ამერიკის შეერთებული შტატების ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლებს, ქვეყნის ქსელებიდან ჩინური Huawei-ისა და ZTE-ის აღჭურვილობის სამუდამოდ ამოსაღებად, დამატებით $3 მილიარდი სჭირდებათ. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების აშშ-ის ქსელიდან სამუდამოდ გაქრობას კი ჯამში $4.9 მილიარდი დასჭირდება.
ცნობისთვის, ქსელების Huawei-ისა და ZTE-ის აღჭურვილობისგან გასათავისუფლებლად კონგრესმა $1.9 მილიარდი გამოყო, რაც კომპანიების ხარჯის მხოლოდ 40%-ს ანაზღაურებს. 2019 წელს კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობით, აშშ-ის ტელეკომის ოპერატორებს ქსელების გასუფთავება დაევალათ იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობისგან, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენდნენ.
ახალი კანონმდებლობა Huawei-ისა და ZTE-ისაც შეეხოთ, თუმცა კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ტელეკომის კომპანიები ვალდებულნი ხდებიან, გაათავისუფლონ ქსელები ჩინეთის საკომუნიკაციო გიგანტებისგან, ანდაც ჩამოშორდებიან $8.3-მილიარდიან სახელმწიფო დაფინანსებას, რომელიც ახალი აღჭურვილობის შესაძენადაა გამოყოფილი.
დამატებითი სახსრების არარსებობის შემთხვევაში, კონგრესი პროგრამის განსახორციელებლად პრიორიტეტულ სქემას გამოიყენებს. დაფინანსება უახლოეს დღეებში გაიცემა, შესაბამისად, კონგრესმა მალევე უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ გადაანაწილებს გამოყოფილ თანხას. აღსანიშნავია, რომ თანხის მიღებამდე არცერთი კომპანია არაა ვალდებული, ქსელების აღჭურვილობებისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყოს.