პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა

პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა

სამშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, ამერიკელ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. ინფორმაციას კრემლი ადასტურებს.

დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი დათანხმდა Fox News-ის ყოფილი წამყვანის, ტაკერ კარლსონის წინადადებას, რადგან მისი მიდგომა უკრაინის კონფლიქტის გაშუქებაზე, განსხვავდებოდა სხვა დასავლური გამოშვებებისთვის დამახასიათებელი „ცალმხრივი“ მიდგომისგან.

როგორც კრემლის სპიკერი აცხადებს, როდესაც საქმე კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს ეხება, თითქმის ყველა მედიასაშუალება მოვლენებს ცალმხრივად აშუქებს. ასეთ მედიასთან კომუნიკაციის სურვილი კი რუსეთს არა აქვს. პირდაპირ კითხვაზე, თუ რატომ მიიღო კარლსონმა პუტინის თანხმობა, პესკოვმა უპასუხა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის მიდგომა „არანაირად არ არის პრორუსული, არც პროუკრაინული – ის არის პროამერიკული“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის ინტერვიუ ეთერში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გავა. პლატფორმა X-ზე, კარლსონის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ინტერვიუ ამერიკელებს საშუალებას მისცემს, გაიგონ რუსეთის დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით. კარლსონს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც სურს.

პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება 2022 წლის 24 თებერვალს გასცა, ბოლოს ოფიციალურად ამერიკულ მედიასაშუალებას, კერძოდ CNBC-ის ჟურნალისტს, 2021 წლის ოქტომბერში ესაუბრა. ომის შემდგომ ბევრმა დასავლურმა ორგანიზაციამ დატოვა მოსკოვი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ამერიკის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი კი 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. შედეგად, ბოლო პერიოდში პუტინი ძირითადად რუსულ, ჩინურ და ყაზახურ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს.

 

ფოტოილუსტრაცია: დათო ფარულავა