COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები

თენგიზ ვერულავა
მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

კვლევის მიზანია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტებისა და პედაგოგების პერსპექტივიდან. ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა  თვითადმინისტრირებადი, ონლაინკითხვარის გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამი მსხვილი უნივერსიტეტის 417 სტუდენტმა და 47 პედაგოგმა. რესპონდენტები დადებითად აფასებენ დისტანციური სწავლების პროცესს, რადგან ეზოგებათ ხარჯები, მეტი თავისუფალი დრო რჩებათ, უფრო მეტ  აქცენტს აკეთებენ დამოუკიდებელ სწავლაზე; მათ ახალი გამოსადეგი გამოცდილება და უნარები შეიძინეს, უფრო მობილურები არიან  და შესაძლებლობა აქვთ, ლექციაზე ჩაერთონ ნებისმიერი ლოკაციიდან. დისტანციური სწავლება განსაკუთრებით ზრდის ხელმისაწვდომობას სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. ლიკერტის 5-ბალიანი სკალის გამოყენებით დისტანციური სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს სტუდენტებმა (3,2 ქულა) და პედაგოგებმა (3 ქულა). სტუდენტთა და პედაგოგთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს, რადგან იგი უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ხარვეზებიდან დასახელდა შეზღუდული კომუნიკაცია, ტექნიკური წვდომის სირთულეები, ინტერნეტთან წვდომის დაბალი ხარისხი და გაუმართაობა, არაკომფორტული გარემო, სტუდენტის ჩართულობის ფორმა (სტუდენტის უფლება, არ ჩართოს ვიდეოთვალი, ანუ „დაფაროს“ თავისი სახე, რაც გამორიცხავს ვიზუალურ კონტაქტს და არღვევს ცოდნის გადაცემის, მოსმენისა და ყურების სინთეზს), რთულდება სოციალური ურთიერთობები და ინტერაქცია. ამგვარად, Covid-19-ის ეპიდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაზღვრა განათლების სფეროში ცოდნის უწყვეტად და ხარისხიანად მიღების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის აუცილებლობა. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინრეჟიმში ჩართვა.

* * *

დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, საინტერესოა COVID-19-ის პანდემიის დროს საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესწავლა, რათა აღნიშნული პროცესი უფრო ეფექტიანი გახდეს. კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტებისა და პედაგოგების პერსპექტივიდან.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები და პედაგოგები. აღნიშნული სამი უნივერსიტეტი შეირჩა, რათა წარმოდგენილი ყოფილიყო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები. კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იყო რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა წინასწარ სტრუქტურირებული ონლაინ­­კითხვარი, რომელიც აეწყო Google Forms-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 417 სტუდენტმა (ბაკალავრები – 80.6%, მაგისტრანტები – 18.5% და დოქტორანტები – 4,1%), მათ შორის 26 (6.2%) უცხოელმა სტუდენტმა და 47 პედაგოგმა.

დისტანციური სწავლების თავისებურებები

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და საერთოდ ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე უდიდესი გავლენა მოახდინა (Cao et al. 2020). იგი შეეხო სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო პროცესებს. პანდემიის თანამედროვე სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ კრიზისის შედეგები ყველა დონეზე  წლების განმავლობაში გაგრძელდება და საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას.

მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად, საჭირო გახდა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რასაც საფუძვლად უდევს სოციალური დისტანციის კონცეფცია. სოციალური დისტანცია მიზანმიმართულად ზრდის ფიზიკურ სივრცეს ადამიანებს შორის, ავადმყოფობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

COVID-19-ის პანდემიამ სტუდენტების ყოველდღიური ცხოვრება განსაკუთრებით  შეცვალა. ვირუსის გავრცელების შემცირების ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა მან მრავალი გამოწვევა განაპირობა  როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და, უფრო მეტიც, მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, დამსაქმებლებისთვის და, შესაბამისად, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის. შეიძლება ითქვას, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სრულად გაიხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისინი მაინც ვერ დაუბრუნდებიან პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მოსალოდნელია არსებული სტანდარტების ძირეულად შეცვლა, რომლებითაც ვხელმძღვანელობდით ჩვენი ცხოვრების მრავალ სფეროში (Honorato et al. 2020; Rose, 2020).

თანამედროვე საინფორმაციო ხანაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ უკვე კარგა ხანია, შეცვალა სასწავლო დაწესებულებებში სწავლების ტრადიციული პრაქტიკა: დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები. გაიზარდა სწავლების პროდუქტიულობა, ინტერნეტის საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ, მოიპოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ათასობით კილომეტრის დაშორებით მოისმინონ მათთვის სასურველი ლექციები პირდაპირ, ან ასინქრონულად, ასევე დაუკავშირდნენ და ურთიერთობა დაამყარონ პედაგოგებთან (Berawi, 2020).

დისტანციური განათლება თავისი კონცეფციით და პრაქტიკით გადაიქცა „ნებისმიერ ადგილას“ და „ნებისმიერ დროს“ სწავლების მეთოდად (Shachar & Neumann). დისტანციური სწავლება არის განათლების ფორმა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისა და ინტერნეტის გამოყენებით, სადაც სწავლების პროცესში პედაგოგები და  სტუდენტები ერთმანეთისაგან ფიზიკურად განცალკევებული არიან (Simonson 2016).

გამოყოფენ ონლაინსწავლების ასინქრონულ, სინქრონულ და შერეულ მოდელებს (Ferrari, 2012). სინქრონული ონლაინსწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგი და სტუდენტი ერთდროულად უნდა იყვნენ ონლაინ, თუმცა შესაძლოა, იმყოფებოდნენ უნივერსიტეტისგან დაშორებულ, სხვადასხვა ადგილზე, ხოლო სასწავლო პროცესი დროში გაწერილია. ასინქრონული ონლაინსწავლება არ მოითხოვს მასწავლებლისა და მოსწავლის ერთდროულად ონლაინ ყოფნას და არ არის მკაცრად დროში გაწერილი (მაგ., ონლაინკურსები, ფორუმები, სოციალური ქსელები). შერეული სწავლების მეთოდი აერთიანებს სინქრონული და ასინქრონული სწავლების კომპონენტებს (ბაქრაძე, 2020).

ტრადიციული სწავლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ დიდი გავლენა მოახდინა სტუდენტების სწავლების პროცესის მიმართ დამოკიდებულებაზე. (Verma  et al. 2020). შეიცვალა სტუდენტების პრაქტიკა აკადემიურ მუშაობასთან დაკავშირებით, მათი სოციალური ცხოვრება (დაიხურა საერთო საცხოვრებლები, მეგობრებთან, უნივერსიტეტის კოლეგებთან შეხვედრების არარსებობა, წვეულებებისა და მოგზაურობების გაუქმება და ა.შ.), ისევე როგორც მათი ფინანსური მდგომარეობა (სამუშაოს დაკარგვა) და ფსიქიკური ჯანმრთელობა (შიში, იმედგაცრუება, შფოთვა) (Perz, 2020, Liu et al. 2020).

მიუხედავად გამოწვევისა, ონლაინსწავლებას მრავალი სარგებელი მოაქვს სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა დისტანციური სწავლების ახალი მეთოდების შესწავლა, რომლებიც მანამდე არ იყო გამოყენებული (ვიდეოკონფერენციები, გამოცდებისა და საშინაო დავალებების ონლაინჩატარება, ონლაინლექციების ჩაწერა მათი შემდგომი მოსმენის მიზნით). ონლაინსწავლება განათლების პროცესს უფრო სტუდენტზე ორიენტირებულს, შემოქმედებითს და მოქნილს ხდის. მისი მეშვეობით იქმნება შედარებით თავისუფალი გარემო, სადაც მეტი შესაძლებლობაა ნებისმიერ დროს ადამიანებთან ვირტუალური კომუნიკაციის დასამყარებლად. მცირდება სტრესი, რადგან ლექციების მსვლელობა ფიზიკურ ჩართულობას არ მოითხოვს. პედაგოგებისა და სტუდენტების ერთ სივრცეში ყოფნა ხელს უწყობს ფამილარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გამოცდების ონლაინპირობებში ჩაბარებას უპირატესობა ენიჭება, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად არის შესაძლებელი საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა ნაკლებად სტრესულ გარემოში. გარდა ამისა, ონლაინსწავლება პედაგოგებთან მუდმივ ჩართულობას გულისხმობს და, შესაბამისად, ამცირებს დისტანციურობას.

ონლაინსწავლება ხელს უწყობს განათლების ხარჯების შემცირებას, კერძოდ, მცირდება საცხოვრებელი ბინის ქირაობისა და ტრანსპორტირების ხარჯები (Chen, 2011).  იგი ასევე ამცირებს სასწავლო ადგილის ქირაობის და სწავლებისთვის საჭირო ინვენტარის (მერხები, სკამები) ხარჯებს. იქმნება შესაძლებლობა, სტუდენტებმა მარტივად მიიღონ სხვადასხვა სასწავლო  რესურსი დროისა და ადგილის შეზღუდვის გარეშე (Molotsi, 2020; Rienties, 2016). ონლაინსწავლება განსაკუთრებით ეფექტიანი და ადვილად ხელმისაწვდომია სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. თვითმართვადი ელექტრონული სწავლება საშუალებას აძლევს სტუდენტს, დამოუკიდებლად წარმართოს თავისი საქმიანობა (Peine et all. 2016). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იგი აღიქმება, როგორც საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების საჭირო ინსტრუმენტი, განსაკუთრებით – განვითარებად ქვეყნებში.

მიუხედავად ელექტრონული სწავლების  მოქნილობის, სიმარტივისა და ეკონომიურობისა, მას თან სდევს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის პრობლემა, ტექნოლოგიური სირთულეები, პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტსერვისების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, დამწყები ონლაინსტუდენტებისთვის უცნობ ტექნოლოგიებთან ადაპტირების სირთულე (Friedman, 2020).

პირველ რიგში, ეს არის ტელეკომუნიკაციური ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. საქართველოში ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ინფრასტრუქტურული დონე საშუალოზე დაბალია. ლექციების დროს კავშირი შეიძლება გაწყდეს და სტუდენტებს თავიდან უწევთ შესვლა სესიის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, ზოგ სტუდენტს ნაკლებად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და მხოლოდ გამოცდების დროს ახერხებს მის გამოყენებას. მთლიანობაში ტექნოლოგიური განუვითარებლობა აფერხებს ონლაინსწავლების პროცესში სრულფასოვნად და ადეკვატურად ჩართვას.  ტექნოლოგიისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში უთანასწორობა განსაკუთრებით თვალში საცემია ღარიბი სტუდენტების შემთხვევაში. პანდემიამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს სტუდენტებს შორის განსხვავება, რაც უარყოფითად აისახება მათ განათლებაზე.

ონლაინსწავლების მეთოდი განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა მსგავსი დარგები, სადაც  პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შეზღუდული შესაძლებლობა იკვეთება. მედიცინის სტუდენტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გარემოში პაციენტებთან ურთიერთობით შეძენილ სწავლას და ის სრულად ვერ ჩანაცვლდება დისტანციური სწავლებით. გარკვეულწილად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ვირტუალური პაციენტების (VP) და რეალური კლინიკური სცენარების სიმულაციის გამოყენებით.

საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცე, აუდიტორიები სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, დაამყარონ პირდაპირი, უშუალო კომუნიკაცია ერთმანეთთან. იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, იძლევა ინტერაქციისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას. საგანმანათლებლო პროცესის ონლაინფორმატში გადანაცვლებამ ნეგატიური გავლენა იქონია სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და გამოიწვია ისეთი პრობლემები, როგორიცაა სტრესი, სოციალური იზოლაცია და დეპრესია (Laffier, 2019). სოციალური იზოლაცია და აქტივობების მკვეთრი შემცირება აქვეითებს ახალგაზრდების მოტივაციას, იწვევს არაპროდუქტიულობის განცდას, საქმის გადადებას (Fawaz & Samaha, 2021).

კვლევის შედეგები

კვლევაში მონაწილე სტუდენტებმა და პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს დისტანციური სასწავლო პროცესი. -ბალიან სკალაზე სტუდენტების საშუალო შეფასებამ 3,2 ქულა შეადგინა, ხოლო პედაგოგებისამ – 3 ქულა.

სტუდენტების უმრავლესობა ეთანხმება (43.9%) და მეტ-ნაკლებად ეთანხმება (27.8%) დებულებას, რომ ონლაინსწავლებისას მეტი დრო ეზოგება სწავლაზე. ამასთან, სტუდენტების მეტი ნაწილი ეთანხმება (45.3%) და მეტ-ნაკლებად ეთანხმება (36.9%) მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მეტი თავისუფალი დრო რჩებათ, რადგან არ უწევთ დროის დაკარგვა გზაში, უნივერსიტეტში წასვლა-წამოსვლაზე და შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ ამა თუ იმ დისციპლინის სრულფასოვან შესწავლას ან დაკავდნენ მათთვის საინტერესო საქმიანობით.

სტუდენტების 65.7% და პედაგოგების 68% აღიარებს, რომ ზოგადად მოსწონთ სახლიდან მუშაობა. სტუდენტების 78.4%-ისა და პედაგოგების 85%-ის მტკიცებით, მათ დისტანციური სწავლებისათვის სახლში კომფორტული პირობები აქვთ, რადგან დისტანციურად ლექციის ჩატარება შეიძლება იყოს მობილური და სტუდენტს ან პედაგოგს შესაძლებლობა აქვს, ლექციაზე ჩაერთოს ნებისმიერი ლოკაციიდან –  მთავარია, ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა.

კვლევის მიხედვით, ონლაინსწავლების მომხრეები თვლიან, რომ იგი ამცირებს აუდიტორიულ გაკვეთილებზე დასასწრებად საჭირო სამგზავრო ხარჯებს. ონლაინსწავლება განსაკუთრებით ეფექტიანი  და ადვილად ხელმისაწვდომია სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ დისტანციური სწავლებით, რადგან მათ მიეცათ შესაძლებლობა, დაზოგონ საცხოვრებელი ბინის ქირაობის ხარჯები.

სტუდენტების უმრავლესობა სრულად ეთანხმება (41%) ან მეტ-ნაკლებად ეთანხმება (33.1%) მოსაზრებას, რომ ისინი მეტად ახერხებენ ლექციებზე დასწრებას დისტანციური სწავლების პირობებში. სტუდენტთა აზრით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ მათ ახალი, გამოსადეგი უნარები და გამოცდილება შესძინა (79,7%), ხოლო უნივერსიტეტის მიერ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზების ხარისხი ძალიან კარგია (80%). ონლაინსწავლის  დროს შესაძლებელია ლექციების ჩაწერა, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს დამოუკიდებელ სწავლაზე, თავად გამოიმუშაოს მოქმედების უნარ-ჩვევები. სტუდენტი ეუფლება თვითგანათლების, თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის, დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარებს.

