ილონ მასკსა და TESLA-ს DOGECOIN-ის მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან

ილონ მასკსა და TESLA-ს DOGECOIN-ის მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მორიგი სკანდალის წინაშეა – კომპანია Tesla-ს, SpaceX-სა და მათ ხელმძღვანელ ილონ მასკს კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ფასების მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ილონ მასკი და მისი კომპანიები გააზრებულად ახდენდნენ გავლენას კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟაზე და აქტიური მარკეტინგული კამპანიის (პოსტები, განცხადებები, ტვიტები) საშუალებით ხელოვნურად ზრდიდნენ Dogecoin-ის ღირებულებას, რათა გაზრდილი ფასებით პირადი სარგებელი მიეღოთ.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, აშშ-ის მოქალაქე კიტ ჯონსონი, ზარალის ანაზღაურების მიზნით, ილონ მასკისა და მისი კომპანიებისგან 258 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს.

გარდა რეკორდული მოცულობის თანხისა, ჯონსონი მოითხოვს, რომ მასკსა და Tesla-ს სამუდამოდ აეკრძალოთ Dogecoin-ის რეკლამირება და მასთან დაკავშირებით საჯარო კამპანიების წარმოება, მათ შორის, ტვიტების გავრცელება.

ჯონსონის მტკიცებით, მასკის გავლენამ და რეპუტაციამ Dogecoin-ის ბაზარი „ნორმალური“ მდგომარეობიდან გამოიყვანა, რამაც აღნიშნული კრიპტოვალუტის ტრეიდინგით დაკავებული პირების უფლებების დარღვევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ Dogecoin-ი 2013 წელს, უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის გაშარჟებისა და დაცინვის მიზნით შეიქმნა, მის ლოგოზე შიბა ინუს ჯიშის ძაღლია გამოსახული. თავად Dogecoin-ს, ბიტკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით, არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს და ის არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საინვესტიციო აქტივს.

ილონ მასკის ტვიტების წყალობით, გასული წლის ზაფხულში Dogecoin-ის ღირებულებამ $0.68-იან ნიშნულს და $85-მილიარდიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, თუმცა ამჟამად მისი ფასი 0.05 აშშ დოლარს შეადგენს, საბაზრო ღირებულება კი $7.5-მილიარდიან ნიშნულამდეა შემცირებული.