II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 65.5 ათასმა მგზავრმა ისარგებლა

II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 65.5 ათასმა მგზავრმა ისარგებლა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 65.5 ათასი მგზავრია გადაყვანილი, მგზავრთბრუნვის მოცულობამ კი 147.6 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. პირველ შემთხვევაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 77.5%, მეორე შემთხვევაში კი 69.5 % შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 10.3 ათასი ტონა ტვირთია გადატანილი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მილიონი ტონა-კილომეტრია. ამ შემთხვევაში წინა წლის II კვარტალთან შედარებით ორივე მაჩვენებელი შემცირებულია, შესაბამისად, 92.9 და 93.9%-ით.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.43 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41.1%-ით აღემატება. მათ შორის საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აეროპორტებმა 731.8 ათასი მგზავრი მიიღო, ხოლო 699.8 ათასი მგზავრი გაუშვა.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან 6.1 ათასი ერთეული რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის II კვარტალის მაჩვენებელს 32.6%-ით აღემატება.

რაც შეეხება ტვირთს, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87% მიღებული ტვირთია, ხოლო 13% – გაგზავნილი.