ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი ზედიზედ 11 წელია ეცემა

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი ზედიზედ 11 წელია ეცემა

ახალი ანგარიშის თანახმად, უკვე ზედიზედ 11 წელია, რაც ინტერნეტი ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ თავისუფალი ხდება. ამის მიზეზი კი ხელისუფლების ჩარევის მაღალი ხარისხია სხვადასხვა სახელმწიფოში. Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული „ინტერნეტის თავისუფლების“ ანგარიშის თანახმად, შეფასებული 70 ქვეყნიდან, 48 სახელმწიფომ ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი ან ადმინისტრაციული ზომები მიიღო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღეს, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნიდა გამოხატვის თავისუფლებას, კონფიდენციალობასა და საზოგადოების წინაშე კომპანიების ანგარიშვალდებულებას. ამასვე მოწმობს Freedom House-ის პრეზიდენტის, მაიკლ აბრამოვიცის განცხადებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ სახელმწიფოთა ქმედებები აზიანებს მსოფლიოს გარშემო ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

უკვე ზედიზედ შვიდი წელია ონლაინ დისიდენტებისათვის სასჯელის მინიჭების საკითხში სიას ჩინეთი უძღვება. დამოუკიდებელი რეპორტაჟების გაკეთება თუ პირადი კომუნიკაციები ჩინეთში ინტერნეტში არც თუ ისე თავისუფალ საკითხებს წარმოადგენს. ბოლო დროს კი განსაკუთრებით დიდია ზეწოლა მთავრობის მხრიდან ინტერნეტში გავრცელებულ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე.

ზედიზედ მეხუთე წელია ინდექსი მნიშვნელოვნად მცირდება ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. აღნიშნულის მიზეზად კი ფეიქ, ცრუ, ყალბი და მანიპულირებული ინფორმაციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ამ რეიტინგში მოწინავე პოზიცია უკავია. იგი ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში თავისუფალი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს და 77 ქულა აქვს მინიჭებული ორგანიზაციის მიერ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *