საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა და $14 მილიარდს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $4.08 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $9.93 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 14.4%, ხოლო იმპორტის ზრდამ – 17.8% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $5.8 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მთლიანი ექსპორტის 33.5%-იანი წილით პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს – $1.36 მილიონით. შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $411.7 მილიონი (10.1%), ხოლო მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია $169.3 მილიონით (4.2%). ხუთეულს ასრულებს სპირტიანი სასმელები და ფეროშენადნობები, თანაბარი $114.9 მილიონით – შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 2.8%-2.8%-ით.
მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფშიც – $1.957 მილიარდით, შესაბამისად, მთლიანი იმპორტის 19.7%-ით. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, იმპორტის 7.2%-ით ($716 მლნ) მესამე ადგილს კი, 3.6%-იანი წილით, სამკურნალო საშუალებები ($354.3 მლნ) იკავებს. მას მოჰყვება ნავთობის აირები ($305.3 მლნ) და სატელეფონო აპარატები ($239 მლნ), შესაბამისად 3.1%-ითა და 2.4%-ით.