იანვარში იმერული ხაჭაპურის მომზადება 2%-ით გაძვირდა

იანვარში იმერული ხაჭაპურის მომზადება 2%-ით გაძვირდა

ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა. იანვრის ინდექსი თვიურ ჭრილში 2%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში 4.6%-ით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, წლიურად ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასი გაიზარდა: საფუარი (+13.6%), რძე (+11.6%), კარაქი (+10.4%), კვერცხი (+3.7%). ამის საპირისპიროდ, გაიაფდა ყველი (-9.5%) და ფქვილი (-5.1%).

„წლის ამ პერიოდში ფასები ტრადიციულად იზრდება, რადგან ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება, რის გამოც რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და რძის სხვა პროდუქტების იმპორტი იზრდება. ამ ტენდენციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თვიურ ჭრილში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა, გარდა კარაქისა (-0.2%) და ფქვილისა (-0.8%)“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISET Policy Institute-ი გასულ წელთან შედარებით ყველის ფასის ვარდნას იმით ხსნის, რომ წინა პერიოდში ამ პროდუქტის ღირებულება მკვეთრად იყო გაზრდილი. კიდევ ერთ სავარაუდო განმაპირობებელ ფაქტორად კი ის რძის წარმოების ზრდას ასახელებს. ცნობისთვის, 2023 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში რძის წარმოება 3%-ით გაიზარდა 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება წლიურ კლებას, ISET Policy Institute-ის განცხადებით, ფქვილის ფასების შემცირებაზე გავლენა მოახდინა იმან, რომ 2022 წლის მარტის პიკიდან მოყოლებული მსოფლიოში ხორბლის ღირებულებამ იკლო.