ილონ მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შეცვლის საკითხს განიხილავს

ილონ მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შეცვლის საკითხს განიხილავს

კომპანიის 9.2%-იანი წილის შეძენისა და Twitter-ის უმსხვილეს აქციონერად გადაქცევიდან რამდენიმე დღეში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შეცვლის და ტვიტების რედაქტირების ღილაკის დამატების საკითხს განიხილავს.

„გსურთ თუ არა რედაქტირების/შეცვლის ღილაკი?“ – ამ შეკითხვით მიმართა მასკმა 80 მილიონამდე გამომწერს.

რამდენიმე საათში გამოკითხვაში მონაწილეობა 2.3 მილიონმა მომხმარებელმა მიიღო. მათი 73% Twitter-ზე რედაქტირების ღილაკის დამატებას მოითხოვს.

 

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ტვიტს გამოეხმაურა კომპანია Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება, მომხმარებლებმა კი საკუთარი აზრის დაფიქსირებისას ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

ზოგადად, რედაქტირების ღილაკი თითქმის ყველა თანამედროვე სოციალურ ქსელში გვხვდება, გარდა Twitter-ისა. აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. მომხმარებელთა დიდ ნაწილს სურს ისეთი რედაქტირების ფუნქციის არსებობა, როგორიც Facebook-ზეა წარმოდგენილი, სადაც ნაჩვენებია როგორც ახალი პოსტი, ასევე რედაქტირების ისტორიაც.

მართალია, ილონ მასკი არ არის Twitter-ის მენეჯმენტის უშუალო წევრი და მას არ აქვს მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება, თუმცა ის ამჟამად კომპანიის უმსხვილესი აქციონერია. მასკს Twitter-ის დამფუძნებელზე, ჯეკ დორსიზე 4-ჯერ დიდი წილი ეკუთვნის, შესაბამისად მის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, სურვილს გარკვეული გავლენა ექნება საბჭოსა და მენეჯმენტის სამომავლო გეგმებზე და არ არის გამორიცხული, რომ Twitter-ზე რედაქტირების ფუნქციაც გაჩნდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *