Instagram-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 2 მილიარდს გადააჭარბა

Instagram-ის ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 2 მილიარდს გადააჭარბა

შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოცქსელის, Instagram-ისათვის, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამერიკელი კანონმდებლები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან მის ირგვლივ არსებული სხვადასხვა სახის დარღვევებით, რომლებიც ახალგაზრდების პლატფორმაზე დამოკიდებულებას ეხება. მეტიც, გასულ კვირას, Instagram-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ მოსერი, კონგრესშიც გახლდათ მოსმენაზე. კონგრესის ქვეკომიტეტში ამ მოსმენის მთავარი თემა კი სწორედ ბავშვთა ონლაინ დაცვა გახლდათ – საკითხი, რომელმაც Instagram-ის იმიჯი ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შელახა.

თუმცა, ამ მძიმე პერიოდის მიუხედავად, საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 2 მილიარდს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ Instagram-ს საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ არ გაუსაჯაროებია, რაც 2018 წლის ივნისში მისი აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიარდს გადააჭარბა. როგორც ჩანს სოციალური მედიაპლატფორმა თავს იკავებს საკუთარი ზრდის აფიშირებისა და რეკლამირებისაგან, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც კანონმდებლები და მარეგულირებელი ორგანოები თვლიან, რომ Facebook-მა ბაზრის კონტროლს გადააჭარბა.

Instagram-ის მომხმარებლების ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებმა მედიაგამოცემა CNBC-ს მიაწოდეს, თუმცა საკუთარი ვინაობების კონფიდენციალურად დატოვება მოისურვეს. მათი მტკიცებით, შიდა საუბრები 2 მილიარდი მომხმარებლის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში მიმდინარეობდა. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადების გაკეთებისაგან თავი შეიკავა კომპანიის სპიკერმაც.