„საქართველოს ბანკი“ აქციონერებზე 197 მილიონი ლარის დივიდენდის გადანაწილებას განიხილავს

„საქართველოს ბანკი“ აქციონერებზე 197 მილიონი ლარის დივიდენდის გადანაწილებას განიხილავს

სააქციო  საზოგადოება „საქართველოს ბანკი“ აქციონერებზე 2023 წლის შუალედური მოგების, ჯამში 196,956,177 ლარის გადანაწილებას გეგმავს. დივიდენდი თითო ჩვეულებრივ აქციაზე 7.0383 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ბანკის წლიური საერთო კრების მოწვევის შესახებ გავრცელებული შეტყობინებიდან ხდება.

შუალედური დივიდენდის გაცემაზე „საქართველოს ბანკი“ წლიურ საერთო კრებაზე იმსჯელებს. კრება 2023 წლის 19 სექტემბერსაა ჩანიშნული. მოწვევის თარიღისთვის, ბანკის მიერ გამოშვებულ და განთავსებულ აქციათა საერთო რაოდენობა 27,993,660 ცალ ჩვეულებრივ აქციას შეადგენს, საიდანაც 10,173 სახაზინო აქციაა.  კრებაზე მოწვეული აქციონერები 27,983,487 ხმის უფლების მქონე აქციას ფლობენ.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ 2023 წლის 9 სექტემბერია განსაზღვრული.  საერთო კრების დღის წესრიგი 2023 წლის შემოკლებული შუალედური კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებას, შუალედური მოგების გადანაწილებას, დივიდენდების სააღრიცხვო თარიღისა და გაცემის დაწყების თარიღის დადგენასა და „საქართველოს ბანკის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებას მოიცავს.

საერთო კრებისთვის შეთავაზებული წინადადებებით, 2023 წლის შუალედური დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად 2023 წლის 25 სექტემბერი, ხოლო შუალედური დივიდენდის გაცემის თარიღად, მიმდინარე წლის 26 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

ცნობისთვის, სს „საქართველოს ბანკის“ 2023 წლის შემოკლებული შუალედური კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება, ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი 2023 წლის 31 აგვისტოდან იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *