Indorama-ს მიერ „რუსთავის აზოტის“ შეძენის პროცესში ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩართული - განცხადება

Indorama-ს მიერ „რუსთავის აზოტის“ შეძენის პროცესში ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩართული - განცხადება

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა. “რუსთავის აზოტის” 100%-იანი წილის მესაკუთრე კომპანია სს “ე უ ინვესთმენთსმა“ “აზოტი” სინგაპურში ბაზირებულ კორპორაცია Indorama-ს ქართულ შვილობილს მიჰყიდა. გარიგების ღირებულება უცნობია.

ქვეყანაში ახალი ინვესტორის შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს განმარტებას აკეთებს ეკონომიკის სამინისტროც. უწყების მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, გარიგების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ხოლო თავად Indorama ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და წარმოების ზრდას გეგმავს.

“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.

„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

კორპორაციის ძირითად საქმიანობას აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს.

Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ 7.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე მილიარდერთა სიაშია მისი ძმა ალოკ ლოჰიაც, რომლის ქონებასაც Forbes-ი 2.4 მილიარდ დოლარად აფასებს.

თავად Indorama-ს წლიური შემოსავლები 14 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება “რუსთავის აზოტს”, ამჟამად საჯაროა კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *