Huawei-ის შემოსავალი სმარტფონებიდან მიმდინარე წელს $30–40 მილიარდით შემცირდება - აღმასრულებელი დირექტორი

Huawei-ის შემოსავალი სმარტფონებიდან მიმდინარე წელს $30–40 მილიარდით შემცირდება - აღმასრულებელი დირექტორი

Huawei–ის აღმასრულებელი დირექტორის  განცხადებით, ჩინური Huawei Technologies–ის სმარტფონების ბიზნესის შემოსავალი მიმდინარე წელს მინიმუმ $30–40 მილიარდით შემცირდება. მისი განცხადებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში  ამ დანაკლისის შევსება ნაკლებად სავარაუდოა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წელს დაწესებულ აშშ–ის  სანქციებს  თანდათან „ეჩვევა“ და სმარტფონების ბიზნესიდან დანაკლისის  დაბალანსებას სხვა მიმართულებებით ცდილობს, ერიკ სიუს განცხადებით, ახალი 5G–სთან დაკავშირებული ბიზნესსფეროები  ტელეფონის ბიზნესის  ზარალს ვერ აანაზღაურებს.

2019 წელს აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Huawei ექსპორტის შავ სიაში შეიტანა, რის შედეგადაც Huawei–ს  აშშ–ის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე წვდომა აეკრძალა. სანქციებმა განსაკუთრებით Huawei–ის  სმარტფონების ბიზნესი დააზარალა.

მიუხედავად აშშ–ის მიერ Huawei–ისთვის დაწესებული სანქციებისა, სმარტფონების ბიზნესმა გასულ წელს $50 მილიარდის შემოსავალი მოიტანა. ყველაზე დიდი ვარდნა Huawei–მ მიმდინარე წლის პირველ  ნახევარში განიცადა, როდესაც შემოსავლებმა მხოლოდ $49.57 მილიარდი შეადგინა.

სიუს განცხადებით, კომპანია იმედს ახლა ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე ამყარებს. ჩინეთის ნახევარგამტარების ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც Huawei–ს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. კომპანია ასევე იკვლევს ინვესტიციებს ისეთ სფეროებში, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვთან.

Huawei განვითარების ისეთ ახალ სფეროებს ეძებს, როგორიცაა 5G და AI–ზე  დაფუძნებული ინფრასტრუქტურის განახლება აეროპორტებსა და მაღაროებში. სიუს განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი 5G ტექნოლოგიის გამოყენებაში ლიდერი ქვეყანა იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *