ჯანმრთელობის პოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

Health cover - web

Forbes HEALTH-ი ჯანმრთელობის პოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, რომელიც Forbes Georgia-ს, თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტისა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ინიციატივით დაფუძნდა.

2020 წელს საქართველოში საინფორმაციო სივრცე დატვირთული იყო ჯანდაცვის საკითხებით – წლის დასაწყისში განხილვის საგნად იქცა ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილება, თუმცა მალევე სრულიად განსხვავებული მასშტაბის თემა გამოჩნდა საინფორმაციო სივრცეში: COVID-19-ის პანდემია და მისი მართვა.

თემატიკის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: ინფორმაციის მაღალი ტექნიკური ღირებულება და გადმოცემის ფორმის კორექტულობა.

სწორედ Forbes HEALTH-ი მისცემს დარგის სპეციალისტებს საშუალებას, საზოგადოებას ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და გამოწვევებზე გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები და ამასთან, წარმართონ არგუმენტებით გამყარებული მსჯელობა პროფესიული სტანდარტის დაცვით. ჯანმრთელობის პოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ემსახურება:

  • ჯანდაცვის დარგში არსებული პრობლემების, მათ შორის COVID19-ის ეპიდემიის მართვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
  • ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთათვის არჩევანის გაადვილებას დასაბუთებული, განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებით;
  • ჯანდაცვის დარგში პოლიტიკურად ნეიტრალური, ემოციურად დაუტვირთავი ტექნიკური დისკუსიის ფორმატის დამკვიდრებას.

პლატფორმაზე მკითხველები სამი სახის პროდუქტს მიიღებს:

  • ტექნიკური პუბლიკაციები: Forbes HEALTH-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდება ტექნიკური პუბლიკაციები ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულ საკითხებზე. პუბლიკაციებს პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და მოწვეული ავტორები მოამზადებენ. მკითხველს საშუალება ექნება, ტექნიკურ პუბლიკაციებზე დატოვოს საკუთარი მოსაზრება და ამავდროულად, დაუსვას კითხვები ავტორს.
  • საჯარო დისკუსიები: პერიოდულად Forbes HEALTH-ის ორგანიზებით მოეწყობა ონლაინ-დისკუსიები ჯანდაცვისა და მომიჯნავე სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.
  • კონფერენცია: 2021 წლის ივნისში Forbes HEALTH-ის ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია „ჯანმრთელობის პოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“, რომელშიც მონაწილეობას ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტები, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. კონფერენცია იმსჯელებს ჯანდაცვის რეფორმაზე და შეიმუშავებს მისი განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

პლატფორმის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გოცაძე, აკაკი ზოიძე, ქეთევან ჩხატარაშვილი, გიორგი შაქარიშვილი, დავით გზირიშვილი, მარიამ ჯაში და გიორგი ისაკაძე.

გიორგი გოცაძე ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სპეციალისტია, 60-მდე ქვეყანაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. უკვე 25 წელზე მეტია, ხელმძღვანელობს საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“, ამავდროულად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯანდაცვის დაფინანსებისა და პოლიტიკის მიმართულებით. მარიამ ჯაშს 23-წლიანი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური დაფინანსების საკითხებში, მუშაობდა როგორც სამთავრობო, ისე არაკომერციულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დავით გზირიშვილი პროფესიით ექიმია, ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას. გიორგი შაქარიშვილი გლობალური ჯანდაცვის ექსპერტია, ის ამჟამად ჟენევაში გლობალური ფონდის უფროსი სპეციალისტია ჯანდაცვის სისტემების მიმართულებით, ასევე არის მელბურნის უნივერსიტეტის საპატიო ასოცირებული პროფესორი და თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ქეთევან ჩხატარაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი და ექიმია, ის 2017 წლიდან დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მსოფლიოს 16 ქვეყანაში. აკაკი ზოიძე ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების საერთაშორისო ექსპერტია მრავალწლიანი გამოცდილებით, ის ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ისაკაძე Forbes Georgia-სა და Business Media Georgia-ს მთავარი რედაქტორია, ის არის ავტორი და წამყვანი გადაცემებისა: „საქმიანი დილა“, „საქმის კურსი“, „Forbes კვირა“ და „ForbesTalks“-ი.

გააზიარე

3 კომენტარი

  1. კარგია საუკეთესო ექსპერტების შემოთავაზებების, შეხედულებების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მადლობა ინიციატივისთვის…

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *