ფოტო: REUTERS/Claudia Greco
ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 3 მარტს, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ იოჰმორზე თავდასხმისას თეთრი ფოსფორის შემცველი ამუნიცია გამოიყენა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.
„თეთრმა ფოსფორმა შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ან მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სააგენტოს ლიბანის მიმართულების მკვლევარმა რამზი კაისმა.
სააგენტოს განმარტებით, შესწავლილია რვა სხვადასხვა ვიდეო და ფოტომასალა, რომლებიც ქალაქ იოჰმორის საცხოვრებელ უბნებში თეთრი ფოსფორის გამოყენებას ადასტურებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას და, შესაბამისად, ვერ დაადასტურებენ ლიბანში თეთრი ფოსფორის შემცველი ამუნიციის გამოყენების ფაქტს. დამატებით, IDF-მ განმარტა, რომ მათ იგივე მასალები არ შეუსწავლიათ, რაზეც HRW საუბრობს, ამიტომ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.
საკითხის შესახებ განცხადება არც ლიბანის მთავრობის წარმომადგენლებს გაუვრცელებიათ.
ცნობისათვის, 3 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ იოჰმორისა და მიმდებარე 50 სოფლის მცხოვრებლებისათვის საევაკუაციო შეტყობინება გამოსცა.
საინტერესოა, რომ ლიბანის სამეცნიერო კვლევის ეროვნულმა საბჭომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდისთვის ლიბანის სამხრეთში ისრაელის მიერ თეთრი ფოსფორის შემცველი ამუნიციით თავდასხმის 175 ფაქტი აღწერა. აღნიშნული თავდასხმების უმეტესობამ დაცემის ადგილის ირგვლივ თეთრი ფოსფორის ეფექტის შესაბამისად მცირე ზომის ხანძრები გააჩინა, რის გამოც 600 ჰექტარის სიდიდის მიწა გადაიწვა.
თეთრი ფოსფორის შემცველი ამუნიციის გამოყენება ომის მიმდინარეობისას კანონიერია იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიყენება ბრძოლის ველზე ხელოვნური ხილვადი დაბრკოლების წარმოსაქმნელად, სამიზნეების მოსანიშნად ან ბუნკერებისა და შენობების გასანადგურებლად. HRW-ის განმარტებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, აღნიშნული შეიარაღების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია.
თეთრი ფოსფორის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას „კონვენციური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციის“ მე-3 პროტოკოლი არეგულირებს, რომლის ხელმომწერიც ისრაელი არ არის.
















