საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა და 16.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 6.8%-ით განისაზღვრა.
ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2%), მშენებლობა (15.1%), ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5%), განათლება (13.4%) და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2%).
კლება კი შემდეგ დარგებში აღინიშნა: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3%).
აღსანიშნავია, რომ მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე დიდი წილი, 14.4%, ვაჭრობა უჭირავს, ამის შემდეგ კი 12%-იანი წილით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები მოდის. შედარებით დიდი წილით ასევე გამოირჩევიან დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (7.9%), მშენებლობა (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%), განათლება (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5%).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნებას მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გეგმავს.