იარაღის ინდუსტრია ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება | მიზეზები

იარაღის ინდუსტრია ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება | მიზეზები

ბოლო პერიოდის განმავლობაში იარაღის ინდუსტრია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სისწრაფით იზრდება. ამას კი თავისი მიზეზები აქვს. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეგიონის სახელმწიფოები უკრაინას შეიარაღებით ცივი ომის პერიოდის ტემპით ამარაგებენ.

Kiel Institute for the World Economy-ს დათვლებით, 24 იანვრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა პირდაპირი სამხედრო დახმარების სახით უკრაინას ყველაზე მეტი შეიარაღება მიაწოდეს. ამ მონაცემებით პოლონეთი მესამე ადგილზე იმყოფება, ჩეხეთის რესპუბლიკა კი მეცხრეზე.

სამხედრო ექსპერტებისა და კერძო სამხედრო კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებით, კონფლიქტი რეგიონის იარაღის ინდუსტრიისათვის ბევრ ახალ შესაძლებლობას აჩენს.

პოლონური სამხედრო კონტრაქტორის, PGZ-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყნების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ახალ ბაზრებზე შესვლის შანსებს ზრდის და მომდევნო წლებში ექსპორტის გაზრდის საშუალებას იძლევა. ცნობისათვის, PGZ-ი შეიარაღების მწარმოებელ 50-მდე კომპანიას აკონტროლებს. აღნიშნული კომპანიები კი ყველა სახის იარაღს აწარმოებენ – ჯავშანტრანსპორტიორებით დაწყებული, უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული. პოლონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, PGZ-ი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიზნესის გასაფართოებლად 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი კი ომამდე დასახულ სამიზნე ინვესტიციაზე ორჯერ მეტია.

მაგალითად, 2023 წელს პოლონური სამხედრო კომპანია 1,000 ერთეული ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, Piorun-ის წარმოებას გეგმავს. შედარებისათვის, 2022 წელს PGZ-მა 600 ერთეული, წინა წლებში კი 350 ერთეული აწარმოვა. კომპანიის შემოსავალი კი ომამდელ სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადაუსწრებს.

პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მთავრობების ოფიციალური პირების ინფორმაციით, პროდუქციის მოცულობის გაზრდასა და მუშახელის დამატებით დაქირავებას სხვა კომპანიებიც გეგმავენ.

იარაღის ინდუსტრია აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ვითარდება. ჩეხურმა Emil Skoda-მ ავსტრია-უნგრეთისათვის იარაღის წარმოება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. მას შემდეგ კი ყოველი მომდევნო ომი ინდუსტრიას ამ რეგიონში კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრაც, სხვა გარემოებების მიუხედავად, აღმოსავლეთევროპული ქვეყნებისათვის საბჭოთა იარაღის გაყიდვისა და ახლის წარმოების შესაძლებლობა აღმოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავად უკრაინამ იარაღის დიდი ნაწილი დახმარების სახით მიიღო.

უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ ჩეხეთისაგან 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიიღო. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული თანხის 95% სწორედ კომერციული შესყიდვები გახლდათ. 1989 წლის შემდეგ, წელს ჩეხეთს შეიარაღების ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ბევრ ახალ სამუშაო ადგილს აჩენს, წარმოების მოცულობას კი ზრდის. „ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიისათვის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ისეთ ბიძგს იძლევა, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვიხილავს“, – განაცხადა მან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *