ინვესტიცია განათლებაში

ინვესტიცია განათლებაში

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ცოდნასთან წვდომა გაუადვილოს, მათი შესაძლებლობები გააფართოოს და სრული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმაროს. საქართველოს ბანკის მიერ აღებულ პასუხისმგებლობასა და სწრაფვაზე, მხარი დაუჭიროს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, Forbes Georgia-ს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი კუკულაძე ესაუბრა.

რას გულისხმობს საქართველოს ბანკის მიერ განათლების სფეროში ბიზნესების მხარდაჭერა და რა არის თქვენი მიზანი?

საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. კარგად გვესმის, რომ უკეთეს მომავალს განათლება ქმნის. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სექტორს უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და ვეხმარებით მას განვითარებაში როგორც საბანკო სერვისებით, ისე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით და სექტორული კვლევებით.

როგორია თქვენი პორტფელი განათლების მიმართულებით და რა მოლოდინი გაქვთ?

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ, მათ შორის არის საქართველოს ბანკის იდეათეკა – მულტიფუნქციური განათლების სივრცე რეგიონის სკოლებში; საქართველოს ბანკის ინიციატივითა და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM-ის სკოლის პროექტი; სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სხვა. შესაბამისად, ჩვენი პორტფოლიოს პროექტების ძირითადი ნაწილი მიმართულია იმისკენ, რომ მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლონ.

საქართველოში განათლების სექტორის შემოსავლებმა 2022 წელს 2,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 10,5%-ით მეტია. 2022 წელს განათლების სექტორზე სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დანახარჯების მოცულობა 2.3 მილიარდი ლარი იყო. მისი ძირითადი ნაწილი ზოგად განათლებაზე მოდიოდა (44,9%), სკოლამდელ განათლებაზე – 17,7%, უმაღლეს განათლებაზე – 6,3%, ხოლო დანარჩენი ზოგად და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადანაწილდა. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სექტორზე გაწეულმა დანახარჯებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 3,7% შეადგინა, რაც ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 5,1%-ს უტოლდება.

ჩვენი მოლოდინია, რომ საშუალოვადიან პერიოდში განათლების სექტორი წლიურად 8-10%-ით გაიზრდება, რაც განპირობებული იქნება გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსებით და მზარდი მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, აქტიურ რეჟიმში გავაგრძელოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უფრო მეტად განვითარება, ხელი შეუწყონ განათლების ხარისხის ამაღლებას, დიდი რაოდენობით სტუდენტების მოზიდვას რეგიონის მასშტაბით და თანამედროვე პროფესიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ვინ არიან თქვენი კლიენტები და რას გულისხმობს მათთან თანამშრომლობა? რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს ბანკს განათლების სექტორთან მიმართებით?

საქართველოს ბანკის პრიორიტეტი როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გვესმის შემეცნებით რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ.

ზოგადი განათლების მხარდაჭერა, სექტორის მასშტაბიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო სეგმენტის მიერ ხორციელდება, კორპორაციულ სეგმენტში კი უფრო დიდ სკოლებსა და უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მსხვილი საგანმანათლებლო ინსტიტუტი და მათთან თანამშრომლობით ახალგაზრდებს განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ. ამასთან, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივ პროექტებზე, იქნება ეს სივრცეების მოწყობა, მათი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა (მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში) თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის მხარდაჭერა, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და სხვა.

რა კონკრეტული ინიციატივები და პროექტები განახორციელა საქართველოს ბანკმა განათლების სფეროში ბიზნესის მხარდასაჭერად?

საქართველოს ბანკი უნივერსიტეტებსა და სკოლებს სხვადასხვა ფინანსურ შესაძლებლობასა და სერვისს სთავაზობს, რომელთაც ჩვენი მომხმარებლები ახალი სასწავლო დაწესებულებების ასაშენებლად, ტექნოლოგიებისა თუ ინვენტარის გასაახლებლად იყენებენ.

ამასთან, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს პარტნიორი სკოლებისა და უნივერსიტეტების პროექტებსაც, რომლებიც ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და შემეცნების ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად – იქნება უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობა, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა თუ სხვა.

ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს სკოლებსა და უნივერსიტეტებს, კიდევ უფრო გამსხვილდნენ, შექმნან კონკურენტული ინფრასტრუქტურა და ამასთან, ხელმისაწვდომი გახადონ ხარისხიანი განათლება.

ამ მიზნით საქართველოს ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობთ უნივერსიტეტებში სამედიცინო მიმართულების გაფართოების ხელშეწყობაზე. მაგალითად, ჩვენი პორტფელის ერთ-ერთი გამორჩეული და ბოლოდროინდელი პროექტი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ სამედიცინო მიმართულებისთვის ახალი კამპუსის დამატება იყო. ამასთან, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა რეგიონში გამორჩეული ინფრასტრუქტურისა და ინტერიერის მქონე კამპუსი ააშენა.

როგორ უწყობს ხელს ეს პროექტები და ინიციატივები განათლების სექტორის ზრდას და განვითარებას?

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი სტუდენტი, გაზარდოს მიღების მოცულობა და ამასთან, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც განათლების ჰაბის მიმართ რეგიონში ინტერესის ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება სკოლებს, ბოლო პერიოდში დავაფინანსეთ ევროპული სკოლის გაფართოების პროექტი, განხორციელებულმა ინვესტიციამ სკოლას შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვნად გაეზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. საქართველოში მხოლოდ 11 კერძო სკოლაა, რომელთაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, კერძო სკოლების 62%-ს – 250-ზე ნაკლები, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ აქტიურად გაგრძელდება კერძო სკოლების შერწყმა და გამსხვილება, მასშტაბის ეკონომიის მიზნით.

რა არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც საქართველოს ბანკი ხელმძღვანელობს განათლების სფეროში ბიზნესებთან თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერისთვის?

საქართველოს ბანკის მიერ საგანმანათლებლო სექტორში ბიზნესის მხარდაჭერისათვის აუცილებელ პირობას ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მათი სეგმენტაცია, ორგანიზაციული სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ფინანსური მდგრადობა წარმოადგენს.

როგორ ზომავს საქართველოს ბანკი განათლების სექტორში მხარდაჭერილი ბიზნესის წარმატებას და როგორ საზღვრავს იმას, რომ ეს მხარდაჭერა მოიტანს მდგრად და გრძელვადიან სარგებელს როგორც განათლების სექტორისთვის, ისე ბანკისთვის?

სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმატების შეფასებისთვის, ჩვენ განსხვავებულ საზომებს ვიყენებთ. კერძო სკოლების შემთხვევაში ეს არის მათი გამსხვილების და, ამასთანავე, წილის ზრდის მაჩვენებელი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების პარალელურად. უნივერსიტეტის შემთხვევაში კი მთავარი საზომი უცხოენოვანი პროგრამების რაოდენობისა და მრავალფეროვნების ზრდაა. თუმცა უნივერსიტეტებისა და სკოლების შემთხვევაში საერთო საზომსაც ვიყენებთ – ეს სტუდენტებისა და მოსწავლეების რაოდენობის წლიდან წლამდე ზრდაა.

საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო სექტორში მიმართულია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერისკენ, რომლებიც ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებით დაინტერესებას და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჩვენ ამბიციური მიზანი გვამოძრავებს – გვსურს, საქართველო რეგიონში განათლების ჰაბად ვაქციოთ. რაც გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ფინანსური მდგრადობა და სექტორის ზრდა ხელს უწყობს განათლების სექტორში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას, რაც ბოლო პერიოდში უკვე შესამჩნევია.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, რა დამატებით სერვისებს სთავაზობს საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ბიზნესს? როგორ ეხმარებით სკოლებსა და უნივერსიტეტებს განვითარებასა და წარმატებაში?

ფინანსური სერვისის გარდა, საქართველოს ბანკი განათლების სექტორს სთავაზობს პერიოდულ კვლევებს, რომლებიც ეხმარება მათ, უფრო ეფექტიანად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, განსაზღვრონ სამოქმედო სტრატეგია, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, განახორციელონ მარკეტინგული აქტივობები. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზების პროცესში, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა თუ სასტიპენდიო ინიციატივების კუთხით, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების დონის ამაღლებისკენ.

რა როლს ასრულებს კერძო სექტორი, მათ შორის, საბანკო ინდუსტრია განათლების სფეროში პოზიტიური ცვლილებების კუთხით და როგორია ამაში საქართველოს ბანკის წვლილი?

საგანმანათლებლო სექტორისთვის საბანკო სერვისების შეთავაზების გარდა, საქართველოს ბანკი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, ამასთან, გაიღრმაონ ცოდნა STEM-მეცნიერებების მიმართულებით და აიმაღლონ ეკონომიკური ცნობიერება. შესაბამისად, საქართველოს ბანკის გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის შექმნას განათლების შესაძლებლობა როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოგვიყევით საერთაშორისო პროექტებზე – თქვენ სასტიპენდიო პროგრამებით სტუდენტებს აშშ­-­სა და ევროპაში სწავლის შესაძლებლობას აძლევთ.

საქართველოს ბანკი სამი ძირითადი სასტიპენდიო პროგრამის, კერძოდ – ფულბრაიტის, ჩივნინგის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მხარდამჭერია. აღნიშნული პროგრამების მეშვეობით, ყოველწლიურად ათობით სტუდენტს ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა რვა საუკეთესო სტუდენტი. წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული შეემატა. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამით დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში განათლება ოცდასამმა გამორჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო, მალე წლევანდელი სამი გამარჯვებული გამოვლინდება და ისინიც დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან სასწავლებლად. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი საქართველოს ბანკისა და MASE-ის 100%-იანი დაფინანსებით ბერლინის Miami Ad School Europe-ში ორმა სტუდენტმა Art Direction-ისა და Copywriting-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე გააგრძელა სწავლა. წელს მათ კიდევ ერთი სტუდენტი შეუერთდება.

რაც შეეხება განათლების შესაძლებლობებს სკოლის მოსწავლეებისთვის – რა პროექტები გაქვთ ამ მიმართულებით?

ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი საქართველოს ბანკის იდეათეკაა – მულტიფუნქციური განათლების სივრცე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და შესაძლებლობას აძლევს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრებ 7000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეთ წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. ამასთან, თითოეულ ლოკაციაზე განთავსებულია 2000-მდე წიგნი და საგანმანათლებლო რესურსი: სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, კომპიუტერები, პროექტორები და შემეცნებისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტები.

მომავლის პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისა და STEM-მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს. პროექტში 201 მოსწავლე მონაწილეობს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ საუკეთესო შედეგის მქონე 63 ახალგაზრდას საქართველოს ბანკი სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად უფინანსებს.

გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფინანსებთ სხვადასხვა ოლიმპიადას, ფესტივალს და გამოფენას. წელს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა. რთული, რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი პროცესის გავლის შემდეგ ნახევარფინალში 230 მოსწავლე გადავიდა, მათგან ათი საუკეთესო შედეგის მქონე ფინალისტი გამოვლინდა, ხოლო საბოლოო რაუნდში ხუთი გამარჯვებული შეირჩა, რომლებიც სლოვაკეთში გაემგზავრებიან 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან საასპარეზოდ.

რა არის თქვენი როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სამომავლო გეგმები განათლების სექტორში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით?

საქართველოს ბანკის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პორტფოლიო მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოიფარგლება. მომავალში ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი ინიციატივის განხორციელებასა და მხარდაჭერას, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა. ჩვენი საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზანია, უნივერსიტეტებს დავეხმაროთ ზრდასა და განვითარებაში, რათა საქართველო რეგიონში განათლების ჰაბად პოზიციონირდეს. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გამსხვილებას, რაც მნიშვნელოვანია მათი მდგრადი და გრძელვადიანი წარმატებისთვის.

Comments are closed.