„კოვიდპანდემიასთან“ ერთად დღეს მსოფლიოს „ინფლაციის პანდემია“ აწუხებს. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. გლობალურად ფასების ზრდას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა: პანდემიის გამო შეფერხებული წარმოება, ლოგისტიკა და მთავრობების მხრიდან უხვად გაცემული სოციალური დახმარებები და სუბსიდიები.
Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს.
უკვე ცნობილია, რომ 2021 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ძირითადი სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 13.9%-ით გაძვირდა. ასეთი მაღალი წლიური ინფლაცია ბოლოს 2011 წლის მაისში იყო, როცა ფასები 14.3%-ით გაიზარდა.
ინფლაცია საქართველოში წლის ბოლოს, დეკემბერი/დეკემბერთან
2021 წელს ყველაზე მეტად მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები გაიზარდა, საშუალოდ 43.5%-ით. რეალურად კომუნალურმა გადასახადებმა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, მაგრამ ინფლაციის დონეზე ზრდა მხოლოდ 2021 წელს აისახა, რადგან 2020 წელს გაზრდილ ტარიფს მთავრობა ასუბსიდირებდა და მოსახლეობამ ტარიფების ზრდა 2021 წლიდან იგრძნო.
გასულ წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 15.6%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) – 17.3%-ით, სასტუმროები და რესტორნები – 14%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 11.8%-ით. 7.9%-ით მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის ანუ მკურნალობის ფასმა.
თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისa და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, 2021 წელს ყველაზე მეტად, თითქმის 200%-ით კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ მოდის წყლისა და ბუნებრივი გაზის გადასახდელი, რომელიც 77-77%-ით გაძვირდა. ელექტროენერგიის გადასახდელი 66%-ით გაძვირდა, ნაგვის გატანის – 58%-ით. 40%-ით გაძვირდა ბენზინი, 38%-ით კვერცხი, 36%-ით მზესუმზირის ზეთი, 33%-ით შაქარი და კარტოფილი.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2021 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
კომბოსტო | 199% |
წყლის გადასახდელი | 77% |
ბუნებრივი გაზის გადასახდელი | 77% |
ელექტროენერგიის გადასახდელი | 66% |
ნაგვის გატანის გადასახდელი | 58% |
ქლიავი | 51% |
ლურსმანი | 49% |
თერმომეტრი | 48% |
ბენზინი | 40% |
კვერცხი | 38% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში, ანუ ერთი თვის ინფლაციამ 0.3% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერში, ამავე წლის წინა თვესთან, ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.3%-ით გაძვირდა. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტად კომბოსტოა გაძვირებული – 40.8%-ით. შემდეგ მოდის მსხალი და კიტრი 14.2-14.2%-ით. ბადრიჯანი 8.2%-ით გაძვირდა, სულგუნი 7.1%-ით. საქსტატის ინფორმაციით, დეკემბერში ყველაზე მეტად – 13.4-ით ფორთოხალი გაიაფდა. 12.9%-ით გაიაფდა თვითმფრინავით მგზავრობა, 11%-ით ლიმონი, 9%-ით კივი.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
კომბოსტო | 40.8% |
მსხალი | 14.2% |
კიტრი | 14.2% |
ბადრიჯანი | 8.2% |
სულგუნი | 7.1% |
თაბაშირ-მუყაოს ფილა | 5.0% |
წიწიბურა | 4.5% |
ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ | 4.5% |
ფოტოაპარატი | 4.2% |
ქუდი ქალის | 4.1% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
მაღალი ინფლაციის შესაკავებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 9 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50%-მდე გაზარდა. აგვისტოდან დეკემბრამდე განაკვეთი 10% იყო. მონეტარული განაკვეთი 10.50% და მეტი ბოლოს 2008 წელს იყო. განაკვეთის ზრდა საბანკო სესხების პროცენტს გაზრდის, რაც ეკონომიკის დაკრედიტებისა და, აქედან გამომდინარე, ერთობლივი მოთხოვნის ზრდის ტემპს შეაჩერებს. ერთობლივი მოთხოვნის შეკავება სხვა თანაბარ პირობებში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების სტაბილურობას განაპირობებს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 2 თებერვალს გაიმართება, სადაც განაკვეთის ცვლილებაზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, განაკვეთი ან იგივე დარჩება ან 0.25-0.50% პუნქტით მოიმატებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2021 წლის დეკემბრის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – ნოემბრის ან ოქტომბრის. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო დეკემბერში დაფიქსირებული 13.9%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 16 ქვეყანაში გაიზარდა.
ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ვენესუელაა, სადაც 2021 წელს ფასები 686%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის სუდანი 340%-ით და ლიბანი 201%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, დეკემბრის მონაცემებით 36%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის სწრაფი გაუფასურებაა. ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს მოლდოვა (13.9%) და მონღოლეთია (13.4%).
განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 12.2%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 10.6%-ით, პოლონეთი – 8.6%-ით და ლატვია – 7.9%-ით. აშშ-ში დეკემბერში წლიური ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 5.2%-ია.
მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 70%-ით გაძვირდა. 28%-ით არის გაძვირებული სურსათი, მათ შორის, ზეთი 40%-ით გაძვირდა, მარცვლეული კი 23%-ით. ხორბალი ბოლო ორ წელიწადში 45%-ით არის გაძვირებული. ლითონები და მინერალები 49%-ით გაძვირდა.
ბარელი ნავთობის მსოფლიო საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი
უკვე გაზრდილი ფასები ისტორიაა, საინტერესოა, მომავალში რა მოლოდინებია მსოფლიოში პირველადი მოხმარების საქონელზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს სურსათი 2.2%-ით უნდა გაიაფდეს, სასმელები 2.7%-ით. ნავთობის ფასის 5.7%-ით ზრდას მოელიან, ლითონებისა და მინერალების 3.4%-ით. ამ ეტაპზე მოლოდინები პოზიტიურია, რის შედეგადაც 2022 წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, თუმცა რეალური სიტუაცია სწრაფად იცვლება როგორც პანდემიის, ასევე პოლიტიკური დაძაბულობის გამო. მაგალითად, 2022 წლის ერთი თვეც არ გასულა და ყაზახეთის ამბებმა და უკრაინა-რუსეთის შესაძლო ომმა ნავთობის ფასი ბოლო 8 წლის მაქსიმუმამდე გაზარდა. 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასი 15%-ით გაიზარდა.
ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბევრმა ქვეყანამ გაზარდა, რაც ფასების ზრდის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება 2022 წელს. მაგალითად, თურქეთს 14%-მდე აქვს გაზრდილი, უკრაინას – 9%-მდე, რუსეთს – 8.50%-მდე, ჩინეთს – 3.8%-მდე, სომხეთს – 7.75%-მდე, აზერბაიჯანს – 7%-მდე.