ირანის თქმით, აშშ-ის შემოთავაზებას განიხილავენ, თუმცა მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის თქმით, აშშ-ის შემოთავაზებას განიხილავენ, თუმცა მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ფოტო: AP Photo/Vahid Salemi

 

ოფიციალური თეირანის განცხადებით, აშშ-ის წარდგენილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმაზე მსჯელობენ, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებების დაწყების განზრახვა არა აქვთ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ გავრცელებულ განცხადებას ეწინააღმდეგება. ტრამპის თქმით, ირანს შეთანხმების მიღწევა და ცეცხლის შეწყვეტა სურს.

კონტრადიქტორული განცხადებები ომის მიმდინარეობის თითქმის ერთი თვის თავზე ვრცელდება, მაშინ როდესაც ირანზე თავდასხმებმა და ირანის საპასუხო დარტყმებმა გლობალურ ეკონომიკას უკვე უდიდესი ზარალი მიაყენა, გარდაცვლილთა რიცხვი კი რამდენიმე ათასს გასცდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შუამავლების საშუალებით აშშ-მა და ირანმა გარკვეული მესიჯები გაცვალეს. „მესიჯები მეგობრული სახელმწიფოების შუამავლობით იცვლება და ჩვენი მხრიდან ჩვენი პოზიციების გაცნობა და აუცილებელი გაფრთხილებების მიცემა დიალოგად ან მოლაპარაკებად ვერ ჩაითვლება“, – განმარტა აბას არაღჩიმ.

თავის მხრივ, ირანელების მხრიდან მოლაპარაკებების სურვილზე განცხადება ტრამპმაც გაავრცელა. „მათ სურთ მოლაპარაკებები, მათ ძალიან სურთ შეთანხმების გაფორმება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ამ შემთხვევაში მათ საკუთარი ხალხი დახოცავს, მათ იმისიც ეშინიათ, რომ ჩვენ დავხოცავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპს არ დაუსახელებია, თუ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანის მხრიდან. ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმის ფონზე, რომ 28 თებერვლის შემდეგ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უდიდესი ნაწილი ემსხვერპლა. თავად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმის პირველივე დღეს მოკლეს, მისი შვილი, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი კი ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.