აგრეთვე აქვს საშუალება, გაეცნოს და პრაქტიკულად გამოიყენოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობები. სტუდენტთა 85.1%-ისა და პედაგოგთა 91.5%-ის აზრით, ინტერნეტთან წვდომა არ იყო პრობლემური და, შესაბამისად, მათ დროულად ჰქონდათ წვდომა ონლაინლექციებზე. სტუდენტთა და პედაგოგთა უმრავლესობა მზად იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასავლელად, რადგან მანამდეც ჰქონდათ ლექციები ონლაინრეჟიმში. ამის შესახებ განაცხადა სტუდენტების 50.6%-მა და პედაგოგების 83%-მა. რაც შეეხება წინარე გამოცდილებას, სტუდენტების 20.3%-სა და პედაგოგების 17.1%-ს პანდემიამდე ნაკლებად ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა ონლაინსწავლების  რეალური პრაქტიკა და გამოცდილება და ბევრი რამის სწავლა დასჭირდა ან ყველაფრის სწავლა ნულიდან მოუწია. ისინი იძულებული გახდნენ, დაუფლებოდნენ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს (Zoom; Teams; Skype..), აგრეთვე ვიდეოკონფერენციების ჩაწერის, ეკრანის გაზიარების და სხვადასხვა ტექნიკურ უნარს.

სტუდენტების (69%) და პედაგოგების (81%) უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. ამ მეთოდით კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლად მცხოვრები სტუდენტები (77%), ქალაქად მცხოვრები სტუდენტები (67.7%), დაუსაქმებელი სტუდენტები (69%), სწავლის პარალელურად სრულ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები (65%) და უცხოელი სტუდენტები (100%). აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ სწავლების სინთეზური მეთოდი ყველაზე უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ასეთი არჩევანი საშუალებას აძლევს მათ, ვინც ამჯობინებს განათლების მიღებას დისტანციურად, აირჩიონ ონლაინკურსი, ხოლო მათ, ვინც კარგად ითვისებს მასალას მხოლოდ უშუალო კომუნიკაციის საშუალებით – აირჩიონ აუდიტორიული სწავლება. ამ მხრივ, აუცილებელია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს, ლექციას აუდიტორიაში დაესწროს თუ სწავლას ონლაინრეჟიმში შეუერთდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უდავოდ ეფექტიანი აღმოჩნდა კოვიდპანდემიისაგან თავის დასაცავად, არსებობს ბევრი ხარვეზი. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს დისტანციური სწავლების შეზღუდული კომუნიკაციით, ტექნიკური სირთულეებით და არაკომფორტული გარემოთი. ყველაზე პრობლემური სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლებისათვის საჭირო კომფორტული სამუშაო ადგილია. პედაგოგების აზრით, ონლაინსწავლებისას ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სტუდენტების მიერ გამოყენებული ტექნიკის სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები (59.6%). პედაგოგთა 57% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათ მეტი ძალისხმევის გაღება ესაჭიროებათ ონლაინმეთოდით სწვალებისას.

კვლევის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა ნაწილის (15.6%) ინტერნეტთან წვდომა იყო პრობლემური. იგი პირველ რიგში დაკავშირებულია საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (განსაკუთრებით, სოფლებში) ინტერნეტის დაბალ ხარისხთან და გაუმართაობასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ ჩართვას როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყოველივე ეს კი იწვევს სტუდენტის ცოდნის დაბალ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი დაბრუნდა რაიონებში, რომ დაეზოგათ ბინის ქირის გადასახადი, თუმცა, ამ დროს შეექმნათ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, შესაბამისად, ონლაინსწავლება მათთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.

ზოგ შემთხვევაში დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის გამოცდილების არარსებობის გამო, საწყის ეტაპზე, ლექციის ტექნიკურ ორგანიზებაზე იხარჯებოდა ძალიან დიდი დრო (პლატფორმაზე შემოსვლა, მიკროფონის ჩართვა, კამერის გასწორება და ა.შ.), რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა ონლაინლექციის ხარისხზე.

პედაგოგებისათვის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სტუდენტის ჩართულობის ფორმა (სტუდენტის უფლება, „დაფაროს“ თავისი სახე). სტუდენტს უფლება აქვს, არ ჩართოს ვიდეოთვალი, ანუ „დაფაროს“ თავისი სახე, რაც გამორიცხავს ვიზუალურ კონტაქტს და არღვევს ცოდნის გადაცემის ბუნებრივ, მოსმენისა და ყურების სინთეზს. შესაბამისად, პედაგოგს უძნელდება იმის გაგება, რამდენად აღიქვეს ახსნილი სალექციო მასალა სტუდენტებმა. ამასთან, გამორთული ვიდეოთვალის შემთხვევაში, შესაძლებელია, სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ვერ ახერხებდნენ მასალაზე კონცენტრაციას. სტუდენტები თვლიან, რომ კომპიუტერის ეკრანთან სწავლების პროცესი მოსაწყენია და ნაკლები მოტივაცია უჩნდებათ, რომ ლექციებში ჩაერთონ.

სტუდენტების (72.7%) და პედაგოგების (76.6%) უმრავლესობის აზრით,დისტანციური სწავლების რეჟიმი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე, მიუხედავად იმისა, რომ,  მათი პასუხების მიხედვით, ლექციებზე დასწრების სიხშირე გაიზარდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტის ცოდნის შეფასების ტესტური მეთოდიკა. ზოგჯერ ცოდნის შესამოწმებლად იყენებენ დახურული ტიპის ტესტირებას, რომელსაც თან ახლავს „შპარგალკა“ – რამდენიმე სავარაუდო პასუხი. ეს მეთოდი მეხსიერებას უფრო ამოწმებს, ვიდრე ცოდნას და გამორიცხავს სტუდენტის აზროვნებას, მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას.

კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციური სწავლების დროს შეცვლილ გარემოში რთულდება სტუდენტების სოციალური ურთიერთობები და ინტერაქცია. დისტანციური სწავლების დროს ისინი კარგავენ სოციალიზაციის და ახალი მეგობრების შეძენის ადგილს. ჩვეულებრივ, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო შთაბეჭდილებების მომტანი და დასამახსოვრებელია, როგორც ბედნიერი წარსულის მოგონება. ამასთან, სტუდენტებს ტრადიციული სწავლის დროს უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ლექტორებთან არა მარტო აუდიტორიებში, არამედ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კაფეებში, სხვადასხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, სადაც ხდებოდა სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. ამ მხრივ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია უცხოელი სტუდენტების ფაქტორი, რომელთა სოციალიზაციის ერთადერთი წყარო უნივერსიტეტია.

კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებისა და პედაგოგების უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობა, რაც სჭირდება დისტანციურ სწავლებას (კომპიუტერი, პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი და სხვ.). მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება: ინტერნეტრესურსებიდან აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი სასწავლო პლატფორმა და კომფორტული აქტივობა. სტუდენტების 68.3% და პედაგოგთა 64% ონლაინსწავლების რეჟიმისთვის ძირითადად Moodle-ის პლატფორმას იყენებს. თუმცა, ასევე იყენებენ WhatsApp-ის, Skype-ის პლატფორმებს  (სტუდენტების 14%, პედაგოგების 38%). დისტანციური სწავლის დროს ასევე ხშირად მიმართავენ მობილურ ტელეფონებს სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით. მობილური მოწყობილობები მარტივი და კომფორტული გამოსაყენებელია და ისინი სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში მობილური ტელეფონების გამოყენება დაკავშირებულია კომპიუტერების არქონასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ მიცემული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, ანუ უხდებათ ხელით წერა, შემდეგ სურათის გადაღება და მეილით ან ე.წ. მესენჯერით გადმოგზავნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი სტუდენტი კომპიუტერულ ტექნოლოგიას სათანადო დონეზე ვერ ფლობს.

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ XXI საუკუნის ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური პროცესები დიდ ზეგავლენას ახდენს განათლების პროცესებზე. Covid-19-ის ეპიდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაზღვრა განათლების სფეროში ცოდნის უწყვეტად და ხარისხიანად მიღების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის აუცილებლობა. პანდემიისგან თავის დასაცავად შემოვიდა სწავლების ონლაინრეჟიმი  თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, რამაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა როგორც სტუდენტი, ასევე პედაგოგი. ონლაინსწავლება  სტუდენტებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების შეძენაში ეხმარება, ზრდის თვითორგანიზების უნარებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს. თუმცა, დისტანციური სწავლების რეჟიმმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტუდენტის პიროვნულ განვითარებას. შესაბამისად, დისტანციური სწავლების დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ფსიქოლოგების რეკომენდაციები. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინრეჟიმში ჩართვა.

დანართი: ცხრილები

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Cao, W.; Fang, Z.; Hou, G.; Han, M.; Xu, X.; Dong, J.; Zheng, J. The psychological impact of the COVID-19 epidemic on college students in China. Psychiatry Res. 2020, 287, 1–5.
  2. Honorato, E.; Machado, A.; Therense, M.; Martins, G.; Marangoni, V.; Lemos, S. Waves of Mental Health Demands During the COVID-19 Pandemic. Preprints 2020, 2020050255.
  3. Rose, S. Medical Student Education in the Time of COVID-19. JAMA 2020, 323, 2131–2132.
  4. Berawi, M.A., 2020. Empowering Healthcare, Economic, and Social Resilience during Global Pandemic Covid-19. International Journal of Technology, Volume 11(3), pp. 436–439
  5. Shachar M, Neumann Y. Differences between traditional and distance education academic performances: a meta-analytic approach. Int Rev Res Open Dist Learn. (2003) 4:1–20. doi: 10.19173/irrodl.v4i2.153
  6. Simonson GAB. Distance Learning Education. Britannica: Encyclopedia Britannica, Inc. (2016).
  7. Ferrari, A. (2012). Digital competence in practice: An analysis of frameworks.
  8. ლალი ბაქრაძე. ახალი საგანმანათლებლო რეალობა ტერმინები, გამოწვევები, რეკომენდაციები. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი. 2020 წელი
  9. Verma A, Verma S, Garg P, Godara R (2020) Online teaching during COVID-19: perception of medical undergraduate students. Indian J Surg 82(3):299–300.
  10. Perz, C.A.; Lang, B.A.; Harrington, R. Validation of the Fear of COVID-19 Scale in a US College Sample. Int. J. Ment. Health Addict. 2020.
  11. Liu, X.; Liu, J.; Zhong, X. Psychological State of College Students During COVID-19 Epidemic. Lancet Prepr. 2020.
  12. Chen, J.-L., 2011. The Effects of Education Compatibility and Technological Expectancy on e-Learning Acceptance. Computers & Education, Volume 57(2), pp. 1501–1511
  13. Molotsi, A. R. (2020). The university staff experience of using a virtual learning environment as a platform for e-learning. Journal of Educational Technology & Online learning, 3(2), 133-151. https://doi.org/10.31681/jetol.690917
  14. Rienties, B., Giesbers, B., Lygo-Baker, S., Ma, H. W. S., & Rees, R. (2016). Why some teachers easily learn to use a new virtual learning environment: A technology acceptance perspective. Interactive Learning Environments, 24(3), 539-552. DOI: https://doi.org/10.1080/10494820.2014.881394
  15. Al-Rahmi, W.M., Alias, N.B., Othman, M.Z., Alzahrani, A.I., Alfarraj, O., Saged, A.A.G., Rahman, N.S.A., 2018. Use of E-Learning by University Students in Malaysian Higher Educational Institutions: A Case in Universiti Teknologi Malaysia. IEEE Access, Volume 6, pp. 14268–14276
  16. Friedman J. Tackle Challenges of Online Classes Due to COVID-19. (2020). Available online at: https://www.usnews.com/education/best-colleges/articles/how-to-overcome-challenges-of-online-classes-due-to-coronavirus
  17. Laffier J. On‐line learning: why is it a source of stress for some post‐ secondary students? In E‐Learn: World Conference on E‐Learning in Corporate, Government, Healthcare, and Higher Education. 2019; pp. 306–315. Association for the Advancement of Computing in Education (AACE).
  18. Fawaz M, Samaha A. E‐learning: Depression, anxiety, and stress symptomatology among Lebanese university students during COVID‐19 quarantine. Nurs Forum. 2021;56:52–57

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.