აღმოსავლეთ თურქეთსა და აზერბაიჯანის ექსკლავ ნახჭევანს შორის იღდირ–ნახჭევანის (Igdir-Nakhchivan) გაზსადენის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დომნეზმა განაცხადა.
„აზერბაიჯანის მხრიდან გარკვეული ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტებას ველოდებით, რის შემდეგაც უშუალოდ მილსადენის მშენებლობას დავიწყებთ. ჩვენ უკვე დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები მილსადენის მარშრუტისა და დიზაინის მიმართულებით“,- განაცხადა მინისტრმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდეგ, იღდირ–ნახჭევანის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა ერთ–ერთი მთავარი პროექტია, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტი აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ 10 ნოემბერს სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაცია განიბლოკება. დოკუმენტი ასევე ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტიურ მშენებლობას უზრუნველყოფს, რაც ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს.
მილსადენი თურქეთის აღმოსავლეთ იღდირის რეგიონიდან ნახჭევანისაკენ აზერბაიჯანის ახლად განთავისუფლებული ტერიტორიების გავლით მიემართება, რაც, თავის მხრივ, ექსკლავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
15 დეკემბერს ანკარაში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა (Parviz Shahbazov) და მისმა თურქმა კოლეგამ ფათიჰ დონმეზმა (Fatih Donmez) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სწორედ ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იღდირ–ნახჭევანისბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას.
მილსადენის მთლიანი სიგრძე 160 კმ იქნება, გამტარუნარიანობა კი წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც შესაძლებელს გახდის ნახჭევანისთვის ყოველდღიურად 1,5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. ამასთან, მილსადენის თურქული მონაკვეთი 85 კმ სიგრძის იქნება.
აღსანიშნავია, რომ პროექტს თურქული კომპანია BOTAS–ი და აზერბაიჯანული SOCAR–ი განახორციელებენ.