საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი იანვარ-თებერვალში

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი იანვარ-თებერვალში

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.95 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით ნაკლებია.

პირველ ორ თვეში ექსპორტი 803.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, (შემცირდა 12.2%-ით), ხოლო იმპორტი – 2.1 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 1.6%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5%-ია.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (471.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (410.6 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (221.7 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 262.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 47.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.1 მლნ აშშ დოლარით (5.2%).

წყარო: საქსტატი

2024 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 258.1 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12% შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 187 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 127.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.9%).

წყარო: საქსტატი

აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან უმსხვილესი საიმპორტო საქონელი სამკურნალო საშუალებებია (43.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო საექსპორტო საქონელი – ფეროშენადნობები (18.9 მლნ აშშ დოლარი).

რუსეთის შემთხვევაში, უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო საქონელი, შესაბამისად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები (90.1 მლნ აშშ დოლარი) და ღვინოა (36 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთის შემთხვევაში კი გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები (8.3 მლნ აშშ დოლარი) და ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები (33.8 მლნ აშშ დოლარი).