ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა

ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა კომპანია Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა.

ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) ინფორმაციით, მასკი კომპანიის 75 მილიონ აქციას ფლობს, რომლის ღირებულება ახლა უკვე 3.6 მილიარდ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ამ შენაძენით მასკი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდა და ის ამჟამად თავად Twitter-ის დამფუძნებელზე, ჯეკ დორსიზე თითქმის ოთხჯერ დიდ წილს ფლობს – დორსის კომპანიის აქციების მხოლოდ 2.25% ეკუთვნის.

Twitter-ი ილონ მასკის რჩეული სოციალური პლატფორმაა, რომელსაც ის აქტიურად იყენებს და სადაც მას 80 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. თუმცა გასულ თვეს მან Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე, რომელიც გამორჩეული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის მაღალი სტანდარტებით.

„ვინაიდან, Twitter-ი დე-ფაქტო ქალაქის საჯარო მოედნის ფუნქციას ასრულებს, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების არდაცვა ძირს უთხრის დემოკრატიას“, – განაცხადა მასკმა.

ზუსტად რას ისახავს მიზნად მასკი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ 9.2%-იანი წილით ის კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას გარკვეული გავლენა ექნება Twitter-ის დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტის სამომავლო გეგმებზე.

საგულისხმოა, რომ Twitter-ი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, რაც აღნიშნული სოციალური ქსელის სამომხმარებლო პოლიტიკითა და წესდებითაა განპირობებული. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელში ცენზურა არ უნდა არსებობდეს და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

ამ იდეას იზიარებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის საპასუხოდ საკუთარი სოციალური პლატფორმა Truth-ი შექმნა. ამ უკანასკნელმა დიდ წარმატებას ჯერაც ვერ მიაღწია და Twitter-სა თუ Facebook-ს რეალურ კონკურენციას ვერ უწევს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულად თავისუფალი სოციალური ქსელის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინფორმაციის გაფილტვრის მექანიზმების გარეშე ის მალევე გადაივსება სარეკლამო ბანერებით, თაღლითური განცხადებებითა და არალეგალური ფოტო თუ ვიდეომასალებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *