იფიქრე (მართლა!) მცირე მასშტაბში

იფიქრე (მართლა!) მცირე მასშტაბში

სოციალიზმი  მუშაობს!  ასე  დაწერა  მენეჯმენტის  გურუმ,  ტომ პიტერსმა,  FORBES ASAP-ში, 1990-იანებში.  გეცინებათ?  კარგი,  თქვენ ნახევრად  მართალი  ხართ. სოციალიზმი  მუშაობს,  მაგრამ  მხოლოდ  ძალიან  მცირე  რიცხვების  შემთხვევაში  – ის არ მასშტაბირდება. 

იგივე  ვრცელდება  ბიზნესგუნდებზე.  ნებისმიერი  ტიპური  მაგალითი  წარმოვიდგინოთ:  კვლევა,  პროდუქტის  გამოგონება,  მარკეტინგი  ან გაყიდვების  კამპანია.  გუნდი,  სადაც  ყველა  გულშემატკივრობს  პროექტსაც  და ერთმანეთსაც,  თითქმის  ყოველთვის  სჯობნის  მარტო  მომუშავე,  თუნდაც  ბრწყინვალე  სპეციალისტს.  მაგრამ  გუნდი  უნდა  იყოს პატარა  – მართლა  პატარა  – თორემ  გუნდურობა  დაბრკოლებად  იქცევა. 

ეს ახალი  იდეა არაა.  ძველ რომში  რაზმი  იმდენი  ჯარისკაცისგან  შედგებოდა,  რამდენსაც  საბრძოლო  შეტაკებისას  ადვილად  შეეძლო  მეთაურის  ბრძანებების  გაგება.  რაზმის  ზომა  ასევე  განისაზღვრებოდა  ჯარისკაცების  რაოდენობით,  რომელიც  სტანდარტულ  კარავში  ეტეოდა  (8). ორი ათასი  წლის  შემდეგ,  Amazon-ის დამაარსებელი  და აღმასრულებელი  დირექტორი,  ჯეფ  ბეზოსი  საუბრობს  „ორი პიცის  წესზე“,  როგორც  გუნდის  ზომის  განსაზღვრის  კანონზე. “თუ გუნდის  დასანაყრებლად  ორ პიცაზე  მეტია  საჭირო,  გუნდი  ზედმეტად  დიდია”,  – ამბობს  ბეზოსი. 

რომაული  ლეგიონის  რაზმისა  და ამაზონის  „დამრტყმელი“ გუნდების  მსგავსი  ზომები  მხოლოდ  დამთხვევა  არაა.  თვით ადამიანის  გონების  ბუნებაც  – განსაკუთრებით,  მოკლევადიანი  მეხსიერება  – ფსიქოლოგ  ჯორჯ მილერის  ცნობილი  სიტყვებით,  „ჯადოსნური რიცხვი  შვიდი,  პლუს მინუს  ორის“  გარშემო  ბრუნავს.  ადამიანის  მოკლევადიან  მეხსიერებას  ინფორმაციის  ხუთიდან  ცხრამდე  ერთეულის  დაფიქსირება  და შენახვა  შეუძლია.  გაიხსენეთ  საფოსტო  ინდექსები.  ტვინს ამ შესაძლებლობების  გასაძლიერებლად  ხრიკების  შეზღუდული  არჩევანი  აქვს (აქედან ერთ-ერთი  მონაცემების  მცირე  კონებად  დაქუცმაცებაა.  მაგალითად,  ტელეფონის  წარმოდგენა  სამციფრიანი  ადგილობრივი  კოდის,  სამციფრიანი  პრეფიქსისა  და, ბოლოს,  ოთხციფრიანი  პირდაპირი  ნომრის  სახით). 

ანუ, მცირე  გუნდების  ოპტიმალური  ზომა  იგივეა,  რაც ჩვენი  ტვინის  მოკლევადიანი  მეხსიერების  ეფექტიანობის  დიაპაზონი.  ჩვენი  გონება  საუკეთესოდ  სწორედ  ამ ზონაში  მუშაობს:  შვიდს პლუს-მინუს  ორი. ამის  ქვევით,  გუნდისგან  ხშირად  რჩება  წყვილი  ან სამეული;  ამის ზევით,  გუნდში  კომუნიკაცია  მოშლას  იწყებს. მაინც  რა მიზეზით  ირევა  ყველაფერი  ორპიციანი  გუნდის  ზომის  მიღმა? 

შეუძლებელი  კავშირების  რთული  მათემატიკა 

პასუხი  ქსელების  მათემატიკაშია.  ამ ფაქტორის  სიმძლავრე  რომ გავიაზროთ,  შევხედოთ,  როგორ  მრავლდება  გუნდში  კავშირების  ჯამური  რაოდენობა  წევრების  რაოდენობის  ზრდასთან  ერთად: 

2 წევრი  = 1 კავშირი 

3 წევრი  = 3 კავშირი 

4 წევრი  = 6 კავშირი 

5 წევრი  = 10 კავშირი 

6 წევრი  = 15 კავშირი 

16 წევრი  = 256 კავშირი 

32 წევრი  = 1,024 კავშირი 

მცირე  რიცხვების  შემდეგ  ფორმულა  N2-ში გადადის,  სადაც  N გუნდის  წევრების  რაოდენობაა.  ქსელის  სირთულე  ბევრად  სწრაფად  იზრდება,  ვიდრე  გუნდის  წევრების  რაოდენობა.  1,500 წევრის  პირობებში  ($500-მილიონიანი მოგების  მქონე  კომპანიის  ტიპური  ზომა)  კავშირების  რაოდენობა  2.25 მილიონს  აღწევს.  და  ეს ქმნის მარტივ  დაბრკოლებას.  ადამიანებს  კავშირების  ბევრად  მცირე  რაოდენობის  დამყარება  შეუძლიათ  (და კიდევ  უფრო  ნაკლების  – შენარჩუნება).  ამიტომაა,  რომ გუნდის  ზრდასთან  ერთად,  ურთიერთობების  ხარისხი  სწრაფად  მცირდება. 

ჩვენს უმრავლესობას  არ უჭირს ხუთ ან ექვს ადამიანთან  მუდმივი  კავშირის  შენარჩუნება,  მაგრამ  ათზე  მეტთან  ეს გაცილებით  რთული  ხდება.  50-თან? არც  იოცნებოთ.  იმ იშვიათ  ადამიანებსაც  კი, ვისაც  სახეებისა  და სახელების  ფოტოგრაფიული  მეხსიერება  აქვთ,  არ შეუძლიათ  ამ ზომის  გუნდებთან  ისეთივე  ხარისხის  კომუნიკაცია,  როგორიც  5-6 ადამიანთან.  სოციალური  ქსელების,  ეს-ემ-ესებისა  და ვიდეოკონფერენციების  მსგავსი  ინსტრუმენტებითაც,  არ გვაქვს დრო და უნარი,  ასეულობით  ან ათასობით  ახლო,  პერსონალური  კონტაქტი  შევინარჩუნოთ. 

ესაა,  რატომაც  უფრო  დიდი  გუნდი  თითქმის  არასოდეს  ნიშნავს  წარმატების  მეტ შანსს. ამიტომაც  მარცხდება  სოციალიზმი,  როდესაც  საქმე  ათზე  მეტ ადამიანს  ეხება. ამას ნაკლები  საერთო  აქვს იდეოლოგიასთან  და  მეტი  – შეუძლებელი  კავშირების  მათემატიკასთან.

რიჩ კარლგაარდი FORBES-ის გამომცემელია. მისი ბოლო წიგნი, “რბილი უპირატესობა: სად პოულობენ დიდი კომპანიები გრძელვადიან წარმატებას”, აპრილში გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *