IMF-ი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.7%-იან ზრდას პროგნოზირებს

IMF-ი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.7%-იან ზრდას პროგნოზირებს

გუშინ ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სუბირ ლალის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

მხარეებმა ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს.

როგორც ბრიფინგის დროს IMF-ის წარმომადგენელმა განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის 5.7%-იან ზრდას ელიან. მისივე განმარტებით, ამაში წვლილს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები შეიტანს. სუბირ ლალის განმარტებით, პროგნოზის ზრდას ხელი დიდწილად ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეუწყო.

აღსანიშნავია, რომ იანვარში მსოფლიო ბანკის მიერ გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან ზრდას ელის. საინტერესოა, გაზრდის თუ არა პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი.