I კვარტალში ბაკურიანში ბინების ფასი 2.7%-ით გაიზარდა, გუდაურში კი 1.7%-ით შემცირდა

I კვარტალში ბაკურიანში ბინების ფასი 2.7%-ით გაიზარდა, გუდაურში კი 1.7%-ით შემცირდა

Galt & Taggart-მა უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგებია მოცემული, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა. ეს წლიურად 6.0%-იანი კლებაა. როგორც ირკვევა, ტრანზაქციების უმეტესობა, 65.5%, მეორად ბაზარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღირებულებას, I კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და $1,044/მ2-ს გაუტოლდა. გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ კი 10.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.9%-იანი კლებაა და, Galt & Taggart-ის განცხადებით, პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებს მიეწერება.

ბაკურიანისგან განსხვავებით ტრანზაქციებში ზრდა დაფიქსირდა გუდაურში, სადაც I კვარტალში 95 ბინა გაიყიდა. წლიურმა მატებამ 3.3% შეადგინა. როგორც ცნობილია, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების უმეტესობა, 71.6%, პირველად ბაზარზე დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 1.7%-ით შემცირდა და $1,420/მ2-ს გაუტოლდა. გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.0%-იანი კლებაა.