ათი წლის განმავლობაში ინდოეთის უმდიდრესი კაცი საგვარეულო შუღლში იყო ჩაბმული თავის უმცროს ძმასთან, შუღლის საგანი კი სუბკონტინენტის ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაზე კონტროლი გახლდათ. დღეს მუკეშ ამბანი საკუთარი საბოლოო გამარჯვების შიდა ამბებს ჰყვება. მხედველობაში გვაქვს Jio – ულტრაიაფი 4G სერვისი. Jio-თი ყველაზე მეტად მილიონობით უბრალო ინდოელი იხეირებს, რომელთაც უეცრად უფრო მეტი მობილური მონაცემის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე აშშ-სა თუ ჩინეთში.
გასული წლის მიწურულს, გრილ, მშრალ საღამოს, ინდოეთის ყველაზე ღირებული კომპანიის, Reliance Industries-ის 50,000 თანამშრომელმა და მეგობარმა მუმბაის ცენტრიდან 25 მილის მოშორებით მდებარე უზარმაზარ დროებით სტადიონზე მოიყარა თავი, რათა ფირმის ყოველწლიური, მე-40 „ოჯახის დღე“ აღენიშნა. კიდევ დაახლოებით 200,000 ადამიანმა ვიდეოს ბმული აკრიფა, რათა ეცქირა შოუსთვის, რომელიც Bollywood-ის მეგავარსკვლავს, შაჰ რუხ ხანს (33.6 მილიონი მიმდევარი Twitter-ზე), მომღერალ სონუ ნიგამს (18.8 მილიონი მოწონება Facebook-ზე) და ვეტერან მსახიობსა და თამაში-შოუების, მათ შორის, „ვის უნდა მილიონის“ წამყვანს, ამბიტაბ ბაჩანს მიჰყავდათ. ხუთსაათიანი ღონისძიების კულმინაცია თვალისმომჭრელი ფოიერვერკები და შუაღამის ნადიმი გახლდათ, სადაც ისეთი ვეგეტარიანული დელიკატესები იყო წარმოდგენილი, როგორიცაა ბარდისა და ბრინჯის ფქვილის დამპლინგები, სანელებლებიანი ხაჭო და ოსპი. მაგრამ საღამოს მთავარი ვარსკვლავი 60 წლის მუკეშ ამბანი გახლდათ – Reliance-ის თავმჯდომარე, მმართველი დირექტორი, უმსხვილესი მეწილე, $40.1-მილიარდიანი ქონების პატრონი და მსოფლიოს მე-19 უმდიდრესი კაცი. „შეუძლია Reliance-ს, მსოფლიოს 20 წამყვან კომპანიას შორის მოხვდეს?“ – ჰკითხა მან შეკრებილებს, რომელთაც ლამპრები მორჩილად ასწიეს და სტადიონი მოძრავი შუქების ზღვად აქციეს. „დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია! დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ!“
ამბანის ამბიცია სრულიად გასაგებია, მით უფრო, იმ მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, რასაც მან უკვე მიაღწია. Reliance-ი 106-ე უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის გაყიდვებმა შარშან $50.9 მილიარდი შეადგინა, მოგებამ კი დაახლოებით $4.6 მილიარდი. ფირმა მსხვილი მოთამაშეა ნავთობისა და გაზის სექტორში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამმუშავებელს მართავს. ის უმსხვილესი მოვაჭრეა ინდოეთში და მნიშვნელოვანი ვენჩურები აქვს სიცოცხლის მეცნიერებებში, ქსოვილებსა და ტელეკომუნიკაციებში. მისი მედიაშვილობილი, Network18, ისეთ განთქმულ დასავლურ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა CNBC, CNN-ი, MTV და Nickelodeon-ი (ტელევიზია), Paramount Pictures-ი (კინო) და Forbes-ი (ბეჭდური მედია).
მაგრამ ის, რაც ამბანის ბოლო დროს განსაკუთრებით ახარებს (და რამაც Reliance-ის აქციათა ფასი საოცრად გაზარდა), მისი $33-მილიარდიანი ინვესტიციაა 4G სერვის Jio-ში, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ ჩაეშვა და მას მერე 160 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა. ამ გამომწერთა ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ პირველ ექვს თვეში შეუერთდა სერვისს ანუ იმ დროს, როცა ბიზნესის დასაქოქად Reliance-მა მათ უფასოდ შესთავაზა მომსახურება. მომხმარებლები არსად წასულან, რადგან Jio-მ პირობა დადო, შიდა ზარები უსასყიდლო იქნებაო და, ამასთან, მისი ტარიფები სუპერიაფია. ამგვარმა ჰიპერზრდამ Reliance-ის აქციათა ფასი გასულ წელს 70%-ით გაზარდა, ამბანის ქონებას კი $16.9 მილიარდი შესძინა. ანალიტიკოსები ამას „Jio-ს ეფექტს“ უწოდებენ.
მაგრამ ამბანისთვის Jio უფრო მეტია, ვიდრე მის ქონებას დამატებული 11 ციფრი. მისი ღრმა რწმენით, ფირმა სუბკონტინენტის მონაცემთა რევოლუციას უნთებს ცეცხლს, რაც ინდოეთს დაეხმარება, ზოგიერთი უმართავი პრობლემა მოაგვაროს ისეთ სფეროებში, როგორიც სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვაა.
„შეუძლია Jio-ს, პირველ კომპანიად იქცეს, რომელიც ყოველ ამ სექტორში მთელი ქვეყნის ტრანსფორმაციას მოახდენს? – განაგრძობს ამბანი ხალხის შთაგონებას. – დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია! დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ!“
ან, როგორც უფრო ლაკონიურად ამბობს ხოლმე, „მონაცემები ახალი ნავთობია“.
მუკეშ ამბანის ინდოეთს გარეთ ყველაზე კარგად ალბათ იმის გამო იცნობენ, რომ კერძო მფლობელობაში არსებული, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი სახლი ააშენა – 27-სართულიანი ცათამბჯენი-სასახლე, რომელიც სამხრეთ მუმბაის გადაჰყურებს და, შეფასებათა თანახმად, $1 მილიარდი დაჯდა. ამ სახლში ცოლთან, – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრსა და ინდოეთის ერთ-ერთი საფეხბურთო პრემიერლიგის თავმჯდომარესთან, – ნიტასთან ერთად, ამბანი ხშირად მასპინძლობს სპორტის, მოდისა და შოუბიზნესის სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავებს. „მხოლოდ ერთი სახლი მაქვს, – ამბობს ერთგვარ თავდაცვით რეჟიმში, – არა 30 ან 40 მთელ მსოფლიოში, როგორც ზოგიერთს“.
მაგრამ ინდოეთში ამბანის სახელი ათწლოვანი საგვარეულო შუღლითაც აქვს განთქმული თავის უმცროს ძმასთან, 58 წლის ანილთან, რომელიც ხაზგასმით არ დაპატიჟეს Reliance-ის „ოჯახის დღის“ ღონისძიებაზე დეკემბერში.
მათი მამა, ღარიბი სკოლის მასწავლებლის ვაჟი დჰირუბჰაი ამბანი მაჰათმა განდის მშობლიურ პორბანდართან შორიახლო მდებარე სოფელში გაიზარდა. დჰირუბჰაის სკოლა არც დაუმთავრებია – სწავლა ნაადრევად მიატოვა, ოჯახს რომ დახმარებოდა. შვიდი წელი იემენში, ბენზოგასამართ სადგურზე იმუშავა (სწორედ იემენში დაიბადა მუკეში 1957 წელს), მერე კი ინდოეთში დაბრუნდა და მუმბაიში, 500 კვადრატული მეტრის პაწაწინა ოფისიდან, ძმებთან ერთად, სანელებლების ბიზნესი წამოიწყო. 1960-იანებში ძმები გაფართოვდნენ და ძაფეულით ვაჭრობას შეუდგნენ – ახალი ჯადოსნური ქსოვილი, პოლიესტერი შემოჰქონდათ.
1966 წლისთვის, „პოლიესტერის პრინცს“ თავის მშობლიურ შტატ გუჯარატში სინთეტიკური ქსოვილების პირველი ფაბრიკა აეშენებინა. ანტრეპრენიორმა სულის შემხუთავ ბიუროკრატიასა და ენდემურ კორუფციას გაუძლო და მერე, 1977 წელს, როცა ინდოეთის ნაციონალიზებულმა ბანკებმა დამატებითი გაფართოების დაფინანსებაზე უარი განუცხადეს, Reliance-ი საჯარო ბაზარზე გაიტანა. პირველადი საჯარო შეთავაზების სამიზნე აუდიტორია საშუალო ფენის ინდოელები იყვნენ. მოთხოვნა საგრძნობლად უფრო მაღალი გამოდგა, ვიდრე გასაყიდად გატანილი აქციები. იმ 58,000 ინდოელს – მეტწილად, პატარა ქალაქების მკვიდრთ – რომელთაც ფსონის დადება გადაწყვიტეს, საკუთარი არჩევანი ნამდვილად არ უნანიათ. მომდევნო წლებში აქციათა ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, რამაც –ნავთობქიმიკატებში, გადამუშავებასა და ნავთობისა და გაზის აღმოჩენის სფეროებში გაფართოების კვალდაკვალ – დჰირუბჰაი, საბოლოოდ, $6.6 მილიარდის ტოლფასი ქონების მოხვეჭის გზაზე დააყენა.
„მამამ იწინასწარმეტყველა, რომ ინდოეთი შეიძლება, გლობალურად კონკურენტუნარიან ქვეყნად ქცეულიყო. ის მუდამ მასშტაბის ჭრილში აფასებდა სიტუაციას. სწორედ ეს იქცა Reliance-ის დნმ-ად“, – ამბობს ამბანი კომპანიის 36 წლის ცენტრალურ ოფისში, გარდაცვლილი მამის სურათებით გარშემორტყმული, რომელთა შორის, 3-D-ში ნაბეჭდ სუპერრეალისტურ ბიუსტსაც ნახავთ.
1986-ში, როცა დჰირუბჰაის ინსულტი დაემართა, მუკეშმა და ანილმა მეტი პასუხისმგებლობა აიღეს. ძმები ახლო იყვნენ ერთმანეთთან – დღის განმავლობაში გვერდიგვერდ მუშაობდნენ და მათი ოჯახებიც ერთად ცხოვრობდა ოჯახის მფლობელობაში არსებული 14-სართულიანი სახლის სხვადასხვა სართულზე. როცა 2002 წელს, 69 წლის ასაკში, დჰირუბჰაი მეორე ინსულტმა იმსხვერპლა, Reliance-ი ინდოეთში ყველაზე მსხვილი საოჯახო ბიზნესი იყო და, შეიძლება, ითქვას, ყველაზე გავლენიანიც.
„ზოგიერთი ჩვენგანი უფრო დიდ რისკებზე მივდივართ, – ამბობს მუკეში. – რისკების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა“.
სიკვდილამდე, დჰირუბჰაი მეტად მოწადინებული იყო, მასებისთვის მობილური ტელეფონების სერვისი შეექმნა, რომლითაც ხმოვანი ზარების განხორციელება უფრო იაფი იქნებოდა, ვიდრე ღია ბარათის გაგზავნა. იმ პერიოდში მობილურები მდიდრების სათამაშოებს წარმოადგენდა, ძვირად ღირებული თვიური გადასახადებით. მამის ნატვრით შთაგონებულმა ძმებმა მობილური კომუნიკაციის სამყაროში ისკუპეს.
2002-ში Reliance-მა ფასდაკლებებზე მომუშავე სატელეკომუნიკაციო სერვისი ჩაუშვა, რითაც ბაზარს მიწა შეურყია და მობილური ტარიფები წუთში 32 ცენტიდან 2 ცენტამდე შეამცირა. მაგრამ ამ წარმატების უკან საზიზღარი კონფლიქტი თუხთუხებდა: ძმებმა კომპანიის მართვის სადავეებისთვის ბრძოლა დაიწყეს.
დჰირუბჰაი მოულოდნელად მოკვდა – ისე, რომ ანდერძი არ დაუტოვებია, თუმცა ოჯახი (ყოველ შემთხვევაში, მუკეში) თვლიდა, რომ ვინც იყო Reliance-ის თავმჯდომარე (ანუ მუკეში), იმას უნდა ჰქონოდა მართვაზე სრული კონტროლი. ანილი – ვიცე-თავმჯდომარე – სიტუაციას სხვაგვარად ხედავდა და მეტ უფლებებს ითხოვდა. მუკეშს მიაჩნდა, რომ დიდი ქარხნებისა და გადამმუშავებლების ასაშენებლად თავად გაეწია მთელი შავი სამუშაო. ასევე, როგორც ამბობენ, ის უფრო ახლო იყო მამასთან, ეს უკანასკნელი კი თურმე წყობიდან გამოეყვანა ანილის, მისი აზრით, შეუფერებელ, გადაწყვეტილებას, ცოლად Bollywood-ის ახალგაზრდა მსახიობი შეერთო (მუკეშს ცოლი მამამ შეურჩია). დედასთან უფრო ახლო მყოფი ანილი, რომელიც ძმაზე უფრო კომუნიკაბელური და ექსტრავერტულია, ფინანსებს განაგებდა და ბანკირების, ინვესტორებისა და ჟურნალისტებისთვის Reliance-ის სახე იყო.
ხანგრძლივი დავის შემდეგ, რასაც ის ფაქტიც ემატებოდა, რომ ძმების ცოლები ვერ უგებდნენ ერთმანეთს, მათმა დედამ, კოკილაბენმა, სიმშვიდე დაამყარა: 2005-ში ოჯახის იმპერია ორად გაიყო. მუკეშს ყველაზე მსუყე ულუფა შეხვდა – ნავთობისა და გაზის ბიზნესის ფლაგმანი Reliance Industries-ი, ანილს კი შედარებით ახალი ბიზნესები ერგო – ტელეკომუნიკაციები, ფინანსური სერვისები და ენერგოგენერირების განყოფილება.
გაყრამ მასიური, თუმცა დროებითი სტიმულირება გაუკეთა ძმათა დიდწილად საჯარო ქონებებს. 2008 წლისთვის მათი სიმდიდრე, ერთობლივად, გასაოცარ $85 მილიარდს უტოლდებოდა. $43 მილიარდის პატრონი მუკეში მეხუთე უმდიდრესი ადამიანი იყო მსოფლიოში, ანილიც იქვე, მეექვსე ადგილს იკავებდა თავისი $42 მილიარდით; მისი ყველაზე დიდი აქტივი, იმხანად $20 მილიარდის ტოლფასი, 65%-იანი წილი გახლდათ ტელეკომუნიკაციების კომპანიაში.
მაგრამ საგვარეულო ქიშპობასთან გაწყვილებულმა ფინანსურმა კრიზისმა თავისი ქმნა. მალე აშკარა გახდა, რომ ძმათა შორის მშვიდობა მხოლოდ თეორიული იყო. როცა 2008-ში ანილი თავისი ტელეკომუნიკაციების ფირმის გაერთიანებას ეცადა სამხრეთაფრიკულ MTN-თან, მუკეშმა განზრახ შეუქმნა გარიგებას დაბრკოლებები, მიზეზად კი ოჯახის შეთანხმებას ასახელებდა, რაც მას ტელეკომუნიკაციების განყოფილების ნებისმიერი წილის გაყიდვაზე ექსკლუზიური უარის უფლებით აღჭურავდა. 2009-ში ანილის კომპანიათა აქციების ფასი დაეცა და მისი ქონებაც თითქმის $32 მილიარდით შემცირდა. ერთი წლის თავზე, სამართლებრივი დავის შემდეგ, ძმებმა გააუქმეს ხელშეკრულება, რომელიც მათ ურთიერთკონკურენტულ საქმიანობებს უკრძალავდა.
უცებ ნათელი გახდა მუკეშის გეზი: ის კვლავ ტელეკომუნიკაციებს უნდა დაბრუნებოდა.
მუკეშმა საქმე მცირე მასშტაბებით და უხმაუროდ დაიწყო: 2010-ში პატარა კომპანია შეიძინა, რომლის ლიცენზია მხოლოდ ფართოხაზოვანი ინტერნეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. მაგრამ ამბანიმ იცოდა, რომ „ხმა“, სინამდვილეში, უბრალოდ მონაცემთა ერთ-ერთი სახე იყო და რომ წესები, რაღაც მომენტში, აუცილებლად შეიცვლებოდა. როცა შეიცვალა, – 2013-ში, – მუკეში მომზადებული აღმოჩნდა.
მან გიჟური ტემპით დაიწყო მოქმედება; Reliance-ის სამშენებლო, რეგულაციური და სააღსრულებო ექსპერტიზის ათვისებას შეუდგა, რათა სწრაფად შეექმნა ეროვნული მასშტაბის ქსელი, რომელიც, ამ წლის ბოლოს, 260,000 ანძას (ზოგიერთი იჯარითაა აღებული) და 186,000 მილ ოპტიკურ ბოჭკოს გააერთიანებს. 4G ხელსაწყოების შექმნის მიზნით, მან ელექტრონიკის გიგანტებთან, Qualcomm-სა და Spreadtrum-თან ითანამშრომლა – ხელსაწყოებისა, რომლებიც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ მაშინ, უმეტესად 2G-ით გაჯერებულ ბაზარში, და რომელთაც ის თითოს $22-ად, კომპენსირებადი საგარანტიო დეპოზიტის სახით, ჰყიდდა. ჯამში, ამ დრომდე, Reliance-ს პროექტზე $33 მილიარდი აქვს დახარჯული, დაფინანსების წყაროს კი ვალი ($7 მილიარდი), სააქციო კაპიტალი ($17 მილიარდი) და გადავადებული გადახდები და მომმარაგებლის კრედიტები ($9 მილიარდი) წარმოადგენს.
Jio დაუჯერებლად იაფი და დაუჯერებლად სწრაფი გამოდგა და, ინდოეთის ზომის გათვალისწინებით – ალბათ ყველაზე შთამბეჭდავიც: ლამის მთელი ქვეყანა, უფრო ზუსტად კი ქვეყნის 95%, მოიცვა. არსებული მოთამაშეები ბევრს წვალობდნენ, ბიზნესში როგორმე რომ დარჩენილიყვნენ. Telenor-მაც და Tata Group-მაც თავიანთი უკაბელო ოპერაციები ტელეკომუნიკაციების ბობოლას, სუნილ მიტალის Bharti Airtel-ს მიჰყიდეს (ეს უკანასკნელი და სინგაპურული Singtel-ი ერთობლივი ბიზნესია). იერიშთან უკეთ გასამკლავებლად, ერთ დროს მეტოქეებმა, Vodafone India-მ და მილიარდერ კუმარ ბირლას მფლობელობაში არსებულმა Idea Cellular-მა გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. მუკეშმა, რომელსაც უმცროსი ძმის დამცირების გეგმა სისრულეში მოჰყავდა, მისი ვალებში ჩაფლული ტელეკომუნიკაციების ბიზნესის ნარჩენებში $3 მილიარდზე ცოტათი მეტი გადაიხადა. არადა, ეს ბიზნესი ოდესღაც $43 მილიარდი ღირდა.
„ეს წმინდა ბიზნესგადაწყვეტილება იყო, – ამბობს მუკეში. – ჩვენ ეს გვაწყობს და მოგვწონს და მის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენებას ვეცდებით“.
Jio-ს წყალობით, ინდოეთის მობილური მონაცემების წლიური „მოძრაობა“, წინა წელთან შედარებით, მილიარდზე ოდნავ მეტი გიგაბაიტიდან 15 მილიარდამდე გაიზარდა. მონაცემთა მოხმარების მიხედვით, ინდოეთი ახლა ჩინეთსა და აშშ-ზე წინაა. ჯერ მარტო Jio უფრო მეტ მობილურ მონაცემს დაატარებს, ვიდრე Sprint-ი, Verizon-ი და AT&T, ერთად აღებული.
ამბანის ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია მთელ ამ ინფორმაციას მისი ქვეყნის ტრანსფორმირება და სიღარიბიდან გამოყვანა, უდავოდ გრანდიოზულია. მაგალითად ინდური სოფლის მეურნეობა მოჰყავს, რომელიც მწირი პროდუქტიულობითა და დაბალი ხარისხით არის გატანჯული. „ყველა ამ დეფიციტს შესაძლებლობად აღვიქვამ“, – ამბობს ამბანი. Jio-მ ინდოეთის 120 მილიონი ფერმერისთვის (მათი უმეტესობა პატარა მიწის პატრონია) პლატფორმა შექმნა, რომელიც ბაზრის იმწუთიერ ფასებსა და სოფლის მეურნეობის წამყვან ექსპერტებთან წვდომის გარდა, მომხმარებელს ტექნიკურ ინფორმაციას აწვდის ხვნა-თესვასა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებით.
ამბანი Jio-ს გარდამტეხ როლს ინდურ განათლებაშიც ხედავს. იმედი აქვს, რომ ერთ წელიწადში Jio ინდოეთის კოლეჯების 35 მილიონ სტუდენტს დააკავშირებს. ამავე დროს უნდა, რომ Jio-მ ქვეყნის ყველაზე გადაკარგულ კუთხეებში, ყველაზე პაწაწინა სოფლებამდე ჩააღწიოს.
ცხადია, Jio თუ ვერ მონახავს ფულის შოვნის გზას, ეს ყველაფერი ოცნებად დარჩება. თუმცა, ერთგვარად აგრესიული ბუღალტერიის წყალობით, 2017-ის ბოლო კვარტალში კომპანიამ პატარა მოგების ($78 მილიონი $1.1 მილიარდ შემოსავალზე) ნახვა მაინც მოახერხა, მაგრამ Jio-ს მთავარი ძალა, – მისი სიიაფე, – ფინანსური თვალსაზრისით, მის წინააღმდეგ მუშაობს.
წარმატების მოსაპოვებლად, Jio-მ გაცილებით მეტი გამომწერი უნდა მოიზიდოს, მერე კი მათ უფრო ბევრი (და უფრო სარფიანი) მონაცემის მოხმარებისკენ უნდა უბიძგოს ისეთი აპლიკაციების მეშვეობით, როგორიცაა Jio Cinema (6,000 ფილმი) და Jio Music-ი (16 მილიონი სიმღერა). როცა მათ ანკესზე წამოაგებს, Jio-ს მონაცემთა ფასების გაზრდა მოუწევს ისე, რომ ზედმეტად ბევრი მომხმარებელი არ დაკარგოს. მისი ამჟამინდელი ტარიფები არარენტაბელურია.
ამბანი არ ჩანს მიმდინარე ეკონომიკით შეწუხებული და გრძელვადიან ინვესტიციებზე ამყარებს იმედს. პარალელურად, თავის სამ შვილს ბიზნესის სამართავად ამზადებს და 39,000 ფუტიდან ერთობ კომფორტულად უყურებს Reliance-ს. „ამ ბოლო დღეებში ისეთი განწყობა მაქვს, რომ კი, კომპანიის მმართველობაში ცხვირი უნდა ჩავყო, მაგრამ მენეჯმენტში ხელები არ უნდა ვაფათურო“, – ამბობს და საბჭოს საკითხებით დაინტერესებასა და ოპერაციებში ჩაურევლობას გულისხმობს. ჰორიზონტზე Jio-ს პირველადი საჯარო შეთავაზება მოჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე ამბანი იმ სიხარულით ტკბება, რაც მილიონობით რიგითი ინდოელის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფა და ამ ფაქტის ყველა თანამდევი შესაძლებლობაა.
“ეს მარათონია, – ამბობს ის, – რომელშიც ინდოეთი დანარჩენ სამყაროსთან ერთად დარბის”.