ინდექსი, რომლითაც მთავრობა „თავს იქებს“, საქართველოს პოზიციის გაუარესებაზე წერს

ინდექსი, რომლითაც მთავრობა „თავს იქებს“, საქართველოს პოზიციის გაუარესებაზე წერს

ორგანიზაცია Trace-ის ყოველწლიური კორუფციის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. გასულ წელს საქართველოს 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი ეჭირა და მისი შეფასება 25 ქულას შეადგენდა. 2021 წლის ინდექსში კი ქვეყანამ ერთი პოზიცია დაკარგა და 29-ე ადგილს იკავებს, მისი შეფასებაც ასევე ერთი ქულით გაუარესდა და 26-ს შეადგენს.

Trace-ის ყოველწლიური კორუფციის ინდექსის შესახებ ინფორმაცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, თუმცა, განსხვავებული შინაარსით. პრესრელიზში საქართველოს ქულის გაუარესებაზე არაფერია ნათქვამი და პირიქით, ახალი პოზიცია პოზიტიურ ჭრილშია განხილული.

პრესრელიზის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ამბობს:

„კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ასევე ევროკავშირის არაწევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს ლიხტენშტეინს და სან მარინოს“. რეალურად მთავრობის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს მხოლოდ კვლევის შემადგენელი ერთ-ერთი კრიტერიუმის ქვეკრიტერიუმზე.

ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის შემცირების მიზეზი პირველ კრიტერიუმში, ანუ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში (interactions with government) კორუფციის რისკების მატება იყო, წინა ინდექსით ამ მხრივ საქართველოს 17 ქულა ჰქონდა, ახალ ინდექსში კი 19 ქულა აქვს ამ მიმართულებით.

ინდექსში ტოპ 5 ადგილი ასე ნაწილდება:

  1. დანია;
  2. ნორვეგია;
  3. შვედეთი;
  4. ფინეთი;
  5. ახალი ზელანდია.

საქართველო ინდექსში ყველა მეზობელ ქვეყანას ასწრებს: აზერბაიჯანი 140-ე ადგილი; თურქეთი 129-ე ადგილი; რუსეთი 134-ე ადგილი; სომხეთი 47-ე ადგილი.