ირანის იერიში ისრაელზე | დრონებისა და რაკეტების 99% განეიტრალდა

ირანის იერიში ისრაელზე | დრონებისა და რაკეტების 99% განეიტრალდა

ღამით ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით Shahed 131/136 ტიპის 400-მდე დრონი და რამდენიმე ათეული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. თუმცა, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, ავიაციის, ასევე აშშ-ისა და ბრიტანეთის ავიაციისა და იორდანიის ჰსთ სისტემების დახმარებით, გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ის გადაჭერა და განეიტრალება მოხერხდა.

თავდაცვით ზღუდეების გარღვევა რამდენიმე ერთეულმა დრონმა და ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო. მათი ნაწილი ისრაელის სამხრეთით, ნეგევის უდაბნოში არსებულ რამონის სამხედრო ბაზაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი დაუსახლებელ პუნქტებში. ჯერჯერობით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება იორდანიაში 3 დაღუპულის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ განეიტრალებული Shahed-ების ნაწილების ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ.

ირანის თავდასხმის გამო საკუთარი საჰაერო სივრცეები რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფომ დახურა. ფრენები გაუქმდა იორდანიის, ისრაელის, ლიბანისა და ეგვიპტის აეროპორტებში. ეგვიპტემ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა, იორდანიამ კი ისრაელს შეტევის მოსაგერიებლად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ირანის მუქარის თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ისრაელს შეტევის მოგერიებაში დაეხმარებოდა მტრად აღიქმებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებაც, რომ ირანიდან გაშვებული დრონებისა და რაკეტების ნაწილი საუდის არაბეთის თავდაცვის სისტემებმაც გაანეიტრალა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, სამიზნეების გასანეიტრალებლად Arrow ტიპის ჰსთ სისტემა გამოიყენეს, რომლის ეფექტიანად მუშაობის დამსახურებით, დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ, იორდანიის, სირიისა და ერაყის საჰაერო სივრცეებში განადგურდა.

გაეროში ირანის წარმომადგენლობის განცხადებით, ირანმა გაეროს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე იმოქმედა, რაც თავდაცვის უფლების გამოყენებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიაში, დამასკოში ირანის დიპლომატიური მისიის რეზიდენციებზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ლიბანისა და სირიის მიმართულებით მეთაური, გენერალი მუჰამად რეზა ზაჰედი, მისი მოადგილე მუჰამად ჰაჯ რაჰიმი და IRGC-ს კიდევ 5 წევრი ემსხვერპლა. მომხდარის შემდეგ ირანმა მუქარა გაავრცელა, რომ დაღუპულთა გამო შურს იძიებდა, მას შემდეგ, რაც გლოვა დასრულდებოდა. შესაბამისად, ეს დღეები რეგიონი ირანის საპასუხო იერიშის მოლოდინში იმყოფებოდა. გუშინ, დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა სწორედ დღეს უნდა მომხდარიყო, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ისრაელიც.

დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გაშვების შემდეგ, გაეროში ირანის წარმომადგენლობის განცხადებით, საპასუხო იერიში დასრულდა. ირანმა ისრაელი და მისი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ პასუხის გაცემისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მძლავრ იერიშს განახორციელებენ.

თავის მხრივ, საპასუხო შეტევის გარდაუვალობა დაადასტურა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის დაიწყებს ისრაელი ირანულ სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული პროგრამის სამიზნეებზე იერიშის მიტანას, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამის შესახებ დასავლელ პარტნიორებსაც ეცნობათ.