Baykar-ი თურქეთის სამხედრო და ავიაკოსმოსური სექტორის მთავარი ექსპორტიორია

Baykar-ი თურქეთის სამხედრო და ავიაკოსმოსური სექტორის მთავარი ექსპორტიორია

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს დრონების თურქულმა მაგნატმა, Baykar-მა სამხედრო და საჰაერო-კოსმოსურ სექტორში გაყიდვებით ყველა სხვა ადგილობრივ კომპანიას გადაასწრო და ქვეყანაში მთავარი ექსპორტიორი გახდა.

აღნიშნული მონაცემები ცოტა ხნის წინ თურქი ექსპორტიორების ასამბლეამ (TIM) გაავრცელა და ის 27 სხვადასხვა სექტორის მდგომარეობას ასახავს. ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TB2-ისა და ახალი, მაღალტექნოლოგიური უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის, Akinci-ის მწარმოებელმა Baykar-მა სექტორში უმსხვილესი ექსპორტიორის სტატუსი დაიმსახურა.

Baykar-მა გაყიდვებით Turkish Aerospace Industries (TAI)-ის გადაასწრო. ეს უკანასკნელი საავიაციო ინდუსტრიის გლობალური კომპანიებისთვის თვითმფრინავების კონსტრუქციებს აწარმოებს.

Baykar-ის ზრდის ტემპი საკმაოდ სწრაფია. ეს კი კომპანიის ახალი კონტრაქტების დამსახურებაა. გასულ წელს უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტით კომპანიამ 664 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ეს თანხა Baykar-ის 2021 წლის საერთო ბრუნვის 80%-ს შეადგენს.

კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრში სამი პროექტი შეიქმნა. მინი Bayraktar-ი, Bayraktar TB2 და Akinci – Baykar-ის წარმატებაში სამივე პლატფორმას დიდი წვლილი მიუძღვის.

ამჟამად კომპანია ვერტიკალურად აფრენისა და დაფრენის ფუნქციის მქონე Bayraktar-სა და უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავზე, Bayraktar Kizilelma-ზე მუშაობს. უფრო მეტს Baykar-ის სამომავლო პროექტების შესახებ Forbes Georgia-ს სტატიაში გაეცნობით.

ცნობისთვის, კომპანიამ ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი ექსპორტზე პირველად 2012 წელს გაიტანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *