ჰოლივუდის სცენარისტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

ჰოლივუდის სცენარისტები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

ამერიკის მწერალთა გილდია (WGA) უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში პირველად გაიფიცა. კინოსა და ტელევიზიის ათიათასობით სცენარისტმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც წამყვან სტუდიებთან, მათ შორის Walt Disney-სა და Netflix-თან ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა. აღსანიშნავია, რომ სცენარისტები ბოლოს 2007 წელს, 100 დღით გაიფიცნენ, რაც კალიფორნიის ეკონომიკას $2 მილიარდზე მეტი დაუჯდა.

გაფიცვისთვის ხმის მიცემა სამშაბათს დილით, 12:01 საათზე დაიწყო. მუშაობის შეწყვეტას WGA-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფილიალმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ამერიკის მწერალთა გილდიის განცხადებით, სცენარისტები „ეგზისტენციალური კრიზისის“ წინაშე დგანან.

გაფიცვა WGA-სა და „კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსს“ (AMPTP) შორის გამართულ ექვსკვირიან მოლაპარაკებებს მოჰყვა. ალიანსი ჰოლივუდის მთავარ სტუდიას და სტრიმინგპლატფორმებს, მათ შორის Netflix-ს, Amazon-ს, Apple-ს, Disney-ს, Discovery-Warner-ს, NBC Universal-ს, Paramount-სა და Sony-ს აერთიანებს.

ამერიკის მწერალთა გილდიამ მის 11,500 წევრს სცენარების წერის შეწყვეტის თხოვნით უკვე მიმართა და სამშაბათიდან პიკეტირებაც დააანონსა. სცენარისტთა გაფიცვის მთავარი მიზეზი ანაზღაურებაა, რომელიც, მათივე განცხადებით, შეუსაბამოა ბოლო პერიოდში სტრიმინგსერვისების გაზრდილ პოპულარობასთან. სცენარისტების განცხადებით, სტრიმინგსერვისების მზარდ მიმართულებას გავლენა „საავტორო ჰონორარის გადახდის ტრადიციულ სტრუქტურაზეც“ აქვს, რომელიც გადახდებს გაყიდვებიდან და საავტორო სინდიკაციიდან მოიცავს.

„კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსის“ განცხადებით, მათ მიერ სცენარისტებისთვის გაკეთებული შეთავაზება კომპენსაციის გულუხვ ზრდასა და სტრიმინგის ჰონორარის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. თუმცა სტუდიებსა და გილდიას შორის არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ანაზღაურების გარდა კი, კიდევ ერთი პრობლემა სცენარების დასაწერად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა. გილდია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დარეგულირებას, მათ შორის AI-ის მიერ „ლიტერატურული მასალის“ დაწერისა და გადაწერის აკრძალვას მოითხოვს. სტუდიებმა აღნიშნული შეთავაზება უკვე უარყვეს და სანაცვლოდ სცენარისტებს, „ტექნოლოგიური მიღწევების განსახილველად“ შეხვედრებიც შესთავაზეს.