Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ესაუბრა.
უკრაინის თემით მინდა დავიწყო. 2008 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო 12 აგვისტოს რუსთაველზე იდგა საქართველოს მხარდასაჭერად. ახლა, როცა უკრაინაში ასეთი კრიზისია, საქართველოს ლიდერთაგან იქ მხოლოდ თქვენ იყავით. რით არის განპირობებული ასეთი არათანაზომიერი მხარდაჭერა?
ვფიქრობ, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე ჩასვლა ძალზე მნიშვნელოვანი იყო. თვალი გადავავლოთ იმ ეტაპზე მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში არაორდინარულ ვითარებაში გაიმართა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც წინა პრეზიდენტი უცბად გაქრა პოლიტიკური სივრციდან და ქვეყანაში სამხედრო აგრესია ხორციელდებოდა. გაიმართა ახალი არჩევნები და დადგა გადამწყვეტი მომენტი უკრაინის პოლიტიკური პროცესის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. მაშინ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინაში ჩასულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ლიდერები. სწორედ იმ დროს უნდა გადაჭრილიყო პრობლემები და საფუძველი ჩაჰყროდა სტაბილურობას. ამიტომაც კიევში ბევრი ქვეყნის ლიდერებმა მოიყარეს თავი. ინაუგურაცია წარმომადგენლობითი იყო და მიმაჩნდა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენც აუცილებლად უნდა ვყოფილიყავით იქ. ამის შემდეგ პეტრო პოროშენკოს ვესაუბრე ტელეფონით, უელსშიც კოორდინირებულად ვცდილობდით, პოლიტიკურად წამოგვეწია ჩვენი საკითხი. ამას გარდა, ჩვენ ყველა დონეზე გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა რუსეთის ასეთივე ქმედებები უკრაინის მიმართ. ამიტომაც უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანება ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში. შესაბამისად, უკრაინასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, ვიზიტით და იმ პროექტებით, რომელთა განხორციელებაც დაიწყო.
მაგრამ სერგეენკო პოლიტიკური ლიდერი არ არის, სერგეენკო მინისტრია…
დავით სერგეენკო სწორედ იმ უწყების მინისტრია, რომლის საშუალებითაც საქართველოს რეალურად შეუძლია დაეხმაროს უკრაინას. მე კი იმ კრიტიკულ მომენტში წარმოვადგენდი ჩვენს ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში მოვიწვიე კიდეც, მაგრამ, ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისთვის ჯერ რთულია ჩამოსვლა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში კითხვის ნიშნის დასმა საფუძველს მოკლებულია და ის შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგში იდგეს, რაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უფლებაა. მისთვის ჩვეული ფორმატია, თქვას, რომ მისი მუშაობა უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე მოქმედი ხელისუფლებისა. რეალურად კი ქართულ-უკრაინული თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ამას ადასტურებს უკრაინელი მინისტრების საქართველოში ვიზიტიც…
საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ჩვენ შეიძლება ეს მომენტი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღსადგენად გამოვიყენოთ… პრაგმატული და ეთიკური თვალსაზრისით, რამდენად სწორი გგონიათ ეს პოზიცია და ხომ არ გვაშორებს ასეთი მიდგომა დასავლურ კონტექსტს?
მოდი, შევხედოთ რეალობას. პირველი – ეს არის ის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა დავიწყეთ არა დღეს და ახლა, არამედ ორი წლის წინათ. ეს იყო საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის დეკლარირებული პოზიცია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მანამდე იყო დეკლარირებული, სანამ უკრაინის კრიზისი გაჩნდებოდა. ამისთვის სპეციალურად შეიქმნა კიდეც პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც ზურაბ აბაშიძემ დაიკავა და მას სწორედ ამ საკითხებზე უნდა ემუშავა. ამ მხრივ გაცხადებული პრიორიტეტები არანაირად არ შეცვლილა და ეს იყო ჩვენი ტრადიციული პროდუქციის – ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე.
მეორე – რაც შეეხება ჩვენს დასავლურობას. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ვერ დააზარალებს. კარგად დავაკვირდეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას. ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უნდა გავაღრმაოთ ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. იგივე ლოგიკა ვრცელდება ჩვენს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. შესაბამისად, ამ ორ თემას ასე არ დავაკავშირებდი. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პოლიტიკას, რომელიც ორი წლის წინ განისაზღვრა და რომელიც ასახულია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფუძემდებლურ დოკუმენტებში. მეტსაც გეტყვით, მინდა გავიხსენო რამდენიმე შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან, რომელთა დროსაც ხაზგასმით ვთქვი, რომ აქტიურად ვცდილობთ ბალანსის დაცვას და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენს სომეხ პარტნიორებთან იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უკვე გახდა ევროპული ბაზრის ნაწილი, ხოლო სომხეთს სხვა მიმართულება აქვს არჩეული – ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი პოლიტიკა – დავაბრუნოთ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე – არანაირად არ შეცვლილა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, ამერიკა, კანადა და სხვა ქვეყნები აგრესიული პოლიტიკის გამო მეზობლების მიმართ რუსეთს სანქციებს უწესებენ, ჩვენი პოლიტიკა მაინც უცვლელი რჩება?
უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა რჩება უცვლელი, რაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებას და სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას გულისხმობს. მეორე, ჩვენი პოლიტიკა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ რაიმე ტიპის სარგებელი ვნახოთ დრამატული ვითარებიდან. ეს დიდი ხნის წინათ განსაზღვრული პოლიტიკაა.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი თანაგუნდელები ეძებენ „ძველ გიორგის”, – ასე თქვეს მათ. სად გაქრა „ძველი გიორგი”? საერთოდ, რა საფუძველი აქვს იმ კონფლიქტს, რომელსაც ყველანი მასმედიის საშუალებით ვადევნებთ თვალს? სად არის ამ კონფლიქტის სათავე? რა მოხდა თქვენსა და ივანიშვილს შორის?
ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა უფრო მაღლა უნდა იდგეს და გასცდეს ჭორაობის ფარგლებს. რეალურ პოლიტიკურ თემებზე ვისაუბროთ…
ბოდიში, მე რომ კონფლიქტი ვახსენე, ეგ ხომ არ არის ჭორაობა?
არა, არა. თემის გარჩევის ფორმატს ვგულისხმობ. მოდი, განვიხილოთ ის განცხადებები, პოლიტიკური შეფასებები თუ კომენტარები, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირადად მე ვაკეთებდი. ამაზე ვისაუბროთ. თქვენ ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვით „ქართული ოცნებისა” და იმ ფუძემდებლური ფასეულობების საწინააღმდეგო ფრაზას, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ. შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში ჩემი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, მაგრამ პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება.
მხოლოდ ლექსიკაშია საქმე? ბესელიათი დაწყებული, ფანჯიკიძემ, ცაგარეიშვილმა – ყველამ გაგაკრიტიკათ…
ლექსიკის თემას დავუბრუნდები… მგონია, რომ კარგიც არის, თუ ჩვენი ლექსიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამ საზოგადოებაში პოლიტიკოსები თავისუფალი ადამიანები არიან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ისაუბრონ თავიანთი ენით და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.
ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. ბევრი კომენტარი მოვისმინე, ბევრის შესახებ სხვებისგან შევიტყვე… მე ვერც ერთ მათგანზე ვერ გიპასუხებთ, რადგან, რეალურად, არც ერთში არ არის პოლიტიკური შინაარსი. პოლიტიკას ვერც ერთში ვერ იპოვით. საუბარი არის რაღაც სხვაზე.
მაგალითად?
ნებისმიერი გაიხსენეთ. ამას თუ მივყვებით, ჩვენი დიალოგი, ჩვენი ინტერვიუ ჭორაობის კონტექსტში გადავა. ამ შეკითხვაზე პასუხი იქნება ამოგლეჯილი ფრაზები ჩვენი ურთიერთობიდან. შესაძლოა, მოსასმენად ეს საინტერესო იყოს, მაგრამ ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან მდარეს გახდის. დროა, ქართული პოლიტიკური კულტურა გადავიდეს განცხადებებისა და კომენტარების კეთების, პოზიციების გამოხატვის რეჟიმში; თუნდაც ამ ინტერვიუს დროს ჩემი შეხედულებების კრიტიკის, მიუღებლობის ან მხარდაჭერის რეჟიმში. სიმართლე გითხრათ, მე არც მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან – რომ მერჩოდნენ, ალბათ მეც აღელვებული ვიქნებოდი.
ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც აქვს გარკვეული ემოციური შემადგენელი და ექნება თავისი პოზიტიური გამოსავალი, მით უმეტეს მაშინ, როცა მე ნაკლებად ვღიზიანდები.
დაპირისპირების პიკმა გადაიარა, თუ კიდევ უნდა ველოდოთ რაიმე განვითარებას ამ მიმართულებით?
საქმე ისაა, რომ პიკი უკავშირდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს. აქედან გამომდინარე, თუ კიდევ იქნება ინტერვიუ, შესაბამისად, იქნება ვნებათაღელვაც. თუმცა ვფიქრობ, შევძლებთ ვისაუბროთ პოლიტიკაზე და არა პიროვნულ საკითხებზე.
ღირდა თქვენი ამ რეზიდენციაში გადმოსვლა ივანიშვილის განაწყენებად?
ბუნებრივია, ამ ნაბიჯით ვინმეს განაწყენება არც მიფიქრია. ის სრულად იყო განპირობებული იმით, რომ ელემენტარული სამუშაო პირობები არ მქონდა. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავდი, არ ხორციელდებოდა და ეს ნათლად დავინახე. პოლიტიკოსები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ის, რაც მე მინდოდა, არ გამოვიდოდა და სხვა პროექტებს ავითარებდნენ, რომელთა განხორციელება ამ შენობაში არასწორად მიმაჩნდა. თანაც ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს არა საკუთარი თავი, არამედ ქვეყანა, და მიმაჩნია, რომ ამისთვის ეს ადეკვატური ადგილია.
თავიდან ასე არ ფიქრობდით…
როდესაც ვსაუბრობთ ამ რეზიდენციაზე, ვისაუბროთ სხვებზეც. ხომ ვიცით, რომ ეს ერთადერთი რეზიდენცია არ არის? რეზიდენციები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო, რომლებიც გადავაბარე მთავრობას და არც კი ვიცი, როგორ განკარგავენ და რა ბედი ეწია მათ.
რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, როდესაც დავინახე, რომ ჩემი თავდაპირველი პროექტი არ ხორციელდებოდა, არ მქონდა სამუშაო პირობები და იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის გაფერმკრთალების აშკარა მცდელობა, ბუნებრივია, გადავდგი პოლიტიკური ნაბიჯი. ამით ნათლად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას არ დავუშვებდი.
შესაბამისად, ჩემი მოტივაცია ვინმეს განაწყენება არც მაშინ ყოფილა და არც მომავალში იქნება. ჩემი მოტივაცია და მიზანი არის სულ სხვა რამ – აშენდეს ძლიერი საქართველო ძლიერი ინსტიტუტებით.
თქვენ ბრძანეთ, რომ პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა უთანხმოებას თქვენსა და თქვენს თანაგუნდელებს შორის, მაგრამ გამოდის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის „არგაფერმკრთალება“ თქვენი პოლიტიკური პოზიციაა. მაინც პოლიტიკურ სარჩულამდე მივედით…
მე გიპასუხეთ კომენტარებთან დაკავშირებით… იქ ხომ პოლიტიკური ტექსტი არანაირად არ იკითხება? არ მგონია, რომ ჩემი ფუნქცია მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის წარმოჩენაა. ჩემი ფუნქციაა კონსტიტუციის დაცვა და პრეზიდენტის ინსტიტუტი მხოლოდ ერთი მათგანია ძირითად ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის გაძლიერება; რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობისთვის ეფექტიანი სამუშაო პირობების შექმნა; რა თქმა უნდა, ეს არის ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო და ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ასე რომ, ნუ წარმოვიდგენთ, რომ ჩემი როლი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვით შემოიფარგლება. ჩემი როლია დავიცვა ყველა, მათ შორის კი, ბუნებრივია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, რადგან ეს ინსტიტუტი უფრო მეტად შეიცვალა წინა კონსტიტუციასთან მიმართებით.
რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის ინფორმაცია, რომ უკანასკნელი რჩევა ამერიკაში არწასვლასთან დაკავშირებით მასპინძელი მხარისგან მიიღეთ და იყო თუ არა დაპირება, რომ სანაცვლოდ, უახლოეს მომავალში საკმაოდ წარმომადგენლობითი ვიზიტი გექნებათ შტატებში?
მე თავიდანვე განვაცხადე იმის თაობაზე, რომ ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო. ასევე ვთქვი, რომ იყო დაინტერესება, არ წავსულიყავი ამერიკაში, თუმცა კონკრეტულად არ მიმითითებია, რომელი მხარე იყო ამაში დაინტერესებული. აღვნიშნე ისიც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომელიც არ იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოს-
თვის. სხვა დეტალებს ამ მიმართულებით ვერ მოგახსენებთ.
რა ემოცია დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხი თვით დაგიგვიანათ წერილი და, პრაქტიკულად, ხელს გიშლიდათ ვიზიტის განხორციელებაში?
საუბარი დავიწყეთ იმით, რომ ემოციებზე არ ვილაპარაკებდით…
მაგრამ ადამიანები ვართ…
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ადამიანები ვართ და არა რობოტები. მართალი გითხრათ, სერიოზული ემოციური შოკი არ მახსოვს.
ერთ-ერთი გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს არ უნდა ჰყავდეს დირექტორი. რა იგულისხმებოდა ამაში და საერთოდ, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაზე?
ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე ათი თვეა, არ მქონია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჩემზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შეიძლება დავახასიათოთ იმ ღია განცხადებებით, რომლებიც ბატონმა ბიძინამ გააკეთა. მის ორივე განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა, რომელსაც ვერც ვუპასუხებ, რადგან არც მის კრიტიკაში იყო პოლიტიკური კონტექსტი. არსად არ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მე სხვა პოლიტიკური ორიენტირი ავირჩიე. საუბარია ისევ ჩვენი პირადი ურთიერთობებიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე… ამაზე პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ. ჯერ ერთი, ასეთ თემებზე ძალიან ძნელია ლაპარაკი ტელევიზიით და მეორე – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი ურთიერთობიდან რაღაც ნაწილი ამოვგლიჯო. ჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგებს მოვერიდოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს არა აქვს პოლიტიკური თანამდებობა, რა პოლიტიკურ ფორმაციაში ვცხოვრობთ?
ჩვენ ვაშენებთ ევროპულ დემოკრატიას ახალი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მუშაობას, აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ბუნებრივია, ამის მორგება თავიდან რთულია, მაგრამ ეს კონსტიტუცია უნდა გავიაზროთ, მივიღოთ და მოვერგოთ მას. ასე რომ, ეს არის კონსოლიდირებული დემოკრატიის პროცესი; დემოკრატიისა, რომელმაც გაიარა სამი არჩევნები; იმ დემოკრატიული სისტემის, რომელსაც კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გვაქვს, ტრადიციები ჯერ კიდევ დასაფუძნებელია და ყველა მოთამაშემ უნდა იპოვოს საკუთარი თავი. მჯერა, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა ისე ამაღლდება, რომ პოლიტიკოსების არჩევანი სულ უფრო ნათელი, მკაფიო გახდება. შესაბამისად, ყველაფერი – თუნდაც პოლიტიკური დისკუსიები, აზრთა სხვადასხვაობა – კონსტიტუციურ სივრცეში წარიმართება. მე ამის მჯერა, მაგრამ ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია.
რამდენად აზიანებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯს პოლიტიკური ოპონენტების დაჭერები?
ამასთან დაკავშირებით მე არაერთხელ მომიწია განმარტებების გაკეთება მაღალი რანგის ვიზიტების, ჩამოსული დელეგაციების მიღებისა თუ ჩემს ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს. ეს არის საკითხი, რომლის თაობაზე ახლახან არცთუ სასიამოვნო განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის შეკითხვა, რომელსაც არათუ არ უნდა წავუყრუოთ, არამედ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის ხალხი, რომელსაც ეს შეკითხვა უჩნდება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. ისინი საქართველოს სახელმწიფოს პარტნიორები არიან და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის. ძალიან ბევრი ის პოლიტიკოსი, რომელთაც საქართველო წლების განმავლობაში წასწიეს წინ და ის წარმატებები, რომლებსაც დღეს ცალსახად ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულება, თუნდაც უელსის სამიტზე მიღწეული წარმატება, სწორედ ამ პოლიტიკოსების, ამ ქვეყნების, ამ პოლიტიკური ძალების ძალიან ინტენსიური ჩაბმულობის შედეგად მივიღეთ. ეს პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ შემდეგაც. ისინი დღესაც ჩვენი მხარდამჭერები არიან და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნებიან. შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ მათ კომენტარებს…
რამდენად დიპლომატიური იყო ამ ადამიანების სააკაშვილის კლუბის წევრებად მოხსენიება?
ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, ვფიქრობ, მკაფიოდ გამოვხატე და აღვნიშნე მათი დიდი მნიშვნელობა. ეს ჩანს არა მხოლოდ ჩემს განცხადებებში, არამედ მათთან ჩემი პირადი ურთიერთობის დროსაც.
როდესაც კონსოლიდირებულ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ უნდა მივიღოთ და გავიაზროთ ის, რომ არჩევნებზე ხალხის მიერ გამოტანილი „ვერდიქტი” ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ საბოლოოა და მისი შეცვლა რაიმე ფორმით გამორიცხულია. ერთმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დატოვოს ხელისუფლება, ხოლო მეორემ – დაიკავოს. პოლიტიკური ანგარიშსწორება მთავრდება ხმების დათვლასთან ერთად. შესაბამისად, ნებისმიერი დაცდენაც კი იმისა, რომ მოგებული პოლიტიკური ძალა პოლიტიკური მიზნებით ახორციელებს რომელიმე ინდივიდის ან პოლიტიკური ძალის დევნას, არის მიუღებელი გადახვევა დემოკრატიული პრინციპებიდან. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს კონკრეტული სისხლისსამართლებრივი შეკითხვები, რომელთა მიმართ ყველას დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც – ვალდებული ვართ ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემის საკითხი. პირადად მე რამდენჯერმე მოვუწოდე პრეზიდენტ სააკაშვილს, პასუხი გაეცა პროკურატურის შეკითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს მაინცდამაინც არ მოსწონს. არავინ არ მეგულება მსოფლიოში, ვისაც პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ახარებს, მაგრამ მისი ვალდებულება ამ შემთხვევაში ორმაგია – იგი ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფს და თავის ძირითად დანატოვრად სახელმწიფო ინსტიტუტებს მიიჩნევს. სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა სცეს პატივი და პასუხი გასცეს შეკითხვებს.
მეორე მხრივ, თითოეული ჩვენგანის ფუნქცია და როლი არის ის, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი ამ პროცესს და არც ერთ მხარეს არ მივცეთ საშუალება, პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს ეს თემები. ჩვენი სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დგას და ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს. სააკაშვილის პერიოდის სასამართლო სისტემისგან განსხვავებით, დღეს საინტერესო ტენდენციებს ვამჩნევ და მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები გასაღრმავებელია. პრინციპში, სასამართლო აღარ არის ის სისტემა, რომელსაც 99-პროცენტიანი ურთიერთგაგება ჰქონდა პროკურატურასთან.
თქვენ, როგორც საყოველთაო არჩევნებით მოსულ პრეზიდენტს, შეგიძლიათ საქართველოს მოსახლეობას უთხრათ, რომ, როდესაც პროკურატურამ სააკაშვილზე საქმე აღძრა და ძებნა გამოაცხადა, ის სრულიად თავისუფალი იყო მმართველი გუნდის პოლიტიკური წნეხისგან?
ასე ღრმად არ ვარ ჩახედული პროკურატურის სისტემის ფუნქციონირებაში და ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ პროკურორს რა განწყობა აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს იყო დეპოლიტიზებული პროცესი. თუმცა, ვილაპარაკო იმ საკითხებზე, რომელთა სიღრმისეული განხილვის შესაძლებლობა და რესურსი არ გამაჩნია, სწორი არ იქნება – პროკურატურა არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს.
სასამართლოს განჩინებით, გიგი უგულავას არ შეეზღუდა საზღვრის გადაკვეთის უფლება… რამდენიმე საათში გიგი უგულავა პროკურატურამ დააპატიმრა სწორედ ამ უფლების გამოყენებისთვის. რა შეფასებას მისცემთ ამ ფაქტს?
ის, რომ გიგი უგულავას არ შეეზღუდა საზღვრის გადაკვეთის უფლება, ადასტურებს ჩემს თეზას – სასამართლო დაადგა დამოუკიდებლობის გზას, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება კონკრეტულ დინამიკას უგულავასთან მიმართებით, ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა ეტაპზე უნდა დავაკვირდეთ. ეს უნდა გავიაზროთ. ისიც დასაშვებია, რომ სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება სხვა არგუმენტებით იყო მოტივირებული.
ბატონო პრეზიდენტო, მიგაჩნიათ, რომ კრიმინალმა იკლო და საზოგადოების მღელვარება მხოლოდ 100-პროცენტიანი გაშუქების შედეგია?
კრიმინალმა იკლო? ეს შეკითხვა სტატისტიკას ეხება?
ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო – მისი მონაცემებით, კრიმინალმა იკლო და საზოგადოებრივი მღელვარება გამოწვეულია მასმედიის მიერ დაკლებული კრიმინალის ასპროცენტიანი გაშუქებით…
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ თქვენ შეგემთხვათ რამე და რომელიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდით, რა მნიშვნელობა ექნება თქვენთვის, დანაშაულთა გახსნის 99-პროცენტიანი მაჩვენებლის დროს მოხდა თქვენ მიმართ ძალადობა თუ 10-პროცენტიანის? თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ზიანი მიაყენეს, მნიშვნელობა არა აქვს, როგორია გახსნის მაჩვენებელი და როგორია სტატისტიკა. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევა (სამწუხაროდ, შემზარავი შემთხვევები მოხდა) უაღრესად მძიმეა და ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც მსგავსი რამ დაემართა, ძალიან მტკივნეული. თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია არა სტატისტიკური მაჩვენებელი საქმის გახსნის შედეგად, არამედ მათი საკითხის გადაწყვეტა. როდესაც იცით, რომ თქვენი საქმე გამოძიებულია, კმაყოფილი ხართ იმით, რომ თქვენი უფლებები დაცულია. შესაბამისად, ამ საკითხს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მივუდგებოდი. მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არამედ ამ ღონისძიებებში საზოგადოების ძალიან აქტიური ჩაბმა. ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი – როდესაც საზოგადოება აქტიურად არის ჩაბმული და მიაჩნია, რომ პოლიციელი, პატრულის თანამშრომელი, პროკურორი მისი უფლებების დამცველია, ავტომატურად მატულობს გახსნილი საქმეების რაოდენობა. მეორე მომენტი კი ისაა, რომ საზოგადოების ჩაბმულობისა და თანამშრომლობის პირობებში ავტომატურად გამოირიცხება მისი უფლებების დარღვევა. ეფექტიანი სამართალდამცველი ყოველთვის ზღვარზეა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და თუკი საზოგადოებას ჩართავ, ეს თემაც მაქსიმალურად მოგვარებული გექნება.
როგორ ხედავთ საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში?
ეს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს ინტეგრაცია თავის დროზე დაიწყო პრეზიდენტმა შევარდნაძემ და გადაიდგა ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკური ნაბიჯებით. ბაქოში ვიზიტის დროს ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავდა, რამდენად სერიოზული როლი შეასრულა ედუარდ შევარდნაძემ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის – BP-ის პროექტის განხორციელებაში. შემდგომ ეს პროექტები გაღრმავდა უკვე არა მარტო ნავთობსადენის თვალსაზრისით, არამედ წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებული და დაწყებული პროექტების განვითარების მიმართულებითაც. გაზსადენის ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება თურქეთის ტერიტორიაზე და უკვე თურქეთის ტერიტორიიდან რესურსს უქმნის ევროპას გაზის მიწოდების მხრივ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისთვის არის ალტერნატიული რესურსების წყარო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის ბოლომდე და დროულად დასრულება. ესეც უაღრესად საინტერესო პროექტია, რადგან ის გამოყოფს საქართველოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან როლს აზია-ევროპის ვაჭრობის სისტემებში. ძალიან გააქტიურებულია ჩინეთიც აბრეშუმის გზის პროექტების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით. საქართველო ამ მიმართულებითაც მუშაობს. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, საინტერესო პერსპექტივა გვაქვს…
ჩვენ გავხდით ევროპული, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ჩადებული ინვესტიცია, ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ევროპულ ბაზარზე; ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ ამ სტრატეგიული მარშრუტების თუნდაც ლოგისტიკური მომსახურება უფრო მაღლა აყენებს და ზრდის ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს. ასე რომ, საქართველოს ინტეგრაცია დიდი ხნის დაწყებულია. ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ჩვენს რეგიონში ასეთი დაძაბულობა რომ არ ყოფილიყო, ბევრად მეტად ვიხეირებდით. კარგია, რომ ურთიერთობები ამ მხრივაც ღრმავდება და ყოვლისმომცველი ხდება.
მოიაზრებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთსა და მოსკოვს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტის მიზეზად კრემლის აგრესიულ მცდელობას, აღადგინოს კონტროლი ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, ბალტიისპირეთი და კვლავ მოაქციოს ისინი მოსკოვის პოლიტიკურ ბლოკში?
რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ, ეს არის ის, რასაც პირდაპირ აცხადებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია მოიაზრება ინტერესთა პრივილეგირებულ ზონად. ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო ურთიერთობების გადახრის მაჩვენებელია და არა მხოლოდ. თუ როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა, არის ის, რაც პრობლემას უქმნის თავად რუსეთს. ბუნებრივია, ჩვენი ურთიერთობა, ყველა ამ ყოფილი რესპუბლიკის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ბოლო 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მომავალშიც, არ შეიძლება იყოს აგრესიული (ვგულისხმობ ყველა იმ ქვეყანას, ვისაც მოკავშირე რესპუბლიკები ერქვა, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, მაგრამ ბალტიის ქვეყნები გაცილებით მშვიდობიან და დაცულ ბანაკშია). არც ერთ ქვეყანას რუსეთთან გასაყოფი არაფერი არა აქვს. მე არ ვიცი ქვეყანა, რომელსაც აქვს აგრესიული პოლიტიკა. ზოგი მეტად დიპლომატიურია, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ყველას ინტერესია, იყოს დაცული და რუსეთის ფედერაციასთან აწარმოოს ეფექტიანი ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო-ეკონომიკური დიალოგი. დიალოგი, რომლის საფუძველიც არის ერთმანეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება და პატივისცემა. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ რუსეთი ბევრად დიდი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავისუფალი არჩევანი არ უნდა იყოს დაცული. დიდი ქვეყანა, რეგიონალური ლიდერი ყოველთვის ახდენს გავლენას მეზობელზე, თუმცა ამან არ უნდა მიიღოს ჩაგვრის ფორმა. ეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყნის პოზიცია რუსეთის მიმართ მხოლოდ თანამშრომლობაა.
სამწუხაროდ, რუსეთს მიაჩნია, რომ აქვს სერიოზული უფლებები, რაც გამოიხატა ოკუპირებულ ცხინვალში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ანექსირებულ ყირიმში, იმაში, რაც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება; ასევე გამოიხატა იმ პრობლემებში, რაც აქვს დღეს მოლდოვას. ახლა ნახეთ, არც ერთ ამ პრობლემას რუსეთისთვის არ მოაქვს სარგებელი. რუსეთისთვის პრივილეგირებული ინტერესები გამოიხატება მისი საზღვრების გარშემო გაჩენილი უკონტროლო ტერიტორიებით, რომლებსაც რუსეთის მხრიდან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ამ ტერიტორიებზე არ არის კონტროლი ნარკოტიკებსა თუ სხვა პროცესებზე. ამ უკონტროლო ტერიტორიების სარტყელი რუსეთისთვის კარგის მომტანი არ არის, მაშინ როდესაც, ამის ნაცვლად, რუსეთს შეეძლო მიეღო სტაბილური, დემოკრატიული, ერთიანი საქართველო, რომელიც მისი სამხრეთ საზღვრების სტაბილური დამცველი იქნებოდა; შეეძლო მიეღო სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი უკრაინა, რომელიც დაიცავდა მის დასავლეთ საზღვრებს. შეეძლო ევაჭრა უკრაინასთან და ისეთივე წარმატებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონოდა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, როგორიც აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ამით რუსეთი ნამდვილად იხეირებდა. შესაბამისად, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ არც ერთი ჩვენგანი რუსეთისთვის არ არის მტერი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას ვითხოვთ. ამ პირობებში რუსეთს ექნება შესაძლებლობა, ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენოს. ჩემი აზრით, ეს არის ნათელი ჭეშმარიტება, რომელიც უნდა მივიდეს მოსკოვამდე და, ბუნებრივია, უნდა დავიწყოთ ამ პრობლემების გადაჭრის, სირთულეების დაძლევისა და ურთიერთობის აღდგენის პროცესი.
რატომ ხდება, რომ ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა პუტინის ევრაზიულ კავშირს პროევროპულ, პროდასავლურ კურსს ამჯობინებს?
მარტივად შევხედოთ: რუსეთის ეკონომიკის მოცულობა, რამდენადაც მახსოვს, 2 ტრილიონია, ევროკავშირის კი, დაახლოებით, 14-მდე. ევროპის ბაზარი უფრო დიდია და უფრო საინტერესო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – არავის წინააღმდეგ და არავის ხარჯზე. რას ნიშნავს, ქართველები უარყოფითად არიან განწყობილი რუსების მიმართ ან რუსეთის სახელმწიფოს მიმართ? თუ მე ვვაჭრობ უფრო ძლიერ ბაზართან და ის უფრო საინტერესოა ჩემთვის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ რუსეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უნდა გადაისინჯოს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსი ინვესტორებისთვის საქართველო გახსნილი არ არის. ასე რომ აქ მარტივი ეკონომიკური გათვლაა. სხვა ქვეყნებს თავიანთი გათვლა აქვთ, მაგრამ საქართველოსთვის აქეთ არის ორი, იქით არის თოთხმეტამდე, თანაც ის პირობები უფრო სტაბილურია.
როგორ დაახასიათებდით ვლადიმირ პუტინს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას?
რთულია ასეთ ღია დისკუსიაში პუტინზე საუბარი. ვფიქრობ, პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, იმედი მაქვს, ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობის აგება. მე ამის იმედი მაქვს.
თუ არსებობს რუსეთისგან კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის საფრთხე?
სწორედ რუსეთის ზემოაღნიშნული დოქტრინიდან გამომდინარე, ვხდებით ხოლმე მომსწრე იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას უცბად ჩნდება დაძაბულობის კერები.
ამ ქმედებებში, სავარაუდოდ, დევს პუტინის ირაციონალობა…
გააჩნია, როგორია მისი ხედვა. თუ მას მიაჩნია, რომ რუსეთის სიძლიერე უნდა აღდგეს არა კეთილმეზობლობით, არამედ სამხედრო აგრესიით, იმის მიუხედავად, რომ ამით შესაძლებელია კონკრეტულ მომენტებში პატარ-პატარა სარგებელი ნახოს, საბოლოოდ, ეს არ არის მოგებიანი პოლიტიკა. შეიძლება, რუსეთისთვის ცხინვალის ოკუპაცია გარკვეულ მომენტებში საინტერესო იყოს ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით, მაგრამ შორს მიმავალ გეგმებში ცხინვალის რეგიონი მისთვის ეკონომიკურად საინტერესო ვერ იქნება და ვერაფერს მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს. კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ტერიტორიები. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ასეთი უხვი ტერიტორიული თუ ბუნებრივი რესურსით. ამ უზარმაზარი, ნახევარი გლობუსის ხელა ქვეყნისთვის ცხინვალის დამატება, ვფიქრობ, არანაირი ლოგიკით არ შეიძლება აიხსნას. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ გარკვეულ მომენტში ყველა დეტალურად გავიაზრებთ იმას, რომ ამ აგრესიული ქმედებებით შეუძლებელია მიიღო რაიმე სახელმწიფოებრივი სარგებელი. ასეა ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაშიც – აქ მოგებული არავინაა. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წავაგეთ. ასევე, იქაური მოსახლეობა ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ კვაზისახელმწიფოებში, ამის შედეგად არც მათი ცხოვრება გამოსწორებულა, შესაბამისად, მათაც წააგეს. იქაური მოსახლეობა ჩვენთან გადმოსვლას და ურთიერთობას ცდილობს, სურთ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ ქართული სახელმწიფოსგან და ამიტომაც უვლებენ მავთულხლართებს. იქიდან აქეთ წამოსვლა უნდა ხალხს. რუსეთმა ამხელა ტერიტორიას მიამატა ცხინვალი და ამით საერთაშორისო არენაზე სერიოზული დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს…
კაცობრიობის ისტორიაში ომებს ყოველთვის აწარმოებდნენ რაღაც ლოგიკით, მაგალითად, რომელიმე რესურსის ან ტერიტორიის მოსაპოვებლად, ან თუნდაც გეოპოლიტიკური გარღვევის მიზნით. გარკვეული ლოგიკა იყო… ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ირაციონალური ომების წარმოება და რეგიონში რაციონალური პოლიტიკის წარმოებაზე გადავიდეთ.
მიგაჩნიათ, რომ ახალი რკინის ფარდა ეშვება რუსეთსა და დასავლეთს შორის?
ძალიან არ მომინდებოდა, ასე ყოფილიყო, მაგრამ თუ მავთულხლართების რაოდენობა გაიზრდება ცხინვალთან, აფხაზეთთან, მას გაავლებენ უკრაინასა და სხვა ადგილებში, მოედება მთელ ევროპას. ამდენი აკრძალული და გაუგებარი ბარიერის გაჩენა ევროპის რუკაზე, საბოლოოდ, რთულ რეალობამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა დღესვე უნდა გამოხატონ, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ამას აკეთებენ კიდეც და, ბუნებრივია, მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ისინი აქტიურად ავითარებენ, ამის მაჩვენებელია. მავთულხლართების თითოეული მეტრის გავლებას ისინი მკვეთრ განცხადებებს უპირისპირებენ, მაგრამ ეს ხდება კონკრეტული შემთხვევების დროს. მიმაჩნია, რომ საჭირო და აუცილებელია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა არა კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგალითად, ცხინვალის, ლუგანსკის, სოხუმის შემთხვევაში, არამედ გლობალურად.
(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).