საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფები და პოლიტიკა - დამოკიდებულებების და განწყობების კვლევის შედეგები

Forbes-WEB-22021408

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ პარტნიორ ორგანიზაცია – „მონაცემთა კვლევის ჯგუფთან“ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების განწყობები და დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების დადგენილ ტარიფებთან და მიმდინარე ტარიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით.

Forbes HEALTH წარმოგიდგენთ კვლევის ძირითად მიგნებებს:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ სამედიცინო მომსახურების ფასის დადგენის პროცესი

აღნიშნული ასპექტის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია: კერძოდ, სახელმწიფოს წარმომადგენლები თვლიან, რომ სამედიცინო მომსახურების ფასის დადგენის პროცესი გამჭვირვალე იყო და ამასთან, უზრუნველყოფილი იყო პროვაიდერების თანამონაწილეობაც.

განსხვავებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და პროვაიდერების პოზიცია – ისინი ფასის დადგენის მეთოდოლოგიის არათანმიმდევრულობაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ სასურველია ჯანდაცვის სამინისტრომ იხელმძღვანელოს კონკრეტული ჩარჩო-მეთოდოლოგიით, რათა შეიზღუდოს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა და გამოწვევების პროგნოზირება გამარტივდეს.

საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ პროვაიდერების გადაწყვეტილებას, არ ემოქმედათ პროაქტიურად და თავადვე არ შეემუშავებინათ სამედიცინო მომსახურების ფასის დადგენის მეთოდოლოგია. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ამ თემაზე საგნობრივ დისკუსიას.

ფასების კორექტირება 2013 წლიდან და 520-ე დადგენილება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ფასის გადახედვა საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებაში გათვალისწინებულია და კლინიკებს აქვთ უფლება, არგუმენტირებული დასაბუთებით მოითხოვონ ფასის კორექტირება 10%-ის ფასებში.

კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნული უფლება კლინიკებს პრაქტიკაში შეეზღუდათ. კვლევაში გამოკითხული რესპოდენტები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან, და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2011-2012 წლის საბაზისო მინიმუმზე დაფუძნებული ფასების კორექტირება არ მომხდარა, სულ მცირე, მზარდი ინფლაციის საპასუხოდაც კი.

პროვაიდერების შეფასებით, დაფიქსირებული ფასები რისკს უქმნის სამედიცინო დაწესებულებების ფინანსურ მდგრადობას და თავად სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამასთან, კერძო პროვაიდერების შეფასებით, დადგენილი ფასები არაადეკვატურად დაბალია – განსაკუთრებით ნეგატიურია დამოკიდებულება 520-ე დადგენილებაზე – პროვაიდერების შეფასებით, აღნიშნული დადგენილება მიზნად მხოლოდ საბიუჯეტო დანახარჯების შეკავებას ისახავდა და რისკები, მათ შორის მომსახურების ხარისხის და კლინიკების ფინანსური მდგრადობის რისკები, გათვლილი არ იყო.

ამ ნაწილში დამოკიდებულებები და განწყობები მნიშვნელოვნად არის აცდენილი სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. კერძოდ, კვლევის მონაწილეებმა საჯარო სექტორიდან განაცხადეს, რომ 520-ე დადგენილებით გამოწვეული უკმაყოფილება კერძო სექტორში დაძლეულია. თუმცა, კვლევის მონაწილეები კერძო სექტორიდან საპირისპირო პოზიციებს აჟღერებენ და 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გადაუდებელი ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებენ.

საგულისხმოა, რომ კვლევის რესპოდენტები არ ეწინააღმდეგებიან ტარიფიკაციის პროცესს, თუმცა, მოითხოვენ, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაც უზრუნველყოფილი იყოს. კერძო სექტორისა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, ტარიფიკაციის პროცესი არ უნდა იყოს ფოკუსირებული ფასების მექანიკურ შემცირებაზე – მათი თქმით, უნდა მოხდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების რაციონალური განფასება მკაფიოდ გაწერილი ფასწარმოქმნის ინსტრუმენტით.

ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებული გაურკვევლობები

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები მზარდია, საქართველოში ჯანდაცვისთვის ჯიბიდან გადახდის წილი კვლავ მაღალია და ამასთან, იზრდება პაციენტებისთვის გამაღარიბებელი დანახარჯების წილი. კვლევის თანახმად, ყველაზე მძიმე ფინანსური ტვირთი მედიკამენტების შეძენას უკავშირდება.

ამასთან, კვლევის რესპოდენტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, ასევე ექსპერტები, აღიარებენ, რომ პაციენტებისთვის ამჟამად რთულია გაერკვნენ რომელ სერვისში რა მოცულობის თანხის გადახდა უწევთ. თუმცა, რესპოდენტები ასევე თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე ჯიბიდან გადასახდელი თანხის ზედა ზღვრის დადგენა არარეალისტური და ნაკლებად პრიორიტეტულია.

კვლევაში მონაწილე საჯარო მოხელეები იმედოვნებენ, რომ ერთიანი ტარიფების დადგენის შემდეგ ჯიბიდან გადახდილი თანხის მოცულობა ჰოსპიტალური მომსახურებისთვის შემცირდება.

სელექციური კონტრაქტირება

კვლევის რესპოდენტების შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ამბულატორიული და ჰოსპიტალური კლინიკების რაოდენობის უკონტროლო ზრდა გამოიწვია. 2021 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ დააანონსა საწოლფონდის რეგულირება და სელექციური კონტრაქტირება – აღნიშნულ გადაწყვეტილებას იწონებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.

DRG – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, DRG სისტემის დანერგვა დაწყებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ პროცესი გაჭიანურებულია და მეტიც, გაურკვეველია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო DRG სისტემის ფართო დანერგვასა და ვადებთან დაკავშირებით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პორტალის დახურვა

კვლევაში მონაწილე პროვაიდერები ნეგატიურად აფასებენ სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პორტალის დახურვას. მათი შეფასებით, კლინიკებს აღარ ეძლევათ საშუალება ახალი კოდების რეგისტრაციის საშუალებით ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები დანერგონ.

საჯარო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, პორტალის დახურვა აუცილებელი იყო, ვინაიდან, კლინიკები ხელოვნურად ქმნიდნენ ჩარევის ახალ კოდებს, რათა სასურველი ფასები დაერეგისტრირებინათ. მათი შეფასებით, ეს შეუძლებელს ხდიდა სისტემის ოპერირებასა და მონაცემთა ანალიზს.

რეკომენდაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯების ზრდის კონტროლისთვის

კვლევაში ასევე წარმოდგენილია ის რეკომენდაციები, რომლებიც, პროვაიდერებისა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, დანახარჯების ზრდის რაციონალურ კონტროლს გახდის შესაძლებელს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების დროული და პარალელურ რეჟიმში განხორციელება;
  • გაგრძელდეს დაგეგმილი სტრატეგიების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:
    ა) ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება;
    ბ) დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვა;
    გ) სელექციური კონტრაქტირება;
    დ) პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევის განხორციელება.
  • ჯანდაცვის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება;
  • გადაიხედოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი: რა ტიპის სერვისებს, რა მოცულობით და მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის თანაგადახდის რა სისტემით დააფინანსებს სახელმწიფო;
  • პროგრამის დიზაინი არათუ უნდა კრძალავდეს, არამედ ახალისებდეს სადაზღვევო პაკეტების შეძენის შესაძლებლობას პროგრამით მოსარგებლეთა მიერ;
  • პროგრამის ადმინისტრირების პრაქტიკის ცვლილება და შუამავალი რგოლის ჩართვა, რომელთა ვალდებულება გახდება სერვისების უტილიზაციის მართვა (დამოუკიდებელი მესამე მხარე, ან სადაზღვეო კომპანიების შუამავლობით);
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვის, ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის გაუმჯობესება – რელევანტური და სპეციფიკური ინდიკატორების შემუშავება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის შესაფასებლად ACSC ანალიზი;
  • 520-ე დადგენილებისგან გამომდინარე შედეგების და პროგნოზების ანალიზი და დადგენილების რევიზია შესაბამისად;
  • ფასწარმოქმნის გაწერილ მეთოდოლოგიაზე შეთანხმება;
  • პაციენტებისთვის არჩევანის უფლება – ე.წ. balance billing-ის დაშვება იმ პირობით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კოდების მიხედვით მომსახურების ზედა ზღვრის დადგენა;
  • ძვირადღირებული სამედიცინო მასალის შესყიდვებისას სახელმწიფოს მოლაპარაკების ძალაუფლების გამოყენება და კონსოლიდირებული ტენდერის გზით დანახარჯების ოპტიმიზაცია;
  • ადამიანური რესურსების მართვა და სწორი ბალანსი ძვირადღირებულ ექიმის მომსახურებასა და საშუალო მედპერსონალის მომსახურებას შორის.

კვლევა, რომლის ავტორიც მზია ტაბატაძეა, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: დამოკიდებულების და განწყობების კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ტარიფებთან და პოლიტიკის დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

გააზიარე

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *