ტანსაცმლისა და აქსესუარების გლობალურმა ბრენდმა H&M-ი საქართველოში პირველი მაღაზია 2017 წლის ნოემბერში გახსნა. 2019 წლისთვის კომპანია ქვეყანაში სამი ბრენდული მაღაზიით საქმიანობდა.
H&M-ის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე მათი შემოსავალი 17%-ით (5.1 მილიონი ლარი), 35.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კონკრეტული წლების მიხედვით H&M-ის შემოსავალი ასეთი იყო:
2018 წელს – 30,288,000 ლარი;
2019 წელს – 35,426,000 ლარი;
H&M-ის მიერ გაყიდული საქონლის თვითღირებულება 2019 წელს 19,127,000 ლარს შეადგენდა, კომპანიის ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 13,880,000 ლარი იყო.
“2019, 2018 და 2017 წლების 30 ნოემბრის მდგომარეობით, კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო ტანსაცმლის მრავალნაციონალური შვედური სავაჭრო ბრენდი „H&M Hennes & Mauritz CBC AB“, ხოლო კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე იყო სტეფან პერსონის ოჯახი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
H&M-მა 2019 წელი 7 ათასი ლარის ზარალით დაასრულა, რაც კომპანიის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არსებულ 1.3 მილიონიან წმინდა მოგებაზე ნაკლებია. მომგებიანობის კლება კომპანიის მიერ ქვეყანაში მესამე მაღაზიის გახსნისთვის განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშირდება.
“კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ფინანსური წელი გამოწვევებით იქნება სავსე დაგეგმილი შედეგების მიღწევის მიმართულებით. კომპანია ვალდებული იყო დაეხურა ყველა მაღაზია 2020 წლის 20 მარტის შემდეგ. 2020 წლის 1 ივნისს, თბილისის მაღაზიები ისევ გაიხსნა. განხორციელდება ბრუნვის შემცირებით გამოწვეული მარაგების მართვის, ლიკვიდურობის და ხარჯების გაუმჯობესების მექანიზმების კონტროლი.
2020 წლის მაისში, მშობელმა კომპანიამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში განახორციელა 10,000 ლარის ოდენობით ფულადი შენატანი, კომპანიის საოპერაციო საქმიანობების მხარდასაჭერად,”- ნათქვამია H&M-ის მმართველობით ანგარიშში.