I კვარტალში ბათუმში ძველი ბინების ფასი 8.1%-ით შემცირდა

I კვარტალში ბათუმში ძველი ბინების ფასი 8.1%-ით შემცირდა

Galt & Taggart-მა უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგებია მოცემული, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. ეს წლიურად 22.8%-იანი, ხოლო კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა.

„შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-23.3% და -22.1% წ/წ, შესაბამისად), რაც ნაწილობრივ წინა წლის მაღალი ბაზითაა გამოწვეული,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

Galt & Taggart-ის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ბათუმში ახალი პროექტების ფასები, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე, კვარტალურად 0.8%-ით გაიზარდა. თუმცა ძველი ბინების საშუალო შეწონილი ფასი $857/მ2-მდე შემცირდა, რაც კვარტალურად 8.1%-იანი კლებაა.

ანგარიშზე დაყრდნობით, I კვარტალში ბათუმში სულ 209.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 20.5%-იანი შემცირებაა. „ამ კლების მთავარი მიზეზი გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირება იყო,“ – ვკითხულობთ მიმოხილვაში.