ჰილტონიზებული ბათუმი

ჰილტონიზებული ბათუმი

ორი წლის წინ Hilton-ი 38-ე ადგილზე ირიცხებოდა Forbes-ის კერძო კომპანიათა მსოფლიო რეიტინგში, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ყველაფერი შეიცვალა –კომპანიამ აქციების საჯარო განთავსება განახორციელა. IPO-ს შემდეგ Hilton-მა დაკარგა კერძო კომპანიის სტატუსი, თუმცა მისმა შეფასებამ $22.2 მილიარდს მიაღწია და მსოფლიოში ამ სახელით ბრენდირებული სასტუმროების რიცხვმა სწრაფი ზრდა დაიწყო.

სადღეისოდ Hilton Worldwide-ის ბრენდის ქოლგის ქვეშ დაახლოებით 4100 სასტუმრო იყრის თავს, რაც ნიშნავს 680 ათასზე მეტ ოთახს 90-ზე მეტ ქვეყანაში. წელს ამ ქვეყნების რიგს საქართველოც შეემატა.

წლების განმავლობაში Hilton-ი სასტუმროების ტრადიციული კომპანიიდან კონსულტანტ კომპანიად გარდაისახა. ბიზნესმოდელში აგრესიული ცვლილების დანერგვა მისმა ახალმა მფლობელმა, კერძო საინვესტიციო კომპანიამ, Blackstone Inc-მა დაიწყო. სადღეისოდ Hilton-ის სასტუმროებიდან 4%-ზე ნაკლებია კომპანიის პირდაპირ, ან საიჯარო საკუთრებაში – დღეს იგი მეტწილად მენეჯმენტის განმახორციელებელი, ფრანშიზული კომპანიაა. საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდა: კომპანია ქვეყანაში ორი სასტუმროთი, ორი განსხვავებული სამენეჯმენტო ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა. ამ ზაფხულს ბათუმში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის Hilton Hotels & Resorts-ი გაიხსნება, ხოლო 2016 წელს იგი დედაქალაქსაც მისწვდება Hilton Garden Inn-ის სახელგანთქმული ბრენდის სასტუმროთი.

სანაპიროსა და ტბას შორის მოქცეული, თითქოს ზღვის ქაფიდან დაბადებული 247-ოთახიანი Hilton Batumi დამსვენებლებსა და ბიზნესვიზიტორებს გამორჩეული რესტორნით შეეგებება და მზის უკანასკნელ სხივებსაც გააცილებინებს ფართო ტერასიდან, თუ სახურავზე მოთავსებული ბარიდან, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. სასტუმრო რამდენიმე დანიშნულების სივრცეს გააერთიანებს, რომელთაგან კაზინო და გამაჯანსაღებელი კლუბი, Eforea Spa, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

Hilton Batumi-ს სტიუარტ ნელსონი მართავს. სწორედ მან და მისმა გუნდმა უნდა განაპირობონ დიდი აფეთქება, რომელიც ბათუმის ტურისტულ მიკროკოსმოსში ახალ, ყველაზე კაშკაშა თანავარსკვლავედს დაბადებს. ამ ახალმა გრავიტაციულმა ველმა თავისი ორბიტის გარშემო სტუმრები მთელი მსოფლიოდ უნდა შემოიკრებს.

ეს შოტლანდიელი კაცი, რომელიც მოზღვავებული ტემპერამენტით და ძალიან დახვეწილი ბრიტანული იუმორით საუბრობს ნატვირთ საქმეზე, მისი თანამემამულეების სახასიათო პირდაპირობით, გულღიაობითა და სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩევა (ჟურნალისტებს არ გირჩევთ მასთან გასტრონომიულ და კულტურის საკითხებზე ლაპარაკს ინტერვიუს დროს, თუ დიქტოფონისთვის სათადარიგო ელემენტები არ გიყრიათ ჯიბეში, სხვებს კი მხოლოდ ამას გირჩევთ).

აშკარაა, მისთვის საქართველო არაა რიგითი ქვეყანა იმ რამდენიმეს შორის, რომლებშიც 8 წლის განმავლობაში Hilton-ისთვის მუშაობა მოუწია მას შემდეგ, რაც “გადასარევი 3 წელი” გაატარა ხმელთაშუა ზღვაში საკუთარ იახტაზე, მოგზაურობის ზურგის ქარით ატანილმა. არაოფიციალური ვახშმისას იგი გულმოდგინედ მჟღენთდა შოტლანდიური ვისკით და გატაცებით მესაუბრებოდა ისტორიაზე: “ჩვენთან, ჯერ კიდევ რომაულ ეპოქაში იყვნენ პიქტური ტომები. თუ ნახავთ მათ ამონაკვეთებს ქვაზე და იმათაც, რაც მე აქ ვიხილე, მიხვდებით – ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა სახლში დაბრუნებაა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. აუცილებლად უნდა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს აქაურობის შესახებ”, – მეუბნებოდა Hilton Batumi-ს გენერალური მენეჯერი.

ასეთ რესპონდენტებთან ყოველთვის ის უფრო საინტერესოა, რაც ჩამწერის მიღმა, ან სიტყვებს შორის რჩება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ – როგორც თავად ხუმრობით უწოდებს – “მოსაწყენ საკითხებზე” ინტერვიუთი შემოვიფარგლოთ. დანარჩენი თქვენთვისაც წინაა – ზაფხული მოდის! ზაფხული, რომელსაც ბათუმი Hilton-ის ახალი ტონითა და წონით შეხვდება. თქვენ კი აუცილებლად შეეცადეთ, იქვე სტიუარტ ნელსონს გადაეყაროთ.

პირველ რიგში გვინდა, მოგვითხროთ Hilton Batumi-ზე, მის კლიენტთა ბაზაზე და საბაზრო პოზიციებზე. რა სეგმენტისთვისაა იგი მეტად გამიზნული – დამსვენებლებისთვის თუ ბიზნესვიზიტორებისთვის?

რაც შეეხება საბაზრო პოზიციას, Hilton Batumi დასვენების დანიშნულების ადგილია, თუმცა ეს მხოლოდ 12 კვირას შეადგენს წელიწადში. ამიტომ სასტუმროს სჭირდება, რომ აქ იმართებოდეს კონფერენციები და ღონისძიებები როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული ორგანიზაციების მიერ. უკვე ფიქსირდება მოთხოვნა ფორმალური ღონისძიებებისთვის. ვცდილობთ, რომ აქტივობა მთელ წელიწადზე გადანაწილდეს; ამაზე მყარად ვართ ფოკუსირებულები.

ვერ ვიტყვი, რომ ვქმნით ბაზარს, რომელიც არ არსებობს. ბაზარი არსებობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამ ბაზარს ზრდაში ხელი შევუწყოთ. კომპანიის პორტფოლიოში 12 ბრენდია და მისმა მენეჯმენტმა არჩია, აქ Hilton-ი ყოფილიყო, რომელიც შედარებით ძვირად ღირებული, ბიზნესსტილის სასტუმროა. ეს 5-ვარსკვლავიანი, კარგი, მყარი, სტაბილური ბრენდია პორტფოლიოში.

ბათუმში წარმოდგენილია Sheraton-ი, Radisson-ი, Divan-ი. თითოეული ამ ბრენდთაგანი შესანიშნავია. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს ამ ბაზარზე. ახლა ჩვენც ვუერთდებით ბაზარს. ჩვენს შემოსვლას, და ამრიგად 250-მდე ოთახის დამატებას ბაზრისთვის, მოჰყვება ბათუმის მიმართ ცნობადობის ამაღლება; იმედია, გაიზრდება მოთხოვნაც. გარდა ამისა, ამ კლასის სასტუმროების რიცხვის, შესაბამისად, მათზე ხელმისაწვდომობის ზრდით შესაძლოა შერბილდეს ფასებიც.

ბათუმში კაზინოების ბიზნესი ყვავის, ტრადიციულად ისინი თურქულია. ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ Austrian Casinos-თან, რათა მათი დახმარებითაც განვავითაროთ საკუთარი ბიზნესი. ჩვენს კაზინოს ოპერირებასაც სწორედ Austrian Casinos-ი უზრუნველყოფს.

ვინ არის ამ ბაზარზე Hilton-ის სასტუმროს კონკურენტი და რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ამ ბაზარზე ყველა ჩვენი კონკურენტია. თითოეული აპარტამენტი, რომელიც შეიძლება გაქირავდეს 2 ადამიანზე – ჩვენი კონკურენტია. თითოეული კარგი რესტორანი, სადაც კარგი სამზარეულია – ჩვენი კონკურენტია. მაგრამ ისინი არ არიან კონკურენტები ტრადიციული გაგებით. რაც მეტი ასეთი ობიექტია ბაზარზე, მით დიდი არჩევანი აქვს მომხმარებელს. საბოლოო ჯამში, თითოეული მათგანი ამ ბაზრის მიმართ მიმზიდველობას ზრდის.

ნაცვლად ერთმანეთთან შეჯიბრებისა, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ ერთად ვართ ამ საქმეში – ან ერთად გავცურავთ, ან ერთად ჩავიძირებით. ეს არ არის კონკურენცია, თუმცა, ჰო – თითოეული ჩვენგანის მოწოდებაა, მოუტანოს მეტი ფული ინვესტორებს, როგორც ყველა სხვა ბიზნესში – მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გამოვა უკეთ, თუ ერთმანეთს გავაძლიერებთ და შევეცდებით, ადგილის მიმზიდველობა გავზარდოთ. წინ მძიმე ბრძოლა გველის!

ეს ყოველივე ალტრუისტული გეგმასავით ჟღერს…

ეს არაა ალტრუიზმი, ეს ჩვენი ბიზნესის რეალობაა. თუ ქალაქში ბევრი კარგი რესტორანია, მას მეტი ადამიანი ეწვევა – იგი მეტად მიიზიდავს ხალხს. საუბარი გვაქვს განსაკუთრებულ ადგილზე, დიდებულ ქვეყანაზე, რომლის შესახებაც დასავლეთში ბევრმა არ იცის, თუმცა იციან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. აი, დავამატეთ Hilton-ის ახალი პროდუქტი – ახლა მეტი თურქი დაინტერესდება ბათუმით. თურქეთში Hilton-ის დაახლოებით 30 სასტუმროა, შესაბამისად, იმ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის რეკლამირება ადვილია. წავალთ იქ, შემოვაწყობთ iPad-ებს მისაღების მაგიდებზე და აი, უკვე გვაქვს რეკლამა ამ მზა ბაზარზე.

აგრეთვე, გვაქვს Hilton Honors-ის პროგრამა, საიდანაც ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში მიდის. მხოლოდ საქართველოში უკვე 2,500 წევრი ჰყავს ამ პროგრამას და ეს მაშინ, როცა სასტუმროს კარი ჯერაც არ გაგვიხსნია.

როგორია ჰილტონის ბიზნესმოდელი საქართველოსა და მსოფლიოში?

ბიზნესმოდელი ისეთივე გვაქვს, როგორიც სხვა სამენეჯმენტო კომპანიებს. ჩვენი ბრენდი, რომლის პორტფოლიოც 12 განსხვავებულ პროდუქტს მოიცავს, მსოფლიოში სახელგანთქმულია. შესაძლებელია რომელიმე მათგანის ფრანშიზას შეძენა, ან სამენეჯმენტო ხელშეკრულების გაფორმება. ყველაფერი გვაქვს, დაწყებული მშვენიერი სამვარსკვლავიანი ბრენდით, დასრულებული Waldorf Astoria-თი და Conrad-ით, რომლებიც მომხმარებელს 5+ ვარსკვლავს სთავაზობს. მალე გააქტიურდება კიდევ ორი ბრენდი, რომლებიც პორტფოლიოში დარჩენილ ცარიელ ადგილებს შეავსებს.

როგორია ჩვენი ბიზნესმოდელი? – მარტივი! ვცდილობთ ადამიანებს ვუბიძგოთ, ააშენონ უმაღლესი სტანდარტის სასტუმროები, რომელთაც შემდეგ ჩვენი ბრენდი განაგებს. Hilton-ი იქნება ეს, Garden Inn-ი თუ სხვა – მემფისში, სინგაპურში, ჰონკონგსა თუ კაიროში, თქვენ ამოიცნობთ ჩვენს ობიექტს. ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, უნდათ, იცოდნენ, რომ დღის მიწურულს, ჩვენი სასტუმროების სახით, მათთვის კარგად ნაცნობ სახლში აღმოჩნდებიან. ბათუმში ჩვენი საყრდენი დამსვენებლები იქნებიან, თუმცა კორპორაციული სექტორიც მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესი კეთდება და ჩვენ გვინდა, ამ სცენის განუყრელი შემადგენელი ვიყოთ.

როგორია ბრენდის მფლობელობის სტრუქტურა საქართველოში?

Hilton Batumi-ს კომპანია Turinvest-ი ფლობს. თბილისში მეორე პროექტს – Garden Inn-ს კერძო მფლობელი ჰყავს და ვფიქრობ, ეს პროექტი ფრანშიზული იქნება. ბათუმში კი სამენეჯმენტო ხელშეკრულება მოქმედებს.

ფიქრობთ, რომ Hilton-ის შემოსვლის შემდეგ ბათუმის სასტუმროების ბაზარი შეიცვლება?

იმედი მაქვს, შეიცვლება. ჩვენი შემოსვლით ბათუმში თითქმის ორმაგდება 5-ვარსკვლავიანი ოთახების რაოდენობა, შესაბამისად, ბაზარი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამ ცვლილების ნაწილი უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ სტუმრები და ამას გამორჩეული სერვისის მეშვეობით უნდა მივაღწიოთ.

ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. თბილისში ბევრი შესანიშნავი სასტუმროა და ბევრიც კარგი, რომლებიც წლების განმავლობაში ვითარდებოდნენ. ბათუმი და, ზოგადად, აჭარა ახლა ცდილობს თბილისს დაეწიოს. ჩვენ სიამოვნებით ვერთვებით ამ შეჯიბრებაში.

გამოწვევები ახსენეთ: რა იყო მთავარი გამოწვევები Hilton-ისთვის, როდესაც იგი ხსნიდა სასტუმროს ბათუმში და რა მოიმოქმედა კომპანიამ მათ დასაძლევად?

არასოდეს ააშენოთ სანაპიროზე სასტუმრო, რომელსაც დამატებითი ორი სართული აქვს მიწის ქვეშ ავტოპარკინგისთვის. ვხუმრობ. ძნელი იყო, თუმცა შესაძლებელი. ინჟინრული თვალსაზრისით გარკვეულ გამოწვევებს შევეჩეხეთ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით – ერთი მხრიდან შავი ზღვა გვესაზღვრება, მეორე მხრიდან ტბა. თითქოს წყლიდან გვაქვს თავი ამოყოფილი. თუმცა ამ მომენტისთვის მშვენივრად ვტივტივებთ. Hilton Batumi მეტისმეტად ელეგანტური და მიმზიდველია. ინჟინრების ჯგუფის დამსახურება განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს.

მომსახურე პერსონალი? თავიდან გვეგონა, ესეც გამოწვევა იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტს მივადექით “ახალწვეულების” შესაკრებად, ეჭვები გაქარწყლდა. ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა ბათუმელია. გვყავს უცხოელი სპეციალისტებიც, რათა დაეხმარონ მათ და ყოველდღიური ტრენინგები ჩაუტარონ ჩვენი სტანდარტის გასათავისებლად.

სხვათა შორის, დიდი გამოწვევაა მომარაგება იმ პროდუქტებით, რომლებიც აქ გვჭირდება. ძნელია, თუმცა ესეც გადავლახეთ.

რა ტიპის პროდუქტებს გულისხმობთ?

მარტივი რამეები, როგორიცაა კარგი საქონლის ხორცი. საქართველოში კარგი სტეიკის მომზადება ძნელი აღმოჩნდა. შეგვიძლია ხორცისთვის თურქეთს მივმართოთ, თუმცა სხვა გზებს ვეძებთ. ახლახან აღმოვაჩინეთ ახალგახსნილი კარგი საყასბო თბილისში. მათ თავად გამოჰყავთ საჭირო ჯიშის ძროხები.

მინდა მივიდე ფერმერებთან და წავაქეზო, რომ მოიყვანონ გარკვეული ჯიშის ბოსტნეული, რომელიც აქ დეფიციტურია. კარგი ასორტიმენტია, თუმცა არასრული და ისიც დიდწილად თურქეთიდან მოდის. მინდა ადგილობრივი ფერმერები დაკავდნენ ამით. გვჭირდება თაფლით მომმარაგებელი.

გვჭირდება, რომ ვისგანაც სასტუმრო პროდუქტს ყიდულობს, სახელიანი ინდივიდი იყოს, მინდა მათ სახეზე ვიცნობდე. მინდა ვიცოდე, ვინ არიან ისინი, რას და როგორ აკეთებენ ჩვენთვის.

სასმელთან დაკავშირებით პრობლემა ნაკლებია. ქართული ღვინოები განსაკუთრებულია, უბრალოდ შამპანურის 4 უცხოური ბრენდი დავუმატეთ ასორტიმენტს. სხვა ყველა ღვინო ქართულია. გამოწვევაა, რომ სხვა ყველაფერიც ქართული იყოს. არ მინდა თურქეთში წასვლა. თურქებს დიდ პატივს ვცემ, იქ უკვე გამართული სისტემაა, მაგრამ მე მინდა ამ მიმართულებით საქართველოც განვითარდეს. მინდა ხეხილის მომყვანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათგან შეძენილ პროდუქტს გამოვიყენებთ, მაგალითად დავამზადებთ მარმელადს, რომელიც უკან, ქართულ ბაზარზე შემოვა.

მოუწია Hilton-ს, ოდნავ შეეცვალა საკუთარი სტრატეგია, რათა ქართულ ბაზარს მორგებოდა?

ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და დიდწილად ერთი და იგივე რამ გვსურს – გვინდა კომფორტულად ვიყოთ, გვინდა მაქსიმალური ღირებულება მივიღოთ იმ ფასად, რომელსაც ვიხდით. ქართულ ბაზარზეც იგივე ვრცელდება, უბრალოდ მას მიმზიდველი პაკეტები უნდა მოვარგოთ.

2008-09 წლების შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ხალხს სურს, ფულისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ვსაუბრობ – მთელ მსოფლიოში ასეა! Hilton Batumi დანარჩენი მსოფლიოს ბაზარს შეუერთდა, თუმცა ქართული ეკონომიკის ნაწილიცაა. ლარის კურსი ვარდნას განიცდის, მაგრამ ხალხს აქ ლარი უდევს ჯიბეში, ამიტომ სწორედ ამ ვალუტით უნდა გადაგვიხადონ. ვფიქრობ, ცოტა ხანში შევძლებთ, სასტუმროს ნომრის საფასური ლარში ავიღოთ და შევეშვათ ყველაფრის დოლარში გაყიდვას.

უბრალოდ, ვერ შეინახავ შენს ეკონომიკას სხვისი ვალუტით. ასე არ გამოვა. ასე მდგრადობა არ მიიღწევა. ეს ამ ბაზრისთვის ნამდვილი გამოწვევაა, თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ამ გამოწვევის მისაღებად მზადაა. სხვა გამოსავალი არც აქვს. თუკი ჩვენი მომსახურების ფასი დაიკლებს, ნიშნავს, რომ მეტად ხელმისაწვდომნი ვიქნებით. ეს კი მოთხოვნის მომატებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლის მიერ მომავალში საკუთარი ფულის უკან დაბრუნებას განაპირობებს. საბაზრო ეკონომიკა ასეთია.

აშკარაა განვითარების პოტენციალი, თუკი უფრო მამაცები ვიქნებით. ჩვენ გვჭირდება, რომ მამაცები ვიყოთ. ჩვენ გვჭირდება, გარკვეულწილად ლიდერებიც ვიყოთ ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, ახლა, ჩემი კოლეგა სტატიას კითხულობს და ფიქრობს, – ო, ღმერთო ჩემო, ოღონდ ეს არა. მაგრამ სხვანაირად არ იქნება. სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თურქეთსაც იგივე სჭირდა. სასტუმროები საფასურს ევროში იღებდნენ, მაგრამ საბოლოოდ იძულებულები გახდნენ საკუთარ, თურქულ ბაზარზე ეფიქრათ. გრძელვადიან პერსპექტივაში ასე ჯობია.

რა ტრენდებს ამჩნევთ საქართველოს საშინაო და ინტერნაციონალურ ტურისტებში?

ჯერ ვერ გეტყვით, სასტუმრო არ გახსნილა.

დიახ, მაგრამ რას მოელით?

აეროპორტი საკვანძო თემაა. ერთი არარეგულარული რეისია თბილისიდან კვირაში ორჯერ, ზამთარში. ადამიანები იძულებულნი არიან მატარებლით იმგზავრონ, რომელშიც არც ისე ბევრი ადგილია.

ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ამას აუცილებლად უნდა მოუაროთ. ელექტრონული ფოსტით ვეხმიანები ბევრ მინისტრსა და აეროპორტის აღმასრულებელს, რათა დაიწყოს ხმამაღალი და მკაფიო დიალოგი. ასე გაგრძელება საზიანოა.

მაგალითად, მომდევნო სამშაბათს თბილისში მივდივარ 2-საათიანი შეხვედრისთვის. იძულებული ვარ მატარებლით ვიმგზავრო. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების 15 საათი ასე, უბრალოდ გაფრინდა – 2-საათიანი შეხვედრისთვის. თუ საქართველოს სერიოზულად აქვს განზრახული წინსვლა, საჭიროა ბაზარზე ამ მიმართულებების განვითარება.

როგორია ტრენდი? – ვფიქრობ, არის მოთხოვნა. ვიცი, რომ არის მოთხოვნა. საქართველო განსაცვიფრებელი ადგილია. გამუდმებით ვესაუბრები მასზე დასავლელებს – ჩემს მეგობრებს, ოჯახს, Hilton-ელ კოლეგებს. საქართველო მზადაა, რომ აღმოაჩინონ. ქვეყნის მარკეტინგი აუცილებლად მისახედია. თბილისის 3 სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტს გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს ტურიზმისთვის გამოყოფილი, ვიდრე მთელ ქვეყანას.

ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლები როგორ არიან განწყობილები ხსენებული დიალოგისადმი?

მშვენივრად! ისინი ყოველთვის მპასუხობენ და აღმითქვამენ დახმარებას. მათ ნამდვილად სურთ სიტუაციის გამოსწორება – იქნება ეს ვიზებთან, აეროპორტთან, თუ ზოგადად ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები – ისინი გვისმენენ. არის დაბრკოლებები ბიზნესის კეთების გზაზე, რომელიც საჭიროა, გადავლახოთ. ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ.

როგორ გამოიყურება საქართველოში თქვენი ბრენდის სამომავლო ექსპანსიის გეგმა?

მოგეხსენებათ, სულ მალე თბილისში Garden Inn-ის სასტუმრო გამოჩნდება. ჩვენ სხვა პროექტებიც გვაქვს, რომელთაც ამჟამად ვერ გაგიმჟღავნებთ.

რა პროგნოზები გაქვთ სამომავლოდ საქართველოს ტურისტული ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით?

ეს დიდი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, მოვლენები კარგად განვითარდება. აქ ხალხს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს მასპინძლობისადმი. ქართველს თუ გულს მოფხან, ის აუცილებლად იღიმის. უბრალოდ, უნდა ისწავლოს ღიმილი გულის მოფხანის გარეშეც.

კვირას, დილის ათის ნახევარზე გამოვედი სახლიდან სასეირნოდ. 400 მეტრი არ მქონდა გავლილი, რომ უკვე მეზობლის მაგიდასთან ვიჯექი და ღვინოს ვსვამდი. სეირნობით საქართველოში დიდხანს არავინ მოგაცდენს. ეს უბრალოდ ასეა.

თუკი შევძლებთ ამ თვისების ოდნავ სხვაგვარად კულტივირებას, ხალხის ხელში მოგების დიდი პოტენციალი აღმოჩნდება. ეს უდიდესი, ბუნებრივი, თანდაყოლილი პლუსია.

თუმცა კვლავაც და კვლავაც, არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთაც ყურადღება ესაჭიროება. მაგალითად – ზღვა. მართალია, შავი ზღვა მხოლოდ ქართველების პასუხისმგებლობა არაა, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ის შედარებით სუფთა იყოს. პრობლემებია ენერგეტიკასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ გვარდება.

მთავარია, იმ ცოტა ხნის განმავლობაში, რაც აქ გავატარე, უკვე ვხედავ პროგრესს. პროგრესი ადვილად შესამჩნევი და კარგად საგრძნობია.

საქართველო, გააგრძელე ამ გზით სიარული!

(ფოტო: ხათუნა ხუციშვილი).