახალი ეტაპია დასაწყები, ან მიღებული შედეგებია კვლავ შესაფასებელი. ქვეყნებმა უწყვეტად უნდა გააძლიერონ მზადყოფნის მექანიზმები მსგავსი სახის დიდი გამოწვევების დასაძლევად. საერთო ჯამში ეს წაადგება არა მარტო ჯანმრთელობის კრიზისების დაძლევას, არამედ სხვა სახის პრობლემების გადალახვასაც, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმების მიზეზით. ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება და ჩამოყალიბებული მიდგომა აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოლანთროპს, ბილ გეიტს, რომელიც თავის ბოლო წიგნში „როგორ ავიცილოთ შემდგომი პანდემიები“ საუბრობს მუდმივმოქნედი ე.წ. ჯანდაცვის სექტორის მეხანძრეების გუნდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჯანმოს კოორდინაციით ქვეყნებს დაეხმარება არა მარტო ჯანმრთელობის კრიზისების იოლად დაძლევაში, არამედ მშვიდობიანობის პერიოდში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში.

პანდემიამ უჩვენა, რომ ფინანსების დაზოგვა და ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მზარდი და სტაბილური დაფინანსება სჭირდება, ისევე როგორც ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მისი პრიორიტეტების შესასრულებლად. ამ მიდგომის მხარდასაჭერად გასულ წელს მსოფლიო ბანკის ინიციატივით და მნიშვნელოვანი კონტრიბუციით შეიქმნა პანდემიური ფონდი, რაც ქვეყნებს უფრო მეტად დაეხმარება მომზადებაში, გაძლიერებასა და მიზნების მიღწევაში.

ამასთან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ადამიანურ რესურსებს ჯანდაცვის სექტორში და რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მომზადება, განათლება, თანამედროვე ტენდენციების მიყოლა და უწყვეტი მხარდაჭერა. მუდმივად საჭიროა მათი გადამზადება, სამაგიდო და სიმულაციური სავარჯიშოების ჩატარება.

ასევე გვასწავლა, რომ ინვესტიციებია ჩასადები ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის – 21-ე საუკუნის ისედაც მახასიათებელი ტექნოლოგიების განვითარება და როგორც სპეციალიზებული, ასევე საყოფაცხოვრებო კუთხით მათი გამოყენება. პანდემიამ ამ მიმართულების გაძლიერების, ყველა ქვეყნისა და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება თვალნათლივ დაგვანახა.

განვლილმა სამმა წელმა გვაჩვენა, რომ კაცობრიობის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი 21-ე საუკუნეში არის სიცოცხლის მეცნიერებების განვითარება და ინვესტიციების ჩადება ამ მხრივაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოგებული იქნება ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ხელს შეუწყობს ამ მიმართულებას – ახალი ბიოტექნოლოგიური თუ გენეტიკური ინჟინერიისა და სხვა ინოვაციურ მიდგომებზე დამყარებული დიაგნოსტიკური მეთოდების,  პრეპარატებისა და ვაქცინების შექმნას.

დაბოლოს, რაც უშუალოდ ჩვენთვის, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და განვლილი სამი წლის პანდემიიდან გასათვალისწინებელი, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური სამყაროს ნაწილია და გლობალიზაციას, ბევრი პოზიტივისა და განვითარებისთვის ხელშეწყობის გარდა, რისკებიც ახლავს. ამიტომ ჯანდაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული უნდა გახდეს, მეტი ხელშეწყობა კრიზისების საწინააღმდეგო მომზადებაში, სტაბილური მზარდი დაფინანსება და ბალანსირებული ხელშეწყობა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სამედიცინო სერვისების ხარისხის უწყვეტი კონტროლი, სამუშაო ძალის განათლება და გადამზადება, სიცოცხლის მეცნიერებებში კვლევების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაცია ქვეყნის განვითრების დღის წესრიგში ყველაზე აქტუალურ საკითხებს შორის უნდა იყოს. ქვეყანამ უნდა შეძლოს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე მეტი უნივერსალიზმის მიღწევა, მოსახლეობის მეტი ფენის მოცვა და ესენციური სერვისების სიის გაფართოება.

გააზიარე

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *