საქართველოს გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოზიციის გათვალისწინებით, ქვეყნის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა მომავალი განვითარების გარდაუვალი წინაპირობაა. მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია კი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საიმედოობას კიდევ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ხარისხი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ადგილობრივი თემების ცხოვრების დონისა და რეგიონალური წინსვლისთვის. ქვეყნისა და მისი ტერიტორიების თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარებისათვის კი აუცილებელია სოციალური, ეკონომიკური და ადამიანური რესურსების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება.
ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდასთან მიმართებით არსებული გამოწვევები კიდევ უფრო ცხადყოფს ადგილობრივი რესურსების ათვისების აუცილებლობას, მათი ეფექტიანი განხორციელება კი მხოლოდ ადგილობრივი თემების პრიორიტეტებზე მორგებული სტრატეგიით არის შესაძლებელი. საერთაშორისო პრაქტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ მიღებული სტანდარტებით განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით ვითარდება და პრიორიტეტი სწორედ ადამიანური უნარების განვითარებას, განათლებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის უკეთესი ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნას ენიჭება. ეს ყოველივე თითოეულ პროექტს, როგორც განხორციელების, ასევე ოპერირების ეტაპზე, მის არეალში მცხოვრები თემებისათვის საიმედო მეზობლად აყალიბებს და, შესაბამისად, დეველოპერები ახალი შესაძლებლობების შექმნით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იწყებენ გამოწვევებთან ბრძოლას.
ქვეყნის ჭრილში მნიშვნელოვანია იმ ხელშესახები ენერგეტიკული პროექტების გამოყოფა, რომელთაც ნამდვილად შეძლეს ადგილობრივი თემების ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და გაუმჯობესება. სწორედ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული პროექტი, რომელმაც ჰესის მშენებლობის პარალელურად პროექტის განხორციელების არეალში არსებული მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, არის შუახევი ჰესი. ენერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადგილობრივმა იგრძნოს, როგორ იცვლება მისი რეგიონის ცხოვრება უკეთესობისკენ. შესაბამისად, მშენებლობის დაწყებამდე კომპანიამ ჩაატარა სოციალურ-ეკონომიკური კვლევა და შეისწავლა რეგიონის საჭიროებები. ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროება. მიუხედავად მოსახლეობის ნაწილის კრიტიკული განწყობისა, კომპანიამ შეძლო ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება და პროცესებში მათი აქტიური ჩართვა. შედეგად, კომპანიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს რეგიონისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ასევე დასაქმდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. შუახევი ჰესის განხორციელების არეალში კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა: ადგილობრივ სკოლებს, გზებს, ხიდებს, საირიგაციო, სადრენაჟო და სასმელი წყლის სისტემებს. ამავდროულად, უზრუნველყო ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და გოდერძის ალპური ბაღის ინფრასტრუქტურული განვითარება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დღემდე დამატებით 48 ადგილობრივი ბიზნესიდეა დააფინანსა, რითაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, ადგილობრივი წარმოების, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა ინოვაციური მიმართულებების განვითარებას. განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით პროექტმა თითოეული ადგილობრივი ოჯახის ახალგაზრდისათვის როგორც საგანმანათლებლო ხარისხის, ასევე პროფესიული კუთხით პრაქტიკული ცოდნის მიღებისათვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყო. შუახევ ჰესმა სოციალური პროექტებისათვის ოთხ მილიონ ევრომდე გამოყოფილი ბიუჯეტით და ყველა ჩამოთვლილი საშუალებით მხარი დაუჭირა მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და შექმნა ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.
ადგილობრივი თემებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სამაგალითო პროექტები განხორციელდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, ახიელსა და როშკაში. საზღვრისპირა მდებარეობიდან გამომდინარე, პროექტები ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მქონეა ამ სოფლებისთვის, რადგან ისინი სულ რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობისაგან სრულად დაცლის საფრთხის წინაშე იდგნენ. 2019 წლამდე ამ სოფლების მოსახლეობა ხშირად თვეზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა. იმ მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე კი, რასაც მაღალმთიან რეგიონში ვხვდებით, მისასვლელი გზის პრობლემა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით – ზამთრის სეზონზე, როდესაც ხშირად ადგილობრივები სრულად მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. ამ პერიოდში, გათბობის ძირითადი საშუალება შეშაც კი ხშირ შემთხვევაში რთულად მოსაპოვებელი იყო, შესაბამისად, ზამთრის ყინვების გადატანა მოსახლეობისათვის გაუსაძლის პირობებთან იყო დაკავშირებული. შატილის ციხე–სოფლის ტერიტორია, როგორც იუნესკოს შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის მეტად განვითარების კუთხით ყველანაირი შესაძლებლობის გარეშე იყო დარჩენილი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფლებში მიკროსიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებმა დაიწყო ოპერირება, ადგილობრივ მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ აქვს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება. ამ ყოველივემ კი გააჩინა ბიზნესის, მეწარმეობისა და ტურიზმის განვითარების მრავალი შესაძლებლობა და ინტერესი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის განხორციელებით მეტად გაძლიერდა საზღვრისპირა სოფლები და ადგილობრივ მკვიდრთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად გაიზარდა.
ამ მაგალითების საფუძველზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ფაქტს, რომ საიმედო და მაღალი ხარისხის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი საფუძველია. ამ განვითარების პროცესში მიმდინარე პროექტები კი პირდაპირ ახდენენ დადებით ზეგავლენას რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკისა და სოციალური დონის გაუმჯობესებაზე. არსებული გამოწვევების ღირსეულად დაძლევისათვის მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სტანდარტის მქონე ენერგეტიკული პროექტების განვითარება და თანამდევი მრავალმხრივი შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისათვის გარდაუვალ უკეთეს მომავალს ქმნის.