IAB: NEXIA წლის საუკეთესო ქსელია მსოფლიოში

IAB: NEXIA წლის საუკეთესო ქსელია მსოფლიოში

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია NEXIA TA ყოველწლიური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და 2021 წელსაც გაუმჯობესებული შედეგებით, ახალი შეთავაზებებით და ჯილდოებით ასრულებს. NEXIA TA უკვე რვა წელია, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. ბუღალტერიის, საგადასახადო, აუდიტის და იურიდიული მომსახურების გარდა, კომპანია ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებასაც სთავაზობს ბიზნესებსა და ორგანიზაციებს. NEXIA TA-ს მმართველი პარტნიორები დავით ლომიძე, ბორის მეგრელიშვილი და გელა მღებრიშვილი 2021 წელს აჯამებენ.

Nexia TA ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. შევაჯამოთ განვილილი წელი, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ზრდა-განვითარებისთვის?

დავით ლომიძე: 2021 წელს ჩვენი კომპანიის ყველა მიმართულებამ მდგრადად განვითარება შეძლო. გარდა ამისა, ახალი მიმართულებებიც დავამატეთ და გავაძლიერეთ. მათგან ერთ­-ერთი გამორჩეული ბუღალტერიის აუტსორსინგის მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ სერვისის მომხმარებლები ძირითადად მსხვილი და საშუალო ზომის ბიზნესები არიან, თუმცა წელს შევეცადეთ, ის სტარტაპებისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა, რისთვისაც პროდუქტი – „ბუღალტერია მარტივად“ შევქმენით. შედეგად, კომპანიებს ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრული მომსახურების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, ქონების შეფასებებისა და ფინანსური დირექტორის აუტსორსინგის სერვისიც გავაფართოეთ. წელს ამ უკანასკნელისთვის ბაზარი უკვე მზად იყო. დაბოლოს, მიუხედავად პანდემიისა, აუდიტორულ სფეროში რიგით მესამე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გავხდით. NEXIA TA უკვე 220-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. პანდემიამ არათუ შეამცირა ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა, არამედ, პირიქით, მათი რაოდენობის ზრდა შევძელით.

რამ განაპირობა ეს შედეგები?

დავით ლომიძე: ეს ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი – პანდემიისას ვეცადეთ, რომ მომხმარებლების მიმართ ლოიალურები ვყოფილიყავით და პარტნიორული ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა, რთულ პერიოდში მათ მაქსიმალურად გვერდით დავუდექით. ჩვენი სლოგანიც ამას გამოხატავს – Closer to You. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ გარკვეული შეღავათები გავუწიეთ, საჭირო რჩევებიც მივეცით და კრიზისულ პერიოდში ერთმანეთის შენარჩუნებაც შევძელით. გარდა ამისა, ახალი კლიენტებიც შევიძინეთ, რამაც ჩვენი მდგრადობა კიდევ უფრო გააძლიერა. ამას დაემატა ახალი სერვისების დანერგვაც, რასაც, ბუნებრივია, თანამშრომლების რაოდენობის ზრდაც მოჰყვა.

2021 თქვენთვის გამორჩეული იყო ჯილდოებითაც…

ბორის მეგრელიშვილი: დიახ, ყველაზე საამაყოა ორი მთავარი ჯილდოს აღება ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021), რომელიც უკვე ათი წელია, ყოველწლიურად #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ორგანიზებით ლონდონში იმართება. კერძოდ, Nexia International-ი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების „წლის ქსელად” დასახელდა (Network of the Year), რაც ერთ­-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე. ამავე ღონისძიებაზე Nexia-ს აღმასრულებელ დირექტორს, კევინ არნოლდს ჯილდო – Lifetime Achievement-ი („ცხოვრებისეული მიღწევა“) გადასცეს. ეს მსოფლიო მასშტაბით უდიდესი აღიარებაა. Nexia, თავისი შედეგებიდან გამომდინარე, მართლაც არის ცხოვრებისეული მიღწევა, რაც ბრენდის ხარისხს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. როდესაც დამკვეთი Nexia-ში მოდის, მან პრაქტიკულად იცის, რომ აქ მაღალი ხარისხის სერვისს მიიღებს როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად.

კომპანიისთვის საამაყოა ისიც, რომ პანდემიის პირველ წელს, 2020-ში, Nexia-ს ქსელი კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს უმსხვილეს გლობალურ სააღრიცხვო ქსელებს შორის მე-8 პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება ადგილობრივ მასშტაბებს, ამ მხრივ კიდევ უფრო წინ ვართ, საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო მსოფლიოს ათეულის კომპანიებს შორის მე-6 ადგილზე ვიმყოფებით და ყოველწლიურად განვაგრძობთ პოზიციის გამყარებას.

გამორჩეული იყო წელს თქვენი კამპანიაც სათაურით: „სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“…

გელა მღებრიშვლი: დიახ, დღეს კომპანია გამოწვევების ახლებურად გადაწყვეტას, ახალ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორებს მათი უფრო მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით. სწორედ ამიტომ, Nexia TA-მ დაიწყო კამპანია მესიჯბოქსით -„სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“. ეს მესიჯი თანაბრად მიემართება ყველა დაინტერესებულ მხარეს, დასაქმებულ ადამიანებს, პოტენციურ თანამშრომლებს, არსებულ თუ მომავალ კლიენტებს და ჰპირდება მათ ურთიერთობის გზას/პროცესს, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო, განმავითარებელი იქნება. Nexia TA-ში სამუშაო პროცესი გულისხმობს როგორც კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, ასევე თანამშრომლების კომფორტზე მაქსიმალურ ზრუნვას და სასიამოვნო გარემოს შექმნას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს კამპანია 2021 წლის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021) მოხვდა ფინალისტებს შორის ნომინაციაში „წლის საკომუნიკაციო კამპანია” (Communications Campaign of the Year).

გასულ წელს Nexia International-ის გლობალური შემოსავლის 34% აუდიტმა დაიკავა, 16% – ბუღალტერიამ, 28% და 10% – საგადასახადო და საკონსულტაციო მიმართულებებმა, ხოლო 10% – სხვა დანარჩენმა მიმართულებებმა. საქართველოს ჭრილშიც რომ ვისაუბროთ, როგორ ნაწილდება თქვენი პორტფელი, რა სერვისებზეა ძირითადად მოთხოვნა?

დავით ლომიძე: ჩვენს პორტფელში ძირითადად სამი მიმართულებაა – ბუღალტრული, საგადასახადო და აუდიტის მიმართულება. წელს გაიზარდა იურიდიული და საკონსულტაციო მიმართულებების წილიც, რაც მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ჩვენი მიზანიცაა, რათა პორტფელში მიმართულებებზე წილები გადანაწილებული და დაბალანსებული გვქონდეს. გარდა ამისა, ვავითარებთ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებასაც.

2021 წლის სიახლეს მიეკუთვნება ინვენტარიზაციის შესახებ თქვენი ახალი პროგრამა – „მულტიც“. ვისთვის შეიქმნა ის?

გელა მღებრიშვილი: ზოგადად ინვენტარიზაციის სერვისი კომპანიებისთვის არც ისე იაფია. „მულტის“ საშუალებით კი შესაძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლოს ამ საქმის შესრულება. ეს არის ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული პროგრამა, შესაბამისად, მასზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი და ინვენტარიზაციის პროცესი ციფრულად მიმდინარეობს, ანუ ეს ტექნოლოგია დისტანციურად ითვლის. ეს 30-ჯერ ზოგავს ინვენტარიზაციისთვის საჭირო დროს. აღნიშნული პროდუქტი ძირითადად დიდი კომპანიებისთვის, მაგალითად, სასტუმროებისთვის ან ქარხნებისთვისაა. მის მიწოდებაზე ახლა მოლაპარაკებები სკოლებთან, ბაღებთან და სამშენებლო კომპანიებთანაც გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პროგრამა ქართულ ბაზარზე, რომელიც ამ კუთხით მუშაობს. ეს პროდუქტი კიდევ ვითარდება, სამომავლოდ ის კიდევ უფრო გაამარტივებს ინვენტარიზაციის პროცესებს.

NEXIA TA ბიზნესს სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასაც სთავაზობს და ქვეყანაში ავტომატიზებული მართვის კულტურის დამკვიდრებას ცდილობს. თქვენი დაკვირვებით, სად არის ქართული ბიზნესი ამ კუთხით დღეს?

გელა მღებრიშვილი: ჩვენ კომპანიებს სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტას ვთავაზობთ. ამის ერთ­-ერთი მაგალითი სწორედ პროგრამა „მულტია“. ზოგადად ქართულ ბიზნესს ყველაზე მეტად ავტომატიზებული ბუღალტრული პროცესები აქვს, სხვა პროცესების ავტომატიზაცია კი ძალიან პრობლემურია. ფაქტობრივად, ამ კუთხით საწყის ნაბიჯებს დგამენ. ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხება. დიდი კომპანიები პროცესების ავტომატიზაციას მეტ­-­ნაკლებად ახერხებენ, რაც შემდეგ მათ ფინანსურ ანგარიშგებაზეც დადებითად აისახება. მართალია, პროგრამული უზრუნველყოფა ძვირი პროდუქტია, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს არის კომპანიისთვის გრძელვადიანი ინვესტიცია.

პანდემიამ ბიზნესები კიდევ უფრო მეტი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დააყენა. რა ახალი მოთხოვნები და საჭიროებები გაუჩნდათ მათ?

გელა მღებრიშვილი: პირველ რიგში პანდემიამ ბიზნესები აიძულა, დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყვნენ და ამ პროცესში საკმაოდ ბევრი პრობლემა და გამოწვევა გამოიკვეთა. ჩვენი რჩევა იყო, რომ ტექნიკურად ეს პროცესი გამართულად წარემართათ, რათა ოპერირების შეფერხება თავიდან აერიდებინათ. პანდემიურმა კრიზისმა კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა წარმოქმნა. ზოგმა ახალი ინვესტორის მოძიება დაიწყო, რათა თავი გადაერჩინა. ამ პროცესში გაჩნდა საჭიროება, რომ თავიანთი ბიზნესის რეალური ღირებულება გაეგოთ. ამან კი მათ უბიძგა, ჩვენი სერვისები გამოეყენებინათ. მათ დასჭირდათ ქონების შეფასებაც, ეს მიმართულება NEXIA TA-ს ძლიერი მხარე ყოველთვის იყო, მაგრამ 2021 წელს ამ მხრივ სტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ, რომელთა ფინანსურ შედეგსაც 2022-ში მივიღებთ.

თქვენს ერთ-ერთ წამყვან სერვისს ფინანსური კონსულტაციაც წარმოადგენს. რა არის ის მთავარი ფინანსური რჩევა თქვენგან, რაც შექმნილ პანდემიურ ვითარებაში კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ?

გელა მღებრიშვილი: მთავარი რჩევა ისაა, რომ უნდა შევეჩვიოთ პანდემიურ მდგომარეობას. საჭიროა ძალების მობილიზება და ხარისხის შენარჩუნება. ვიცით, რომ შექმნილმა ვითარებამ ბევრი ბიზნესის სერვისი გააუარესა. ამის დრო ახლა არ არის. თითოეულმა ბიზნესმა, თანამშრომელმა უნდა მოინდომოს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქმიანობა. ვფიქრობ, ამ ნაწილში გამოფხიზლებაა საჭირო. ხარისხის შემცირება მომხმარებლის კლებას იწვევს, მომხმარებლის კლება კი შემოსავლების კლებას. ამიტომ აქტიური მუშაობა სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორია NEXIA TA-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა?

ბორის მეგრელიშვილი: კორპორაციული სოციალური პასუხისგებლობა ჩვენი პოლიტიკის ერთ­-ერთი საკვანძო ნაწილია. ამ კუთხით განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია დავების მიმართულებით გარკვეული სეგმენტის მხარდაჭერა სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 1 ლარად, მაღალკვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტების მეშვეობით. აღნიშნული სერვისი გათვლილი იყო მათზე, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, დარიცხული თანხები გაესაჩივრებინა და, ამავდროულად, მათ მიმართ კომპანიის შეფასებით უსამართლო თანხის დარიცხვას ჰქონდა ადგილი. პანდემიის დაწყებიდან მალევე ბიზნესების მხარდამჭერი პროგრამები ავამოქმედეთ. წამოვიწყეთ ინიციატივა – Move on Georgia, რომლის ფარგლებშიც ლოკდაუნის გამოცხადებიდან 2-3 დღეში უფასო და სასარგებლო ვებინარები შევთავაზეთ მსურველებს. ამ პროცესში პარტნიორი კომპანიებიც ჩავრთეთ და ჯამში 20-მდე კურსი უზრუნველვყავით. ამავდროულად, სექტორების მიხედვით ყველაზე დაზარალებულ ბიზნესებს რამდენიმე თვე უფასოდ ვემსახურებოდით და უფასო კონსულტაციებსაც ვუწევდით.

მსგავსი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან იმპულსური არაა. ეს არის კარგად დაგეგმილი, გააზრებული და ჩვენი სტრატეგიის და კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესი არა მხოლოდ მოგებიანობით, არამედ სხვების მხარდაჭერითა და პასუხისმგებლობითაც უნდა გამოირჩეოდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მუდმივად ჩართულები ვართ სხვადასხვა საქველმოქმედო პროცესში, ყოველწლიურად გამოვყოფთ გარკვეულ ბიუჯეტს და ვცდილობთ, სხვადასხვა სასარგებლო აქტივობა განვახორციელოთ – ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, რომლებსაც დღეს ასე სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. აგრეთვე მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას მომავალში. ვფიქრობთ, ქვეყნის სამომავლო კეთილდღეობა მათ ხელშია.

და Nexia TA როგორც დამსაქმებელი?

ბორის მეგრელიშვილი: აქ იმით უნდა დავიწყოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ Nexia TA-ს დასაქმების ხელშეწყობისთვის „საუკეთესო დამსაქმებლის“ ტიტული მიანიჭა. ეს იმიტომ, რომ Nexia TA მუდმივად ჩართულია ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა თხუთმეტმა ახალგაზრდამ. კომპანიის მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმდა ხუთი სტაჟიორი, ხოლო პროგრამაში მონაწილე კიდევ რვა პირი დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიის სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტებში.

თუმცა ეს ჩვენი პირველი ჯილდო არ გახლავთ დასაქმების მიმართულებით, 2019 წელს გავხდით წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის” ჯილდოს მფლობელიც. თითქმის ყოველი წელი გამორჩეულია წარმატებებითა და აღიარებებით, რაც სიამაყით გვავსებს და, ამავდროულად, კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას.

ჩვენ გვაქვს Nexia-ს აკადემიაც, რომელიც თანამშრომლების პერიოდულ გადამზადებას უზრუნველყოფს. სხვათა შორის, ეს აკადემია მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაზე არაა ორიენტირებული, გარე მსმენელებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ტრენინგზე დასწრება. ტრენერებს ვიწვევთ ჩვენი გლობალური ქსელის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებიდანაც. გარდა ამისა, ჩვენს თანამშრომლებს პერიოდულად ლონდონში Nexia-ს ქსელის წევრ კომპანიაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების მიზნით ვგზავნით.

ზოგადად, ჩვენს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს თანამშრომლის განვითარების, შეფასებისა და დაწინაურების სტრუქტურა და ნაბიჯები გაწერილი აქვს. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვისაც.

დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ 2022-სგან?

დავით ლომიძე: ვფიქრობთ, 2022 წელი მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება. კომპანიაში ველოდებით, რომ ერთგვარი ნახტომიც გვექნება, ამის საფუძველი უკვე ჩაყრილი გვაქვს. ქართული ბიზნესსექტორისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდების ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებას. პანდემიასთან ერთად ცხოვრება და ოპერირება უკვე შევძელით და, ვფიქრობ, 2022-ში უკვე გამოცოცხლებული უნდა იყოს მსოფლიო და ბიზნესები. ჩვენთვის კი არსებული მიმართულებების მდგრადი განვითარება და ბაზრისთვის ახალი და გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება კვლავ პრიორიტეტული იქნება. Nexia TA არის კომპანია, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი, რაც საბოლოოდ განაპირობებს ჩვენს წარმატებულ ზრდა-­განვითარებას.