მსოფლიოს მმართველობითი ინდიკატორების ანგარიშში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

მსოფლიოს მმართველობითი ინდიკატორების ანგარიშში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

მსოფლიოს ბანკმა მსოფლიოს მმართველობითი ინდიკატორების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სახელმწიფოებს რამდენიმე მიმართულებით აფასებს და საბოლოო ინდექსს კრიტერიუმების თანახმად ითვლის. კრიტერიუმებს შორის კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება, მთავრობის ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება შედის. მათი შეფასების შემდეგ კი სახელმწიფოს ქულა 100 ბალიანი შკალიდან ენიჭება.

წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს პოზიცია მრავალი მიმართულებით გაუარესებულია. მაგალითისათვის, კანონის უზენაესობაში საქართველომ 2020 წელს 61.06 ქულა დაიმსახურა, განსხვავებით 2019 წლის 62.02 ქულისა. გარდა ამისა, კლება შეინიშნება მთავრობის ეფექტიანობის კრიტერიუმში, რომელშიც 2020 წელს საქართველომ 75.48 ქულა მიიღო. 2019 წელს ამავე კრიტერიუმში სახელმწიფომ 76.92 ქულა დაიმსახურა.

მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნება სიტყვისა და სამოქალაქო თავისუფლებებისა და ანგარიშვალდებულების კრიტერიუმში. აქ საქართველომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით თითქმის 3 ქულით ნაკლები, 49.76 დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი ვარდნა კორუფციისაგან თავისუფლების კრიტერიუმში შეინიშნება. 2020 წელს საქართველომ აღნიშნულ მაჩვენებელში 71.63 ქულა მიიღო, 2019 წელს კი – 75.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორ კრიტერიუმში საქართველომ გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა. ქვეყანამ მნიშვნელოვანი, თითქმის 4 ქულიანი წინსვლა აჩვენა პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობისაგან თავისუფლების კრიტერიუმში და 30.66 ქულა დაიმსახურა. გაუმჯობესება შეინიშნება რეგულირების ხარისხშიც, სადაც სახელმწიფომ 2020 წელს 83.65 ქულა დაიმსახურა, განსხვავებით 2019 წლის 82.69 ქულისა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *