უკრაინაში ომის ფონზე, ჩინეთი რუსეთში საქონლის ექსპორტს ამცირებს

უკრაინაში ომის ფონზე, ჩინეთი რუსეთში საქონლის ექსპორტს ამცირებს

რუსეთ-უკრაინის ომისა და ამის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ჩინეთის მიერ ოკუპანტ ქვეყანაში გატანილი პროდუქტების საექსპორტო მაჩვენებელი მცირდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. მარტში, ჩინურმა კომპანიებმა რუსეთში $3.8 მილიარდის საქონელი გაიტანეს, რაც 7.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და ზოგადად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის მაისის შემდეგ, როცა გლობალური ვაჭრობა პანდემიის გამო შეჩერდა.

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ერთი შეხედვით, საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს – ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების პრეზიდენტებმა ომამდე ცოტა ხნით ადრე გამართული შეხვედრისას განაცხადეს. ამასთანავე, ჩინეთმა რუსეთთან ვაჭრობის შესახებ ომის დაწყების შემდეგაც ისაუბრა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, რადგან, როგორც ჩანს, დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები, რუსული რუბლის მერყეობა და რუსეთისთვის დოლარის გამოყენების აკრძალვა – ჩინური კომპანიების მესვეურებზე გავლენას მაინც ახდენს.

ისე კი, შემცირებული საექსპორტო მაჩვენებლის ფონზე, იზრდება რუსეთიდან ჩინეთში იმპორტირებული საქონლის წილი – ერთი წლის ჭრილში, ეს მაჩვენებელი 26.4%-ითაა მომატებული, რაც ნაწილობრივ, საქონლის ფასების ზრდით არის გამოწვეული. რუსეთიდან ჩინეთი ნავთობს, გაზს, ქვანახშირსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდულობს, ხოლო რუსეთში ელექტრონიკას, მანქანა-დანადგარებსა და ავტომობილებს ყიდის. მარტში, ჩინეთმა რუსეთიდან 387 ათასი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 60 ტონით აღემატება – თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული გაზის წილი საგრძნობლად ჩამორჩება ჩინეთის მთავარ მომწოდებელ ავსტრალიას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის 2021 წლის მაჩვენებელმა $147 მილიარდი შეადგინა, რაც ერთი წლის ჭრილში 36%-იან მატებას ნიშნავს. ამასთანავე, ამ რიცხვის $250 მილიარდამდე გაზრდაა მოსალოდნელი – ამის შესახებ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები თებერვალში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *