რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების განახლებას გეგმავს

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების განახლებას გეგმავს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთი დე ფაქტო რეჟიმს ბაბუშარის აეროპორტის რეაბილიტაციაში დაეხმარება. მისი განმარტებით, აღდგენის პროცესი 2024 წლამდე დასრულდება.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო რეჟიმის ვიცე-პრემიერმა, ქრისტინა ოზგანმა 14 ივლისს ისაუბრეს.

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აეროპორტის რეკონსტრუქციისა და საჰაერო მიმოსვლის სერვისისათვის საჭირო ხარჯების ფინანსური წყარო უკვე მოძიებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის განმარტებით, აეროპორტის აღდგენასთან ერთად, განახლდება საინჟინრო საკომუნიკაციო საშუალებები და განვითარდება ჰორეკა ინფრასტრუქტურაც.

ცნობისათვის, აეროპორტი სოფელ ბაბუშარაში, გულრიფშში, სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტი 1950-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ მისი მოდერნიზაცია რამდენჯერმე მოხდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1993 წლის ოქტომბერში აეროპორტი ომის შემდეგ დაიხურა. 2006 წელს კი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ აეროპორტის კოდი გააუქმა და საკუთარი დოკუმენტებიდან მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ამოშალა.

2019 წლის ივლისში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ბაბუშარის აეროპორტს ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა. რუსეთის საავიაციო კრებულში (AIP) კი აეროპორტი URAS კოდით შევიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *