მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და გაეროს სურსათის პროგრამა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები მთავრობებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მსოფლიოს მასშტაბით სურსათსა და საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები და მიიღონ შესაბამისი ზომები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად.
„მსოფლიო კრიზისით შეძრწუნებულია – რუსეთ-უკრაინის ომი დამატებით ზეწოლას ახდენს მიმდინარე პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით დამძიმებულ ვითარებაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობას ზიანს აყენებს. საკვებ პროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი ფასები და სურსათის დეფიციტი ზეწოლას ზრდის ოჯახებზე და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სიღარიბისკენ უბიძგებს.
ყველაზე მაღალი საფრთხის ქვეშ არიან ღარიბი ქვეყნები, რომლებიც მოთხოვნის უდიდეს ნაწილს იმპორტით იკმაყოფილებენ, თუმცა რისკის ქვეშ არიან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიც, სადაც დიდი რაოდენობით ღარიბი მოსახლეობა იყრის თავს.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სურსათის ფასების ყოველი პროცენტული პუნქტით ზრდა მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონამდე ადამიანს უბიძგებს სიღარიბის ზღვარს მიღმა“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მიმდინარე კრიზისს განსაკუთრებით ამწვავებს ბუნებრივი აირის გაძვირება, რადგან ის სასუქი პროდუქტების წარმოებისთვისაა აუცილებელი, სასუქების გაძვირება კი კიდევ უფრო მეტად ამწვავებს სურსათის დეფიციტს.
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ: მატერიალური და სხვა რესურსებით მხარი დაუჭირონ ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას; შეინარჩუნონ ღია სავაჭრო ურთიერთობები და არ დააწესონ შეზღუდვები, მათ შორის, ემბარგო საკვებ პროდუქტებსა და სასუქზე.
მოწოდების პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ დასახმარებლად სხვადასხვა ზომებს მიიღებენ, მათ შორის, ფინანსური დახმარების პაკეტებს.